ელზა პაპოშვილი
13.10.2023

მარნეულში  38 წლის ახალგაზრდა მამაკაცი მაშინ მოკლეს, როცა ის მეჩეთიდან გამოდიოდა. როგორც ადგილობრივები ყვებიან,  ახალგაზრდა კაცს ჩაუსაფრდნენ და ნიღბიანმა პირმა, მას 4ჯერ ესროლა. ხოლო მიწაზე წაქცეულს საკონტორლო გასროლა გაუკეთა. 

სროლის ხმაზე ქუჩაში გამოსულ ადგილობრივებს მიწაზე სისხლში მოსვრილი ახალგაზრდა კაცი დახვდათ, რომელიც უკვე გარდაცვლილი იყო. მათი თქმით, რასიმ კარაჰმაზლი მეტალო-პლასტმასის  საამქროში მუშაობდა, ამიტომ ფულის  ან ბიზნესის  გამო მკვლელობა გამორიცხულია. თუმცა პირადი მოტივით შურისძიებას არ გამორიცხავენ. 

პოლიციამ მარნეულის ცენტრიდან კამერების ჩანაწერები ამოიღო, თუმცა  როგორც გაირკვა, 38 წლის მამაკაცს, ოთხი ტყვია ნიღბიანმა თავდამსხმელმა ესროლა, ამიტომ დამნაშავის იდენტიფიცირება პოლიციას უჭირს.  ეს გარემოება  ძებნის ოპერაციას კიდევ უფრო ართულებს. გარდაცვლილის ოჯახი სავარაუდო მკვლელზე ინფორმაციას არ  ფლობს,  თუმცა მის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ. 

როგორც ადგილობრივები ამბობენ, სავარაუდო ეჭვმიტანილი 40 წლამდე მამაკაცი უნდა იყოს, რომელიც ადგილიდან გაიქცა. თუმცა  ამბობენ, რომ მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. 

„ეზოში ვიჯექი და სროლის ხმა გავიგე. რომ გამოვედი გარეთ, ის უკვე იწვა. სამი-ოთხი გასროლა იყო. მერე სასწრაფო და პოლიცია მოვიდა. სხვა არაფერი ვიცი. არც გასროლამდე გამიგია რამე. ალბათ რვის ნახევარი ან რვა საათი იქნებოდა. ჩვენ გვერდით სასურსათო მაღაზიაა და იმათ აქვთ სათვალთვალო კამერა. ალბათ უკვე ამოიღეს ჩანაწერები, მაგრამ ამბობენ, რომ თავდამსხმელი ნიღბით იყო, ამიტომ მისი ამოცნობა ვერ შეძლეს. ამ ბიჭს ვისთვის რა უნდა დაეშავებინა, არ ვიცი. ძალიან წყნარი და გაწონასწორებული ადამიანი იყო. ხელოსნად მუშაობდა მეტალოპლასმასის საამქროში, ამიტომ ყველას უჭირს იმის ახსნა, რა მოხდა. უფრო ვვარაუდობთ, რომ პირადი შურისძიება  იყო, მაგრამ ვინ და რატომ, არავის არა აქვს ვერსია. ფაქტია, რომ მკვლელი  პროფესიონალი იყო და ეს შეკვეთილ მკვლელობას  ჰგავს,“ - ყვება ერთ-ერთი ადგილობრივი. 

საქმეზე კი გამოძიება სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.   

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×