ელზა პაპოშვილი
07.07.2023

უმძიმესი ფაქტი ბათუმში - სამი დღის ძებნის შემდეგ,  16 წლის ლუკა აბულაძის ცხედარი ბათუმის ზღვაში იპოვეს. პოლიციამ კი მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სამი პირი დააკავა.

 ოჯახს თავდაპირველად ეგონა, რომ 16 წლის მოზარდი უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა, თუმცა გამოძიების შემდეგ კი გაირკვა, რომ მოზარდის და მისი სამი მეგობარი დაკავებულმა პირებმა ე.წ. საცურაო  ბანანით ზღვაში გაიყვანეს. მოზარდები ბანანიდან გადაყარეს და მათ სამშველო ჟილეტის გამოყენების საშუალებაც კი არ მისცეს. 

როგორც გამოძიების მიხედვით ირკვევა, ლუკას სამმა მეგობარმა ცურვით ნაპირამდე გამოსვლა შეძლეს, ხოლო ლუკა ტალღებმა გაიტაცა და მას სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ტალღებს თავი ლუკამაც დააღწია, მაგრამ სამწუხაროდ სიმართლე არ აღმოჩნდა.   

გამოძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამი პირი: 1989 წელს დაბადებულ ზ.ს., 2004 წლს დაბადებული ნ.მ. და 2005 წელს დაბადებული ლ.მ. დააკავეს.

ზ.ს.-ს ბრალად ედება არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა.

ხოლო ნ.მ. და ლ.მ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით არიან დაკავებულები.

„უმძიმესი ფაქტი მოხდა, ბავშვებისთვის სრულიად უცხო  პირებმა, რომლებსაც ე.წ. საცურავო ბანანი ჰქონდათ ნავზე გამობმული, მათ ზღვაში გასეირნება შესთავაზეს. ბავშვებიც გაჰყვნენ. თავიდან ყველას გვეგონა, რომ ბავშვები ცურაობდნენ და ტალღებმა გაიტაცა. თურმე სიტუაცია სრულიად სხვანაირად ყოფდილა. ბავშვები გაიყვანეს ზღვაში და გადაყარეს. საცურაო ჟილეტებითაც კი არ დაეხმარნენ. ლუკას მეგობრებმა ზღვას თავი დააღწიეს და ცურვით ნაპირამდე მივიდნენ, ლუკას ძებნა რომ დაიწყეს, ნახეს, რომ აღარ იყო. მათი თქმით, ის მათთან ერთად მოცურავდა და იმასაც კი ამბობდნენ, რომ ნაპირამდე ისიც მოვიდა.  იმედი გვქონდა სადმე ბავშვი უგონოდ ხომ არ იყო გამორიყული, მაგრამ შევცდით. მისი ცხედარი იპოვეს. რაზე მოკლეს ბავშვი, რატომ იყვნენ ასე გაბოროტებულები, წარმოდგენაც არ გვაქვს. ეს რა იყო, ხუმრობა? ასეთი ხუმრობა ვის გაუგია, რომ შუა ზღვაში ბავშვები გადაყარო, მერე არ დაეხმარო და  ზურგი აქციო“, - ამბობს დაღუპული ბიჭის ახლობელი.       

გამოძიების მსვლელობისას ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ზ. ს.-მ მიმდინარე წლის 4 ივლისს, ბათუმში, ლ.ა. და კიდევ სამი პირი მისი მართვის ქვეშ არსებულ კატერზე გამობმული ე.წ. გასაბერი ბანანით ზღვაში გაიყვანა.

მოგვიანებით ზ.ს.- მ მკვეთრი მანევრით, ე.წ. გასაბერ ბანანზე მჯდომი ოთხივე პირი, მათ შორის ლ.ა. განზრახ გადაყარა წყალში, ისე რომ მათ სამაშველო ჟილეტების გამოყენების საშუალება არ მისცა, თავად კი კატერზე მყოფ თანხლებ პირებთან, ამჟამად აღნიშნული დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულის სახით დაკავებულ ნ.მ.-სთან და ლ.მ.-სთან ერთად სვლა განაგრძო.

წყალში აღმოჩენის შემდეგ, სამმა ახალგაზრდამ ნაპირზე გამოსვლა შეძლო. ხოლო ლ.ა.-ს სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს,“ - წერს შინაგან საქმეთა სამინისტრო.   

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×