ელზა პაპოშვილი
19.10.2023

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ირანელ სტუდენტს და ადგილობრივს შორის  სიტყვიერი დაპირისპირება იქამდე მივიდა, რომ უნივერსიტეტში საქმის გარჩევა სროლაში გადაიზარდა. 

როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, საქართველოს მოქალაქეს  და ირანელ სტუდენტს შორის ჩხუბის მიზეზი მანქანის არასწორი პარკინგი გახდა. ადგილობრივმა შენიშვნა მანქანის მფლობელ სტუდენტს მისცა, რომელმაც მეგობრებთან ერთად საქმის გასარჩევად მამაკაცს მოგვიანებით სახლში მიაკითხა. დაპირისპირების ეპიცენტრმა კი საცხოვრებელი სახლიდან უნივერსიტეტის ეზოში გადაინაცვლა. 

სავარაუდოდ, ადგილობრივი ქართველი შემდეგ, მეგობრებთან ერთად, ირანელს სტუდენტს სასწავლებელთან იარაღით მიუვარდა.  სროლის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა სტუდენტებში პანიკა და დაბნეულობა გამოიწვია.  

ექსპერტ-კრიმინალისტები სტუდენტებს კითხავენ, რომელთა ნაწილი ინციდენტის დროს ლექციებზე იჯდა, ნაწილი კი ეზოში იმყოფებოდა. გამოკითხვები მიმდინარეობს გლდანი-ნაძალადევის რაიონულ განყოფილებაში.

„პანიკა  თემქაზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მას შემდეგ დაიწყო, რაც სროლის ხმა გავიგეთ. შეგვეშინდა და  სტუდენტები თავის გადარჩენას აუდიტორიებიდან და დერეფნებიდან  გაქცევით ვცდილობდით. მერე გაირკვა, რომ შეირაღებული ჯგუფი უნივერსიტეტის შენობაში შეიჭრა და ირანელ სტუდენტებს  ეძებდა, ვისთანაც ანგარიშსწორებას გეგმავდნენ. თურმე ავტომობილის პარკინგის გამო, ირანელ სტუდენტს და ადგილობრივ მაცხოვრებელ კაცს შორის ჩხუბი მომხდარა და ამის შემდეგ ეს ირანელი ბიჭი მეგობრებთან ერთად მასთან საქმის გასარჩევად სახლში მისულა. ამაზე ეს კაცი გაბრაზდა და ახლა იარაღით თავად მოუვარდა ამ სტუდენტს. პოლიცია გამოიძახეს და ყველას კითხავენ. სხვა დეტალები ჩვენც არ ვიცით“, - ჰყვება ერთ-ერთი სტუდენტი „რეზონანსთან“. 

კიდევ ერთი თვითმხილველი კი, რომელიც იქვე ავტოგასამრთ სახელოსნოში მუშაობს, ამბობს, რომ მამაკაცს სტუდენტისთვის ცუდად არაფერი უთქვამს. უბარლოდ უთხრა, რომ მისი  სახლის წინ აჩერებდა და ხელს შეუშლიდა. ამაზე განაწყენებულმა ირანელმა ახალგაზრდამ კი მეგობრებთან ერთად ეზოში მიაკითხა და დაპირისპირება იქ გაგრძელდა. 

„ამ კაცს ცუდად არაფერი უთქვამს. უბრალოდ შენიშვნა მისცა, აქ აღარ დააყენოვო. მის ეზოსთან  აყენებდა მგონი და ამაზე წაკამათდნენ. ეს სტუდენტი უნივერსიტეტში ავიდა და იქიდან თავისი მეგობრები მოიყვანა. 50-მდე კაცი იქნებოდა და კაცს სახლში მიუცვივდნენ. ამან ალბათ მეგობრებს დაურეკა და მერე ეს მიუვარდა. ასე როგორ შეიძლება, შიშით შენიშვნა ამათ ვეღარ უნდა მისცეს კაცმა, როცა მისი სახლის წინ ავტომობილს აჩერებენ? იარაღი არ ვიცი, ვის ჰქონდა, ეს კაციც უპატრონო ხომ არაა, მანაც მეგობრებს დაურეკა და ალბათ დასალაპარაკლებად მივიდა. ქართველებს ჰქონდათ თუ ირანელებს იარაღი, არ ვიცი“, - ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×