ელზა პაპოშვილი
04.06.2023

ქობულეთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები გაირკვა. სოფელ ლეღვაში 20 წლის გიორგი ალხანიშვილის მკვლელობასთან დაკავშრებით რამდენიმე ადამიანი დააკავეს და ერთ-ერთი მათგანი მკვლელობაში ბრალდებული ალექსანდრე ბაჟუნაიშვილის მამაა. გამოძიება მოწმეებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ 49 წლის გიორგი ბაჟუნაიშვილი, შვილის დანაშაულის დაფარვის მიზნით, მკვლელობის მოწმეებზე ზეწოლას ახორციელებდა და მათ მუქარის მეშვეობით ტყუილის თქმას აიძულებდა.

მკვლელობის საქმეზე დაკავებულ სამ პირს - ალექსანდრე ახვლედიანს, დავით მენაბდეს და ლუკა ჯიბლაძეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ბრალდებულები სასამართლოზე ამტკიცებენ, რომ მათზე ზეწოლა ხდებოდა, ამიტომაც იძულებული იყვნენ მომხდარი დანაშაული დაემალათ. 

რაც შეეხება უშუალოდ მკვლელობაში ბრაალდებულ ალექსანდრე ბაჟუნაიშვილს, მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე დაუდგენელია. გამოძიების მონაცემებით, მან მამის  დახმარებით ქვეყანა, თურექთის გავლით დატოვა და მას შემდეგ გაუჩინარებულია. ის ინგლისში სწავლობდა, თუმცა სასწავლებელში არ გამოცხადებულა. პოლიცია მისი ადგილსამყოფელის დასადგენად სამძებრო ღონისძიებებს ქვეყნის გარეთ აწარმოებს.

გიორგი ბაჟუნაიშვილს  სასამართლომ  ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საქმის პროკურორმა სასამართლო პროცესის შემდეგ საგანგებო განცხადება გააკეთა გააკეთა:

„ბრალდებული არის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მამა, რომელიც ზემოქმედებას ახორციელებდა ამ დანაშაულის თვითმხილველ პირებზე მანამ, სანამ ისინი პოლიციის დაწესებულებაში მივიდოდნენ და მიაწვდიდნენ რაიმე სახის ინფორმაციას. ის ახორციელებდა გარკვეულ ქმედებებს, რათა მოცემული დანაშაული არ გახსნილიყო და არ გამოვლენილიყო სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. მათ შორის სთავაზობდა ბრალდებულებს ვერსიებს და იდეებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოეშორებინათ თავიდან გარდაცვლილის ცხედარი“, - აცხადებს პროკურორი   

დანარჩენ სამ დაკავებულს ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობის და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის დაფარვის მუხლით ედებათ.

პროცესზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა სასამართლოს განუცხადა, რომ მომხდარის დამალვის მიზეზი მუქარა და შიში იყო, რის გამოც ალექსანდრე ახვლედიანმა სამართალდამცავებს არ აცნობა.

მისი თქმით, მუქარას მკვლელობაში ბრალდებულის ალექსანდრე ბაჟუნაიშვილის მხრიდან განიცდიდნენ. 

მოკლული გიორგი ალხანიშვილის ახლობლები კი „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ სწორედ ალექსანდრე ბაჟუნაიშვილის მამამ მოიფიქრა გიორგის გაუჩინარებაზე ვერსია, რითაც გამოძიებისათვის კვალის არევას ცდილობდა და მკვლელობის სხვა თვითმხილველებიც მუქარით აიძულა, პოლიციისთვის ეს ვერია მოეთხროთ.

„ბავშვის ცხედარი იმდენად იყო დაზიანებული, ვფიქრობთ, რომ ნაცემიც არის. მთელი სახე ჰქონდა დასახიჩრებული. დედამ მისი ამოცნობა მხოლოდ ჯვრით და სხვა პირადი ნივთებით შეძლო. 

„კამათი სუფრაზე დაწყებულა. იქ ჯერ ეტყობა ფიზიკურად გაუსწორდნენ და ამის შემდეგ დანა აქვს მთელს სხეულზე ნარტყამი. ბავშვი დაჩეხილია, ადგილზევეა დაღუპული. სასწრაფოც არავინ გამოიძახა და ასე უყურეს როგორ კვდებოდა. მერე ამ არაადამიანმა მამა დაიხმარა და მამა-შვილმა დანაშაულის შემსწრე ბავშვების დაშანტაჟება დაიწყეს.  

„ცხედარი საკუთარი ავტომობილის საბრგულში გადამალეს და ტყეში დამარხეს. ამის შემდეგ კი, იმავე დილით, მამამ შვილი თურქეთის გავლით ქვეყნიდან გააპარა. სად გაუშვა, თავად ხომ ყველაზე კარგად იცის...

„დაიწყეს ბავშვების დაშანტაჟება, მოიგონეს ვერსია, თითქოს ნასვამი გიორგი სახლიდან წითელი ფერის ავტომობილით გააცილეს. არც ნომერი დაუნახიათ, არც არაფერი. ყველა ერთი და იმავეს ამბობდა. თუმცა ტელეფონის ამონაწერით დგინდებოდა, რომ ბავშვს სოფელი არ დაუტოვებია. ამიტომ გაჩნდა ეჭვი, რომ იტყუებოდნენ. უმკაცრესად უნდა დაისაჯონ“, - ყვება „რეზონანსთან“ მოკლულის ერთ-ერთი ახლობელი. 

პროკურორ თორნიკე გოგეშვილის განცხადებით, მკვლელობის მოტივად ჯერჯერობით ნასვამ მდგომარეობაში ურთიერთშელაპარაკება სახელდება. ბრალდების ინფორმაციით, ალექსანდრე ბაჟუნაიშვილმა, ალექსანდრე ახვლედიანთან ერთად, მოკლულის ცხედარი ავტომობილის საბარგულში მოათავსა და მეზობელ სოფელში ტყის პირას დამარხა. უშუალოდ მკვლელობას კი დავით მენაბდე და ლუკა ჯიბლაძე შეესწრნენ, თუმცა მათ სამართალდამცავებს მომხდარი არ შეატყობინეს.

პროკურორის თქმით, თავად მკვლელობაში ბრალდებული ალექსანდრე ბაჟუნაიშვილი ლონდონში სწავლობს და ამჟამად მისი ადგილსამყოფელის დადგენის ღონისძიებები მიმდინარეობს.

„სასტიკი მკვლელობა მიმდინარე წლის 16 მაისს ღამით მოხდა. მეორე დღეს მკვლელობაში ბრალდებულმა შემთხვევის დროს მყოფი პირის დახმარებით ცხედარი დაუსახლებელ ტერიტორიაზე გადაიტანა და დამარხა, თვითონ კი 19 მაისს ქვეყანა თურქეთის გავლით დატოვა. 

„სამძებრო სამუშაოები 22 მაისიდან დაიწყო, როცა გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა მისი გაუჩინარების შესახებ სამართალდამცველებს მიმართეს.  ინციდენტში მონაწილეებმა იცოდნენ ცხედრის ადგილსამყოფელი, თუმცა ოჯახის წევრებს უმტკიცებენ, რომ 20 წლის ახალგაზრდა სახლიდან ტაქსით გააცილეს“, - განაცხადა პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×