ელზა პაპოშვილი
25.04.2023

სისხლიანი გარჩევა ხაშურში - „რეზონანსისთვის“ სოფელ ალში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. 53 წლის ჯონი ნოზაძე, გამოძიების ინფორმაციით, თანასოფლელმა და მეზობელმა იმედა კახიშვილმა ჩაცხრილა, მკვლელობის მოტივი კი ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის გავლენების გადანაწილება გახდა. ადგილობრივები ყვებიან, რომ მოკლულიც და მკვლელობაში ბრალდებულიც ე.წ. კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები არიან და მათ შორის დაპირისპირება ადრეც არსებობდა. 

„რაც ვიცით ისაა, რომ ორვე მათგანი წარსულში ნასამართლევებიც არიან და ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს წარმოადგენენ. რა მოხდა და რაზე დაიწყო ახლა კონფლიქტი, არ ვიცით. თუმცა ამბობენ, რომ ე.წ. კრიმინალურ გარჩევასთან გვაქვს საქმე, სადაც ჯონი ნოზაძეს განაჩენი მკვლელობით გამოუტანეს. 

სუფრასთან ერთად მსხდარან, მაგრამ სავარაუდოდ, დაიბარეს სალაპარაკოდ და კონფლიქტის შემდეგ ის ჩაცხრილეს. ადრეც ჰქონდათ დავა და რამდენჯერმე შეარიგეს კიდევაც. სხვა დეტალები არ ვიცით, ორივე მათგანი კრიმინალური სამყაროსთვის  ავტორიტეტები არიან“, - ყვება „რეზონანსთან“ ერთ-ერთი ადგილობრივი. 

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია. ოფიციალირი ცნობით, „შსს-მ 1970 წელს დაბადებული ი.კ. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 24 აპრილს, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1970 წელს დაბადებულ ჯ.ნ.-ს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

„პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული ი.კ. ცხელ კვალზე დააკავა.

დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით“, - აცხადებს უწყება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.   

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×