ნაზი ბერიძე
26.07.2023

პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ორ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომლებიც ქვეყნისთვის ორ უმნიშვნელოვანეს სფეროს - სამედიცინო სექტორსა და ინტელექტუალური უფლებების დაცვას ეხება. „რეზონანსი" ჯანდაცვის ექსპერტებს იმ ცვლილებებზე ესაუბრა, რომელიც ჯანმრთელობის დაცვის კანონმდებლობის კამათს იწვევს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორივე დარგის წინაშე არსებული გამოწვევებისა და ახალი საჭიროებების გათვალისწინებით, პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, არ გამოეყენებინა ვეტოს უფლება იმის მიუხედავად, რომ ორივე კანონში შეტანილი ცვლილებები გარკვეულ კითხვებს ბადებს. თუმცა პრეზიდენტი ორივე მიმართულებით სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს.

რაც შეეხება ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონის ცვლილებას, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ „ჯანმრთელობის დაცვის კანონში შეტანილი ცვლილებები სექტორში ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შესაძლო რისკების შემცირებას და ხარისხის კონტროლის გაუმჯობესებას ემსახურება, ორივე მიზანი მისასალმებელია და არა სადავო, თუმცა სექტორის კონტროლის გახშირება და გამკაცრება შეიძლება საქმიანობის შემაფერხებელი აღმოჩნდეს.

„სასამართლოს წინასწარი ნებართვის გარეშე არაგეგმური კონტროლის ჩატარება და გახშირებული გეგმური კონტროლი ადმინისტრაციულ ზედამხედველობას გარკვეულ ბერკეტს აძლევს, რომ თუ მოისურვა, სექტორზე გავლენა მოახდინოს. ამდენად, საჭირო იქნება, რომ ამ ახალი მექანიზმების აღსრულების პირობებს დიდი ყურადღება მიექცეს, რათა არ მოხდეს კანონის შერჩევითი გამოყენება და ცვლილებებმა საფრთხე არ შეუქმნას ჯანდაცვის სექტორის სრულფასოვან და დამოუკიდებელ საქმიანობას."

თვითონ „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებები გულისხმობს იმას, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ეზრდება მაკონტროლებლის უფლებამოსილება. კანონის თანახმად, სამინისტროს წინასწარი შეტყობინების გარეშე შეეძლება ნებისმიერ დროს შეამოწმოს და, თუ საჭიროდ მიიჩნევს, დახუროს ნებისმიერი კერძო თუ სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულება, რომლებიც სამინისტროს კონტროლს ექვემდებარება.

ცვლილებებით განისაზღვრება, რომ სამინისტროს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებელი ხდება და გასაჩივრება მას არ გააჩერებს, თუ სასამართლო არ დაადგენს სხვაგვარად.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი აკაკი ზოიძე „რეზონანსთან" საკანონმდებლო ცვლილებების დადებით და უარყოფით ეფექტებზე საუბრობს.

„მე არ მაქვს აზრი ამასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული. თვითონ ეს კონტროლი რამდენად იქნება გეგმიური, რამდენად თანმიმდევრული, რამდენად იმ მიზნებს მოემსახურება, რომ სამედიცინო მომსახურების ხარისხი მაქსიმალურად გაუმჯობესდეს, მთლიანობაში უნდა ვნახოთ და დავინახოთ, რა პრინციპებს დაეყრდნობა და როგორ იქნება ამ კანონის მუშაობა პრაქტიკაში.

„კონტექსტიდან ამოგლეჯილი ეს მექანიზმი შეიძლება ბოროტადაც გამოიყენო და გამოიყენო იმისთვის, რისთვისაც შექმნილია ეს სისტემა: რომ პაციენტების ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული და სამედიცინო ხარისხი იყოს უზრუნველყოფილი.

„სამინისტრო ამბობს, მას სჭირდება ეს იმისთვის, რომ დროული რეაგირება მოახდინოს პაციენტის საჩივრებზე. ზოგადად, უნდა ჩამოაყალიბონ, ზოგადად რა პროგრამა იქნება ამ რეგულირების და კონტროლის კლინიკური აუდიტი იქნება თუ სამედიცინო ხარისხის კონტროლის მექანიზმი ამ მიმართულებით, როგორ სამუშაოს გასწევს რეგულირების სააგენტო, რომელსაც მიეცა უფლება, რომ შევიდეს (სამედიცინო დაწესებულებებში) სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე. ეს უფლება მას გარკვეულ შემთხვევებში ისედაც ჰქონდა, იგივე ინფექციების დაავადებების კონტროლის კუთხით რეგულაციების შემოწმების მიზნით და ა.შ.

