ელზა პაპოშვილი
20.04.2023

„რეზონანსისთვის“ თუშეთში მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მთიან სოფელში ცხვრის სამწყემსად მარტო წასული ორი მწყემსიდან ერთი გარდაცვლილი და ერთი დაჭრილი იპოვეს. ისინი მეზობლები და ნათესავები არიან. წინასწარი ვერსიით, მათ შორის კონფლიქტი მოხდა, რის შედეგადაც ერთმა სანადირო თოფით მეორე მოკლა და თავად კი დაიჭრა. თუმცა, ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ რაიმე უბედურ შემთხვევასთან გვქონდეს საქმე.

დანაშაული ორშაბათს გვიან ღამით ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭეშოში მოხდა და მას თვითმხილველი არ ჰყავს. სავარაუდოდ, მომხდარის შესახებ პოლიციას თავად მკვლელობაში ეჭვმიტანილმა ახალგაზრდა მამაკაცმა შეატყობინა. ადგილზე მისულ  პოლიციას ის დაჭრილი დახვდა, ხოლო მისი ნათესავი გარდაცვლილი. 

როგორც  ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, სოფელი ჭეშოში მოსახლეობა არ ცხოვრობს. იქ ადგილობრივები მხოლოდ საქონლის სამწყემსად ადიან. მოკლული ნოდარ ნაკერაული და მკვლელობაში ეჭვმიტანილი ჯაბა კააძე სწორედ ცხვრის სამწყემსად იყვნენ ასული. ამიტომ რეალურად რა მოხდა, მათ გარდა არავინ იცის. 

ორივე მათგანი სოფელ ალვანიდანაა და მეზობლად ცხოვრობენ. მათ შორის წარსულში რაიმე კონფლიქტს ან დაპირისპირებას მეზობლები გამორიცხავენ. 

„ორივე საქონელს ამ სოფელში აძოვებდა. იქ გამოაზამთრებდნენ ხოლმე და მერე უკან ალვანში ჩამოდიოდნენ. როგორც ძმები, ისე ცხოვრობდნენ. სოფელ ალვანშიც მეზობლები არიან და იქაც, მთიან სოფელშიც ასე ცხოვრობდნენ. კაცმა არ იცის რა მოხდა. მხოლოდ ეს ორნი ყოფილან. იდავეს რამეზე და მერე ერთმანეთს ესროლეს, არ ვიცით... 

„ეს ბექაც დაჭრილია. შესაძლოა მოკლულს ართმევდა იარაღს და გავარდა.  ორივეს მოხვდა თუ რა სიტუაციაა, ჯერ არავინ არაფერი ვიცით, სანამ თავად ბექა არ იტყვის. 

„არანაირი კონფლიქტი მაგათ არ ჰქონიათ. რაზე უნდა მოსვლოდათ დავა, არ ვიცით. მეზობლებიც არიან და ნათესავებიც. პოლიციაში და სასწრაფო დახმარებაშიც თავად ბექას დაურეკავს და უთქვამს - გვიშველეთ, დაჭრილები ვართო. რომ მივიდნენ ადგილზე, ის მკვდარი დახვდათ და ეს დაჭრილი. ესაა მხოლოდ რაც ვიცით“, - ყვება სოფელ ალვანის მცხოვრები „რეზონანსთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×