ნაზი ბერიძე
12.01.2024

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობაზე კონსტანტინე გამსახურდია გიორგი კეკელიძეს შეცვლის. თავად კეკელიძე ამბობს, რომ ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ აცნობა. აღაირებს, რომ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოხსნა-კანონით პაპუაშვილის დისკრეციული უფლებამოსილებაა, მაგრამ კეკელიძის თქმით,შედეგი უსამართლოა.

ცხადია, ოპოზიცია ამ საკითხს პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს, ფიქრობენ, რომ მთავრობა არჩევნების წინ ძალაუფლების კონსოლიდაციას ახდენს. სხვების აზრით კი ეს „ზვიადისტების ხმებზე ნადირობაა" და გამსახურდიას ნამუსზე აგდებენ, ასეთი ფორმით დანიშვნას არ უნდა დათანხმდესო.

როდის დაინიშნება გამსახურდია ეროვნული ბიბლიოთეკის თავმჯდომარედ, ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია. თავად გამსახურდია აცხადებს, რომ ამას „გარკვეული დრო" დასჭირდება.

კეკელიძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მას უთხრა, რომ დაკავებული თანამდებობიდან უნდა წავიდეს, რადგან „11 წელი ბევრია".

„პარლამენტის თავმჯდომარე შემხვდა და მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან, რადგან 11 წელი ბევრია, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვმუშაობდი და განახლების დროა. მე მშვიდად ვუთხარი, რომ იურიდიულად ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ არსებობს სხვა სამართალი და ამ სამართლით, ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა," - წერს კეკელიძე ფეისბუქზე.

პაპუაშვილის თქმით, ახსნაც კი არ სჭირდება იმას თუ რამდენად კომპეტენტური იქნება კონსტანტინე გამსახურდია აღნიშნულ თანამდებობაზე.

„მადლობელი ვარ გიორგი კეკელიძის ყველა იმ კარგი საქმისთვის, რომელიც მან თავის კოლექტივთან ერთად გააკეთა. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, ეს არის საკადრო გადაწყვეტილება, რომელიც მნიშვნელოვანია ეროვნული ბიბლიოთეკის შემდგომი განვითარებისთვის. დამატებით კომენტარს და განმარტებას ამ საკითხთან დაკავშირებით არ ვაპირებ, ვინაიდან საქმე ეხება საკადრო გადაწყვეტილებას, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის მისაღებია", - განაცხადა პაპუაშვილმა.

კითხვაზე მოხდა თუ არა გიორგი კეკელიძის გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკას არაფერი აქვს საერთო პოლიტიკასთან და არც უნდა ჰქონდეს.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა „ინტერპრესნიუსთან" თქვა, რომ „ყველას შეუძლია რაღაც პერიოდში იმსახუროს და რაღაც პერიოდში პოზიციიდან იქნას გათავისუფლებული, მითუმეტეს, ადამიანს არავინ არც შეურაცხყოფით, არც „მგლის ბილეთით" ან ამდაგვარი მოტივაციით არ უშვებს."

როგორც მან აღნიშნა, მოსაზრება, რომ კეკელიძე პოლიტიკური მოტივით გაუშვეს, ოპოზიციის სპეკულაციაა.

„იმის გამო, რომ ვიღაცას რაღაც სამოქალაქო პოზიცია გაგვაჩნია, ეს იყოს მიზეზი იმისა, რომ სტატუს-კვო აბსოლუტურად ხელშეუხებელი უნდა იყოს, ეს მგონი არის სპეკულაცია. „პოლიტიკური მიზნებით გაუშვეს"- ეს არის ოპოზიციის ნარატივი. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც შეიძლება გათავისუფლებული იქნას ან აღარ მუშაობდეს, გამოყენებული იქნება ოპოზიციის მხრიდან პოლიტიკური სპეკულაციისთვის", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ხელისუფლებას გიორგი კეკელიძის, როგორც ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის საწინააღმდეგოდ არაფერი გაუკეთებია, შალვა პაპუაშვილმა მისი დისკრეციული უფლებამოსილებით გადაწყვიტა, როცა გარკვეული ხანი გავიდა, ერთი ადამიანი მეორე ადამიანით უნდა შეცვალოს, ამაში პოლიტიკური სარჩული არ უნდა ვეძებოთ, - თქვა პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ.

