ელზა პაპოშვილი
10.10.2023

14 წლის გოგონას მკვლლეობაში ბრალდებული ასიმ ასლანოვი სამდღიანი მიმალვის შემდეგ სპეცდანიშნულების რაზმმა იორმუღანლოს ტყეში აიყვანა. შეიარაღებულ თავდამსხმელს ხელბორკილები მაშინ დაადეს, როდესაც იმ სოფელში დაბრუნებას აპირებდა, სადაც 14 წლის მეუღლე ჩაცხრილა.

27 წლის კაცს ახლა უვადო პატიმრობა ემუქრება. ის გლდანის ციხეში სამარტოვო საკანში გადაიყვანეს. ახლა საინტერესოა, დაიწყება თუ არა სამართლებრივი მოქმედებები იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც იცოდა, რომ 14 წლის გოგონა იძლებით ქორწინებაში იმყოფებოდა, თუმცა დანაშაული დაფარა და პოლიციას 2 თვის განმავლობაში არ მიმართა.  

9 ოქტომბერს, თელავის რაიონულმა სასამართლომ ასიმ ასლანოვს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა და აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

საგარეჯოში, სოფელ ლამბალოში 14 წლის გოგო ე.წ.  ქმარმა 6 ოქტომბერს მოკლა. გოგონა წარმოშობით დმანისის სოფელ მამიშლოდან იყო. ის 2 თვეა რაც გაათხოვეს, თუმცა არასრულწლოვანი ქორწინების წინააღმდეგი იყო და მთელი ამ პერიოდის მანძილზე სახლიდან თავის დაღწევას ცდილობდა. 

ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული სამი ჭრილობისგან 14 წლის გოგონა ადგილზე გარდაიცვალა. 

დაკავებული ასიმ ასლანოვის მამა დაკავების პეცოპერაციის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ მომხდარიდან სამი დღის შემდეგ მისი შვილი თავად ჩაბარდა პოლიციას. 

„დააკავეს, ასე იძახიან. თვითონ მოდიოდა პოლიციასთან და მაგ დროს დაიჭირეს, თვითონ ჩაბარდა. სად იყო სოფელში, იყო ტყეში, არ ვიცი სხვა დეტალები. ჩვენც არ ვიცოდით, სად იმყოფებოდა. პოლიცია ყველგან ეძებდა, მაგრამ ბოლოს ჩაბარება თავად გადაწყვიტა. ის იარაღიც, რაც ჰქონდა, თავად ჩააბარა“, - ამბობს დაკავებულის მამა.

სოფელში კვლავ საუბრობენ იმაზე, თუ რა გახდა გოგონას მკვლელობის მიზეზი. ამის რამდენიმე ვერსია არსებობს. ადგილობრივები „რეზონანსთან“ ჰყვებიან, რომ ერთ-ერთი ვერსიით, მამაკაცმა ოგონაზე იეჭვიანა და კამათი ამის ნიადაგზე მოუვიდათ. მეორე ვერსიით, კი გოგონა მისგან გაქცევას ცდილობდა და სწორედ ამ დროს ესროლა. ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, კიდევ ვინ იყო ჩართული 14 წლის გოგონას იძულებით ქორწინებაში და რატომ არ შეატყობინეს პოლიციას.   

„ვიცით, რომ გოგონა ჰყავდა გატაცებული. ოჯახმა იცოდა, მაგრამ რატომ არ დარეკა პოლიციაში და რატომ იკავებდნენ თავს, არ ვიცით. 

ეს გოგო საქონლის მოსაძებნად წავიდა მინდორშიო და ბიჭი იქ ჩასაფრებული ყოფილა. ბიჭი მწყემსი იყო და ალბათ გოგო იქ შეათვალიერა. მოუტაცია და სახლში წაუყვანია. 2 თვე ასე ჰყავდა გამოკეტილი. ამბობენ, რომ გაქცევა რამდენჯერმე სცადა, მაგრამ ვერ მოახერხა. ბიჭმა ბიძაშვილის ქორწილის სამზადისის დროს ნათესავებთან წაიყვანა და იქიდან შეეცადა გაქცევას და ამიტომ ესროლა. 

არსებობს მეორე ვერსიაც - რომ გოგოს რადგან არ უნდოდა და არ უყვარდა, ეს ბიჭი ეჭვიანობდა და სწორედ ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა. 

თავად ოჯახმა არ დარეკა პოლიციაში და მეზობლები და ნათესავები მითუმეტეს არ დარეკავდნენ. აქ ჩვენთან არასრუწლოვანის მოტაცება ჩვეულებრივი ტრადიციაა და თუ გოგოს არ სურდა, მაშინ პოლიციაში ოჯახს უნდა დაერეკა“, - ჰყვება ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“. 

მოკლული 14 წლის გოგოს ოჯახი მკვლელისთვის სამუდამო პატიმრობას ითხოვს. აითაჯ შახმაროვას დედა ამტკიცებს, რომ  შვილთან ერთად ძალადობის მსხვერპლი თავადაც იყო და ამის გამო გოგონას გადარჩენა ვერ შეძლო:

„ჩემი შვილი მოიტაცეს. ეს არ მომხდარა ოჯახის თანხმობით. მინდოდა იქ წასვლა, მაგრამ ასე მითხრა ბიჭმა - აქ თუ ჩამოხვალ, მოგკლავო. ახლა კი ხედავთ რა უბედურებაც მოხდა. ჩემი შვილი მოკლა იმიტომ, რომ მისგან წამოსვლა უნდოდა. 

ჩემი გოგო მინდორში წავიდა საქონლის მოსაყვანად, ეს ბიჭი კი იქ იყო დამალული. გოგომ გაქცევა სცადა, მაგრამ დაიჭირა და წიხლები ურტყა. მერე ხეზე მიაბა და ისე სცემა. ნაცემი სახლში მიიყვანა. გოგო ეუბნებოდა - არ მიყვარხარ, 14 წლის ვარ, თავი დამანებე, თორემ 112-ში დავრეკავო, ბიჭმა კი ამოიღო იარაღი და მოკლა. ვითხოვ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ“, - აცხადებს 14 წლის გოგოს დედა. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×