„მე რაც მოვისმინე არგუმენტი, ეს არის, რომ როდესაც ჩივის ოჯახის წევრი, ოპერატიულობისთვის ინახოს, რა მოხდა. იმიტომ რომ სასამართლოში წასვლა და ნებართვის მიღება დროსთან არის დაკავშირებული და, ეს ჩემი მოსაზრებაა, სამედიცინო დაწესებულებამ კორექტივები არ შეიტანოს იმ დოკუმენტაციაში, რომელიც უნდა შემოწმდეს, რომ დავადგინოთ რამდენად დაცული იყო პაციენტის უსაფრთხოება და სამედიცინო დახმარების გაიდლაინი პროტოკოლი თუ რეკომენდირებული მკურნალობა საერთაშორისო სტანდარტებით. ოპერატიულობისთვის იყო ეს მომენტი საჭირო. მეორე ჯარიმების ზომას ეხებოდა, რომ ჯარიმას უნდა ჰქონდეს პრევენციული ხასიათი.

„ეს რეგულაცია კარგად იქნება გამოყენებული თუ ბოროტად, ჯერ ცნობილი არ არის, შეიძლება გამოიყენო კარგად, შეიძლება - ცუდად. ბოროტად გამოყენება შეიძლება იყოს, ზედმეტი შემოწმება და ათვალწუნება ამა თუ იმ სამედიცინო დაწესებულების და ზემოდან არამართლზომიერი და გადაჭარბებული აუდიტი," - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

სამართლიანი ეკონომიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ბექა ნაცვლიშვილი „რეზონანსთან" კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებეზე პოზიტიურ კონტექსტში საუბრობს, ამბობს, რომ ეს არის ერთგვარი კონტროლის მექანიზმი სახელმწიფოს მხრიდან კლინიკებში კორუფციული და მანიპულაციური ქმედებების თავიდან ასარიდებლად.

„უარყოფითი არაფერი არა აქვს მაგ კანონს, არის ცალსახად დადებითი. რეალურად კლინიკები იყვნენ გადაქცეული კომერციულ ორგანიზაციებად და მთელი მათი საქმიანობა იყო კორუფციულ საქმიანობაზე ორიენტირებული. მიზანი იყო არა მკურნალობა, არამედ უპირველეს ყოვლისა კომერციული საქმიანობა - თუ გადახედავთ იმ მოგების მარჟას, რაზეც კლინიკები მუშაობდნენ.

„აქედან გამომდინარე, შემცირდება მათი მოგება, მაგრამ თუ რეგულაციები არ შემოვიდა, შემოწმებასთან ერთად, მაშინ ეს ყველაფერი აზრს დაკარგავს.

„იქ არის უამრავი რეგულაცია, არა მხოლოდ ვთქვათ, როგორ უნდა იყოს დაპროექტებული თვითონ კლინიკა, არამედ სხვა რეგულაციებიც. ფასების რეგულაცია მაგალითად.

„მეორე საკითხი არის თვითონ რეგულაციები მკურნალობასთან დაკავშირებით. რამდენი პაციენტი უნდა მოდიოდეს ერთ ექთანზე, რომ შეძლოს სრულფასოვნად თვალყურის მიდევნება და ზრუნვა პაციენტზე და ა.შ.

„უამრავი რეგულაციაა, რომლის შემოტანის გარეშე, უბრალოდ შემოწმება ბევრი არაფრის მომტანია, მაგრამ შემოწმება რომ მყისიერად შეუძლია და სასამართლოს გარეშე შემოწმება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

„მაგრამ ეს ყველაფერი კეთდება რეალური სტანდარტისთვის და ფასების რეგულირებისთვის, ყველაზე მთავარი არის გაზრდილი ჯანდაცვის ხარჯები. ჯანდაცვის ხარჯები მანამდე არ შემცირდება, სანამ ძირითადი კლინიკები არ იქნება სახელმწიფო, რომლებიც არ იქნება მოგებაზე ორიენტირებული. ასე შემცირდება ხარჯებიც და ასე უფრო შეძლებს სტანდარტის გაკონტროლებას თვითონ მთავრობა. მაგრამ ეს ისე არ არის, რომ რახან დი-არ-ჯი შემოდის მყისიერად ხდება შემოწმება და აუცილებლად ხარჯები შემცირდება და სტანდარტი გაიზრდება. სხვა ქვეყნის გამოცდილებას რომ დავაკვირდეთ - აი, მაგალითად გერმანიაში შემოიტანეს რამდენიმე ხნის წინ დი-არ-ჯის მოდელი, ნახეს რომ საბაზრო ფასით თუ არ მოხდა მკურნალობა, ინტენსივობა გაიზრდება მანიპულაციების, და ეს რომ დაკომპენსირებულიყო, აქედან ერთადერთი გამოსავალი არის სახელმწიფო კლინიკების არსებობა.

„აშშ რომ აშშ-ია, იქაც მუნიციპალური კლინიკების რაოდენობა არის 30%, არამომგებიანი კლინიკების რაოდენობა არის 40%. 30%-ია მხოლოდ კერძო, მოგებაზე ორიენტირებული კლინიკების რაოდენობა. ჩვენ კი დანაშაული ჩავიდინეთ მოქალაქეების წინაშე, როდესაც მთელი ჯანდაცვის სისტემის პრივატიზება მოვახდინეთ," - განაცხადა „რეზონანსთან" ბექა ნაცვლიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×