„ქართული ოცნების" მიერ გადადგმული ნაბიჯი გიორგი კეკელიძის მიმართ, რა თქმა უნდა, არის პოლიტიკური ნაბიჯი და წინასაარჩევნოდ მიღებული რეპრესიული გადაწყვეტილება," - ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დავით ხაჯიშვილმა „ინტერპრესნიუსთან" განაცხადა. მისი შეფასებით, აბსურდული იყო მიზეზი, რის გამოც კეკელიძე დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

„ეს არის წინა საარჩევნოდ რეპრესიების გაგრძელება, იმ რესურსის გამოყენების მცდელობა. ასევე, აბსურდული იყო მიზეზი თუ რატომ გაუშვეს, თურმე 11 წელი ყოფილა დირექტორი. 12 წელია ხელისუფლებაში ივანიშვილია და რატომ არ მიდის მაშინ? ეს არის აბსურდული მიზეზი და ალბათ, ილია ჭავჭავაძესაც არ მოეწონებოდა ის ნაბიჯი, რაც გადადგა დღეს „ქართულმა ოცნებამ" კეკელიძის მიმართ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია დავუკავშიროთ პოლიტიკურ ნაბიჯს და წინასაარჩევნო რეპრესიებს", - განაცხადა დავით ხაჯიშვილმა.

„პაპუაშვილმა კეკელიძეს უთხრა, კარგად მუშაობ, მაგრამ 11 წელი ბევრია და განახლების დროაო და ეს არაფრისმაქნისები რომ 12 წელი არიან ხელისუფლებაში, კიდევ უნდა იყვნენ?! - კეკელიძის მსგავს ადამიანებს „სუპერ პაკში" ვისურვებდი, ასეთი ადამიანებია საჭირო პოლიტიკაში," - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის"" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ „ინტერპრესნიუსთან" განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, კონსტანტინე გამსახურდიას ადგილზე, ასეთი ფორმით თანამდებობაზე დანიშვნას არ ისურვებდა.

„კეკელიძე გამორჩეული ადამიანია, კეთილსინდისიერი და პროფესიონალი თავის საქმის. ხშირად მეკითხებიან „სუპერ პაკში" როგორი ადამიანები უნდა იყვნენ, ვისურვებდი კეკელიძის მსგავსი კეთილსინდისიერი ადამიანები იყვნენ. ასეთი ადამიანებია საჭიროა, მათ შორის პოლიტიკაში. არჩევნები მოდის და თუ სადმე რაიმე გავლენის ჯგუფია, „ქართული ოცნება" მის კონსოლიდირებას ცდილობს. როგორც ვიცი დადასტურდა, რომ კოკო გამსახურდია უნდა დაინიშნოს, „ქართულ ოცნებას" ახლა ზვიადისტების ხმებზე ნადირობა დასჭირდა, მანამდე სტალინისტების ხმებზე ნადირობდნენ. არ უშველით მათ კოსმეტიკური ცვლილებები, „ქართული ოცნება" განწირულია. რაც შეეხება კოკო გამსახურდიას, ამ ფორმით, მის ადგილზე არ ვისურვებდი თანამდებობაზე დანიშვნას. წესიერი კაცია, ბევრი კარგი საქმე გააკეთა, კარგი იდეები ჰქონდა, ამ ფორმით დანიშვნას რაც შეეხება, თავს ვიკავებ მასთან დაკავშირებით, რადგან უდიდეს პატივს ვცემ ზვიად გამსახურდიას, ამ ოჯახს და არ მაქვს განწყობა რაიმე ნეგატიური ვთქვა ახლა მასზე. თუმცა, მე მის ადგილას არ ვისურვებდი, ამ ფორმით ვინმეს დავენიშნე თანამდებობაზე", - განაცხადა მანჯგალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×