ელზა პაპოშვილი
28.06.2023

ქართველ ქალს, რომელიც თურქეთში ქმრის მკვლელობაშია ბრალდებული, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს, რადგან საქმეში კიდევ ერთი ეჭვმიტანილი, მოკლულის ბიძა არსებობს, რომელიც ამბობს, რომ კაცი მან მოკლა. თურქულ მედიაში თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ქალმა დაკითხვის დროს ბრალი აღიარა და თქვა, რომ ქმართა კონფლიქტის შემდეგ ის ნაჯახით მოკლა. ხოლო ქმრის ბიძა მას დანაშაულის კვალის წაშლაში ეხმარებოდა. თუმცა, მოგვიანებით ქალთან ერთად დაკავებულმა მოკლულის ბიძამ სასამართლოს აღიარებითი ჩვენება მისცა და მკვლელობის მოტივიც დაასახელა. მისი თქმით, მოკლული ცოლზე ხშირად ძალადობდა, იგი სწორედ ასეთ ფაქტს შეესწრო და ქალის დახმარებას შეეცადა. დაპირისპირების დროს კი მოძალადე ქმარმა სასიკვდილო ჭრილობები მიიღო.

გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობას წინ უძღოდა ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი. მათი ჩხუბი ხმა მეზობლებსაც ესმოდათ. ამის შემდგე კი კაცი სახლის ეზოში, საქათმესთან ნაჯახით დაჩეხილი იპოვეს. მიუხედავად ბიძის ჩვენებისა, მოსამართლემ ქალი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რეალურად ვინ მოკლა 47 წლის კაცი - ცოლმა, თუ ბიძამ.   

ერზრუმის სასამართლოში დაკავებულების გამოჩენას მოკლული კაცის ახლობლების პროტესტი და შეძახილები მოჰყვა. სასამართლოზე ქალი ქმრის მკვლელობას არ აღიარებს და დუმილის უფლებით სარგებლობს. 

„ის ცოლზე სისტემატურად ძალადობდა. ეს ყველამ კარგად იცოდა. ქალი გაუსაძლის პირობებში ცხოვრეობდა. ვცდილობდი შემეჩერენა, როცა მათ სახლში მივედი და ის ქალს სცემდა. მითხრა - რა შენი საქმეა, ჩემი ცოლია და რასც მინდა იმას ვუზამო. ეს ამბავი ჩხუბში გადაიზარდა. მე თავს ვიცავდი, რადგან ის ჩემზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას ცდილობდა. შესაძლოა, რომ არ მივსულიყავი, დღეს მკვდარი მისი ცოლი ყოფილიყო. ამ გაწევ-გამოწევაში მას ჭრილობები მივაყენე. განზრახ არ მიქნია, ეს ჩხუბის დროს მოხდა და ვერც მივხვდი, რომ დაიჭრა. ქალი არაფერ შუაშია, მკვლელობა მე ჩავიდინე“, - განაცხადა მოკლულის ბიძამ სასამართლოზე.

ქალის უდანაშაულობაზე საუბრობენ მისი ახლობლებიც, რომლებიც თბილისში ცხოვრობენ. მათი თქმით, დაკავებული ქალის ძმა თურქეთში იმყოფება და დის უდანაშაულობის დამტკიცებას ცდილობს. მათი ინფორმაციით, ქალი თავად არის ძალადობის მსხვერპლი და დღეს ცოცხალი მხოლოდ იმიტომაა, რომ მას მოკლულის ბიძამ უშველა. 

„ქალი არაფერ შუაშია, ესაა ტყუილი, რომ თითქოს მან ქმარი ნაჯახით მოკლა და ბრალი აღიარა. ნაჯახით ჭრილობები ნამდვილად აქვს მიყენებული და ის ეზოში, საქათმესთან იპოვეს. მკვლელი არის ბიძა, რომელთანაც მამაკაცს კონფლიქტი მოუვიდა და ამ ჩხუბის დროს  ჭრილობები მიაყენა. კონფლიქტის მიზეზი კი ცოლზე ძალადობა იყო. 

„ტყუილია, თითქოს კვალის დაფარვას ცდილობდნენ და ა.შ. ადგილზე პოლიციაც თავად გამოიძახეს და იქვე დახვდნენ. ცოლი მხოლოდ იმიტომ დაიჭირეს, რომ ისიც სახლში იყო. კაცმა სასამართლოზე აღიარებითი ჩვენება მისცა. ახლა ქალის ძმა თურქეთში იმყოფება, დას ადვოკატი აუყვანა და მისი  უდანაშაულობის დამტკიცებას ცდილობს“, - ამბობს ქალის ახლობელი „რეზონანსთან“. 

მოკლულის ოჯახი კი დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას მოითხოვს. ერზრუმის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა რამდენიმე კვირაში დაიწყება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×