ელზა პაპოშვილი
28.04.2023

45 წლის მამუკა მელაძე დილით მისავე მეთაურმა სამხედრო ბაზაზე გარდაცვლილი იპოვა. თავდაცის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ სერჟანტმა თავი მოიკლა. თუმცა ამ ვერსიას ოჯახი გამორიცხავს. მელაძეები ახლა გამოძიების დასრულებას ელოდებიან. 

გარდაცვლილი სამხედროს ახლობლები ეჭვიბენ, რომ ბურუსით მოცული ტრაგიკული შემთხვევის უკან შეიძლება სხვა ამბავიც ფიგურირებდეს. ამბობენ, რომ ჯარისკაცს არ ჰქონდა არანაირი პრობლემა, რის გამოც ის თავის მოკვლას გადაწყვეტდა. აღსანიშნავია ასევე, რომ სერჟანტის შვილიც სამხედრო პირია. 

ჯარისკაცის ნათესავები იხსენებენ, რომ მამუკა მელაძესთან კომუნიკაცია რამდენიმე დღის წინ ჰქონდათ, მისთვის რაიმე უცნაური არაფერი შეუმჩნევიათ. მას ასევე არ ჰქონდა ფინანსური პრობლემები, რაც შესაძლოა თვითმკვლელობის მოტივი გამხადრიყო. 

„ძალიან დაზაფრულები და შოკირებულები ვართ. მამუკა იყო წარმოუდგენლად კარგი მამულიშვილი, ქვეყნის და ოჯახის მოყვარული ახალგაზრდა კაცი. 2008 წლის ომში იბრძოდა, არაერთ მისიაშია ნამყოფი და მაგ კაცს დედამიწის ზურგზე არაფრის არც შიში ჰქონდა და თავის მოკვლა ხომ გამორიცხულია, არც დეპრესიაში ყოფილა და არც მკურნალობდა. რამდენიმე დღის წინ ვნახე სიცოცხლით სავსე ბიჭი. თავის საქმეზე შეყვარებული და ერთი წუთიც კი ვერ წარმომიდგენია, რომ ის  ამ ზომამდე მივიდოდა. ეს არის შოკი და იმედი გვაქვს, გამოძიება მეტ დეტალს გაარკვევს“, - ამბობს ოჯახის ახლობელი „რეზონანსთან“. 

მამაკაცს მეზობლებიც კარგად ახასიათებენ და უკვირთ, რატომ შეიძლება მას სუიციდის სურვილი გასჩენოდა. ის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღის წინ ნახეს და მსგავსი ვერაფერი შეამჩნიეს.  

„არავისთვის  არ არის დამაჯერებელი ვერსია, რომ მან თავი მოიკლა. თუ უბედური შემთხვევა იყო, რამე თქვან, რომ კაცს, რომელიც ქვეყნის პატრიოტი იყო, ასეთი ცილი არ დასწამონ. ალბათ კამერების ჩანაწერები იქნება, სადაც ნახავენ რამე კონფლიქტს ხომ არ ჰქონდა ადგილი. ოჯახი კატეგორიულად გამორიცხავს თვითმკვლელობის ვერსიას. ამბობენ, რომ არც ვალები ჰქნია და არც სხვა პრობლემები. დილით მეთაურმა ნახა გადაცვლილიო. რა და როგორ მოხდა, არავინ არაფერი იცის. კაცი სახლიდან ცოცხალი წავიდა და გარდაცვლილი მოასვენეს. მისი შვილიც სამხედროა,  ქვეყნის სიყვარული და პატრიოტიზმი სისხლში აქვთ. ამიტომ მიჭირს დაჯერება, რომ თავი მოიკლა“, - ამბობს ახლობელი „რეზონანსთან“.              

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×