ელზა პაპოშვილი
05.06.2023

თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, გორი, ზუგდიდი - 5-ვე ქალაქში სასამართლო პროცესები ჩაიშალა. შენობებში ბომბებს ეძებენ, მოქალაქეებს სასამართლოს შენობებში გაჩერების უფლებას არ აძლევენ. ყველგან გამნაღმველები მუშაობენ. პერიმეტრს საპატრულო პოლიცია აკონტროლებს. ასაფეთქებლებს კი ძაღლების საშუალებით ეძებენ. ასევე ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მივიდნენ.   

ამ დრომდე სასამართლოებში გამნაღმველები მუშაობენ და მოქალაქეებს შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევენ. ყველა პროცესი, რომელიც სასამართლოებში იყო ჩანიშნული, გადაიდო. განგაში სასამართლოებში ერთდროულად შუადღის 3 ნახევარზე გამოცხადდა. ადვოკატები, რომლებიც სასამართლოში პროცესის დასაწრებად, ან სარჩელის შესატანად მივიდნენ, შენობაში არ შეუშვეს.     

„თბილისის საქალაქო სასამართლოში მოვედი და მანდატურმა არ შემიშვა. სასამართლო პროცესი უნდა ყოფილიყო ჩემი კლიენტის, მაგრამ არ ჩატარდებაო. საგანგებო ვითარებაა სასამართლოში გამოცხადებული და დღეს არაფერი აღარ ჩატარდებაო. ვიღაცას დაურეკია, თუ მეილზე მიიღეს შეტყობინება, ზუსტად არ ვიცი. ამბობენ ბომბს ეძებენ და გამნაღმველები არიანო. ძაღლები ჰყავთ მოყვანილი და ასე ეძებენ. სხვა არავის არაფერი უთქვამს“, -ამბობს ადვოკატი.  

საქალაქო სასამართლოს მსგავსად განგაში თბილისის უზენაეს სასამართლოშიც გამოცხადდა. თანამშრომლები იქიდანაც გამოიყვანეს. მოსამართლეებს დაატოვებინეს შენობა. შეიძლება ითქვას, რომ სასამართლოებში დიდი არეულობა იყო. უცნობია ვინ ან რატომ აცხადებს, რომ სასამართლო შენობებში ასაფეთქებელი საშუალებებია.     

თბილისის მსგავსად კი რეგიონებში არსებულ სასამართლოებშიც მიიღეს შეტყობინებები. გორის სასამართლოსთან მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეებისთვის გადაადგილება აკრძალულია. პოლიციამ სასამართლოს შენობა ალყაში მოაქცია და გზა ყვითელი ლენტით გადაკეტა. თავდაპირველად შეტყობინება სასამართლოს ადმინისტრაციამ მანდატურებს გადასცა, რომლებმაც სასამართლოს შენობა ყველას სასწრაფოდ  დაატოვებინეს. 

„არაფერი არ ვიცით, შუა სასამართლოს ხოდომიდან გამოგვიყვანეს. მანდატურები მოვიდნენ და სასწრაფოდ დატოვეთ შენობა ევაკუაცია არისო. ბრალდებულები, მოსამართლეები, პროკურორები, ადვოკატები, ყველა აბსოლუტურად გარეთ გამოგვიყვანეს. სასამართლოს მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს და ახლოსაც არავის უშვებენ. ვიღაცამ დარეკაო, რომ ბომბიაო. მეტი არც არაფერი ვიცით. ჩაიშალა პროცესი და გამოვედით გარეთ“,-ყვება ადვოკტი.  

ანალოგიური სიტუაცია იყო კასპის იუსტიციის სახლში, ასევე ქუთაისის სასამართლოებში. შენობები ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. ადგილზე მუშაობენ, როგორც სამართალდამცველები, ასევე გამნაღმველთა ჯგუფები. უცნობია  მიაკვლიეს თუ არა ამ ეტაპზე ბომბს.   

„როგორც ვიცით, სასამართლოს ელექტრონულ ფოსტაზე მივიდა შეტყობინება, რომ მოხდებოდა მათი ლიკვიდაცია და დამხობა. ზუსტი შინაარსი და ციტირება არ ვიცი, მაგრამ რაღაცა ასეთი შინაარსის იყო. ამიტომ ყველა სასამართლოში, სადაც ანალოგიური შეტყობინებები შევიდა, ყველგან ევაკუაცია გამოცხადდა. ელექტრონულ ფოსტაზე მიუვიდა ყველას აფეთქების და განადგურების შესახებ მუქარები“,-ამბობს გორის სასამართლოზე  ადვოკატი. 

სასამართლოების გარდა მოსწავლეების და მასწავლებლების ევაკუაცია გამოცხადდა ბრიტანულ-ქართული აკადემიიდან. აქაც ბომბებს ეძებდნენ. აქაც სკოლის ადმინისტრაციამ ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინება მიიღო, სადაც სკოლის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი საშუალებები იყო დამონტაჟებული. მიწოდებული ინფორმაცია არ დადასტურდა. სასწავლო პროცესი კი ხვალიდან კვლავ აღდგება.        

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×