"განაჩენს არ ვეთანხმები", - განაცხადა ბადრი ესებუამ, როდესაც მან მოსამართლისგან გამამტყუნებელი გაანაჩენის შესახებ მოისმინა. ესებუას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალის დაყაჩაღების საქმეზე დამნაშავედ სცნო და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე ბებიამ გამოაცხადა, რომელსაც ესებუა დარბაზში უსმენდა.
ბრალდების მხარე ბადრი ესებუას მიმართ წარდგენილი მუხლებით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი და მაქსიმალური სასჯელის გამოყენებას ითხოვდა. დაცვის მხარემ კი, ესებუას მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა მოითხოვა. მოსამართლემ პროკურატურის ყველა მტკიცებულება გაიზიარა და მაქსიმალური სასჯელის გადაწყვეტილება მიიღო.
ბადრი ესებუას ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების გამო 4 წელი უკვე აქვს მისჯილი. საქმე ეხება 2023 წლის 8 თებერვალს, ჯიხაშკარში, ესებუას დაკავების დროს აღმოჩენილ იარაღს. ჯამში მას ციხეში 17 წლამდე გატარება მოუწევს.
გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა.
ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობდა, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ესებუამ პროცესზე დღეს სკანდალური ჩვენება მისცა და თქვა, რომ გომელაურის უწყებას რამდენჯერმე გაექცა. ესებუამ ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნიდან არ წასულა, მხოლოდ აფხაზეთში იყო გადასული.
ბადრის ესებუა სასამართლო პროცესზე ასევე გაიხსენა დამალვისა და გაქცევის ეპიზოდები, ასევე თქვა, რომ მისი და მისი ძმის ფბ-ები გატეხილი იყო და ყვება, როგორ უწევდა განსაკუთრებული სიფრთხილით გადაადგილება.
ესებუამ ასევე მოყვა, როგორ იმედი ჰქონდა, რომ პოლიცია საქართველოს ბანკის ძარცვასთან დაკავშირებით სიმართლეს გაარკვევდა და გეგმავდა, რომ ამის შემდეგ საზოგადოებაში ღიად გამოჩენილიყო.
„საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში მსჯავრდებული ბადრი ესებუას საქმის პროკურორის, მირანდა წერეთელის განცხადებით, სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება გაიზიარა.
„სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი, მან სრულად გაიზიარა ბრალდების მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება. ეს გახლავთ ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, იმ მოწმეთა ჩვენებები, რომლებმაც განაცხადეს, რომ ხმით ამოიცნეს ბრალდებული ბადრი ესებუა.
„გამოვიკვლიეთ სხვა არაერთი მტკიცებულება, რომლებიც ადასტურებდა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენას. საბოლოოდ სასამართლომ ყველა მტკიცებულება შეაფასა ერთობლიობაში, დაადგინა გამამტყუნებელი განაჩენი და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდში მან შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა 13 წლის ვადით. ესებუას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა ზუგდიდის რაიონულის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელი, რომელიც ბადრი ესებუას შეფარდებული ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისათვის“, - განაცხადა პროკურორმა.
მისივე თქმით, დაცვის მხარის განცხადებას იმის შესახებ, რომ მათ არ მიეცათ ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარების საშუალება, რათა მტკიცებულებები მოეპოვებინათ, „ეს მხოლოდ დაცვის მხარის განცხადებაა“.