ელზა პაპოშვილი
22.10.2023

15 წლის თეკლას ბურუსით მოცული გარდაცვალება  - რა მოხდა 15 ოქტომბერს ხაშურში, როცა 15 წლის გოგონა კორპუსის ეზოში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ადგილობრივებმა სასწრაფო გამოიძახეს, თუმცა არასრულწლოვანის გადარჩენა ვერ მოხერხდა. დაახლოებით საღამოს 8 საათზე მომხდარ ამ შემთხვევას ფაქტს უშუალო თვითმხილველი არ ჰყავს. ადგილობრივბი „რეზონანსთან“ იხსენებენ, რომ მათ რაღაცის დავარდნის ხმა გაიგეს, გარეთ გამოიხედეს და ავტომობილის ქვეშ მწოლიარე პატარა გოგონა დაინახეს. ახლოს მისულებმა კი მათი მეზობელი ამოიცნეს. 

თეკლას, გვარს შეგნებულად არ ვასახელებთ, რადგან მას ჰყავს ასევე ტყუპის ცალი და უმცროსი და, რომლებიც მომხდარს ძალიან მძიმედ განიცდიან.   

გოგოს სახელი და გვარი ფიგურირებს სექსუალური ძალადობის საქმეში, რომელსაც 2 წლის წინ მედია აშუქებდა. არასრულწლოვანმა საკუთარი ბაბუის წინააღმდეგ მისცა ჩვენება. შსს-მ ბაბუა დააკავა და ის სასჯელს უკვე 2 წელია იხდის. მას 16 წელი აქვს შვილიშვილზე სექსუალური ძალადობის მუხლით აქვს მისჯილი. 

დაკავებული დღემდე დანაშაულს არ აღიარებს და ჯანმრთელობის პროებლემების გამო, მას ციხის საავადმყოფოში მკურნალობენ. დანაშაულის არც გოგონას მამას და მის ნათესავებს სჯერათ. ამიტომ მამა, რომელიც მეუღლესთან გაშორებულია, ამ ხნის განმავლობაში გოგონასთან ვერ კონტაქტობდა. ადგილობრივები გვიყვებიან, რომ გარდაცლილი გოგონას დედას შვილების საზღვარგარეთ წაყვანა სურდა, თუმცა ყოფილმა ქმარმა ამის უფლება არ მისცა.

რა მოხდა თეკლას თავს ამ ორი წლის განმავლობაში, რამაც გოგონას, შესაძლოა, თვითმკვლელობისკენ უბიძგა? ადგილობრივები ფიქრობენ, რომ გოგონამ თავი მოიკლა და ის საცხოვრებელი კორპუსის მე-8 სართულიდან გადმოხტა, სადაც დედასთან და დებთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.  

„დაახლოებით საღამოს 8 საათი იქნებოდა. სკვერში ვიყავი და ხმა გავიგე. რომ მივედი, ბავშვი უკვე უგონო მდგომარეობაში იყო, სიცოცხლის არანაირი ნიშანწყალი არ ეტყობოდა. უშულოდ გადმოხტომის მომენტი არ დამინახავს, მხოლოდ რაღაცის დაცემის ხმა გავიგე. იქით რომ გავიქეცი, ბავში ავტომობილის ქვეშ იწვა. სასწრაფოში დავრეკე, მოვიდა სასწრაფო და  ბავშვი წაიყვანეს, თუმცა იქვე თქვეს მედიკოსებმა, რომ მდგომარეობა ძალიან სავალალო იყო. სავარაუდოდ, უკვე გარდაცვლილი იყო, მაგრამ დედის გამო მაინც გადაიყვანეს საავადმყოფოში. 

რა მოხდა, რა დაემართა ბავშვს - არავინ იცის. ამ მძიმე ამბის შემდეგ ორი წელი იყო გასული. ყველა ვცდილობდით, რომ ბავშვისთვის არაფერი გვეგრძნობინებინა. ვცდილობდით, რომ მისი მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე დავხმარებოდით. დედა სამ შვილთან ერთად აქ, ჩვენს მეზობლად 5 წლის წინ გადმოვიდა საცხოვრებლად. ქმარს გაშორებულია. სწორედ ქმრის მამას უკავშირდება მძიმე ფაქტი. ბავშვს მკურნალობდნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, ბოლომდე ვერ გაუძლო", - ჰყვება გოგონას ერთ-ერთი მეზობელი „რეზონანსთან“. 

ახლა ყველა ექსპერტიზის პასუხების მოლოდნშია, რომელიც  რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი. თეკლა დედის სოფელში დაკრძალეს. სკოლაში ამბობენ, რომ მას მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა არ ეტყობოდა. ის თავის ტყუპისცალ დასთან ერთად სასკოლო პროცესში აქტიურად იყო ჩართული. მომხდარის შემდეგ სკოლაც, მისი მასწავლებლებიც და მეგობრებიც ცდილობდნენ რომ გოგონასთვის არაფერი ეგრძნობინებინათ. ის გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე სკოლაში ჩვეულებრივად იქცეოდა, თუმცა, რა მოხდა ამის შემდეგ, არავინ იცის. სკოლაში გამორიცხავენ, რომ გოგონას ვინმესთან რაიმე კონფლიქტი ჰქონოდა, ან მისი მიმართ ამ მძიმე ფაქტის შესახებ რამე გადაკრული სიტყვაც კი  ვინმესგან ნათქვამი ყოფილიყო. 

რაც შეეხბა გოგონა მამას, ის პოლიციამ უკვე გამოკითხა, თუმცა დეტალები უცნობია. მამა თავიდანვე მიიჩნევდა, რომ გოგონას ფსიქოლოგირუი პრობლემები ჰქონდა და ბაბუასთან დაკავშირებით ყველაფერი გამოიგონა. ასევე მათი ადვოკატი აცხადებდა, რომ ამბავი დედამ გამოიგონა, რათა ქმარზე და მის ნათესავებზე შური ეძია.

„განზრახ გადმოხტა ბავშვი თუ გადმოვარდა, ჯერჯერობით ყველასთვის გაუგებარია. ახლა მე-15  წელიწადში იყო  და ხომ არ გაიაზრა ამ ბავშვმა ეს ამხელა სტრესი... 

მეხის გავარდნასავით იყო ჩვენთვის, უბნისთვის და ყველასთვის ეს ამბავი. არც იმ კაცისგან მოველოდით ამას, მით უმეტეს შვილიშვილთან. ჩვენთვისაც ძალიან დაუჯერებელი ამბავია დღემდე. ეს კაცი ზედ იყო შვილიშვილებზე გადაკლული. თავად ბაბუა ცუდად არისო და გულის პრობლემების გამო, მგონი, ციხის საავადმყოფოში მკურნალობენ, ზუსტად არ ვიცი, ასე ამბობენ. ამიტომ ძალიან მძიმე და ბუნდოვანი ამბავია“, - ამბობს გარდაცვლილი გოგონას მეზობელი „რეზონანსთან“. 

 15 წლის თეკლას გარდაცვალების საქმეს ხაშურის პოლიცია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×