ელზა პაპოშვილი
19.04.2023

თერჯოლაში მომხდარი სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. „რეზონანსს“ ადგილობრივები უყვებიან, რომ 21 წლის ახალგაზრდა მამაკაცმა მამა საწოლში, მძინარე მდგომარეობაში მოკლა. მათი ინფორმაციით, შვილმა 60 წლამდე მამაკაცს დაზიანებები ნაჯახით მიაყენა. მან რამდენიმე დღის განმავლობაში მკვლელობა დამალა და ამბობდა, რომ მამა სახლიდან წავიდა, მაგრამ არ იცოდა სად.  

მამაკაცის რამდენიმე დღით გაუჩინარებამ კი მეზობლები დააეჭვა. გამომდინარე იქიდან, რომ ბიჭს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და მუდმივად მკურნალობის ქვეშ იყო, მეზობლებმა ბიჭის ნათქვამი არ დაიჯერეს. ერთ-ერთი მათგანი სახლში შევიდა და კაცის ოთახში საზარელი სურათი დახვდა. უკვე რამდენიმე დღის მკვდარი მამაკაცი საწოლში მწოლიარე იპოვა. მან მომხდარის შესახებ მეზობლებს აცნობა, რომლებმაც ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. ბიჭი სახლიდან გაიქცა, მაგრამ ის პოლიციამ ცხელ კვლაზე მალევე დააკავა. 

მოკლულის და და მეზობლები ვარაუდობენ, რომ მკვლელობა აღდგომის დღესასწაულამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა.  

„ბიჭს ფსიქიკური პრობლემები აქვს, მაგრამ მამა მას მუდმივად მკურნალობდა. სახლში მხოლოდ ისინი ცხოვრობდნენ. რაიმე კონფლიქტიან ჩხუბის ხმა არ ყოფილა. წამლებს ასმევდა და კარგად იყო. მკურნალობაში ჰყავდა მუდმივად. ეჭვი გვაქვს, რომ წამლის ყიდვა ვეღარ შეძლო და დანაშაულიც ამიტომ ჩაიდნა. 

„სავარაუდოდ, რაღაცაზე წაკამათდნენ. მამის დაძინებას დაელოდა და ძილში მოკლა. სხვაგვარად ამხელა კაცს ვერ მოერეოდა. ფიზიკურად ძალიან ძლიერი იყო. ამიტომაც იფიქრა, რომ ძილში მისი მოკვლა უფრო გაუადვილდებოდა. ალბათ საწყალი შვილიდან თავდასხმას არ ელოდა და მშვიდად ეძინა. 

„კაცი 3 დღე გაუჩინარებული იყო. მეზობლებს ეჭვი გაგვიჩნდა. დას დაურეკეს და მან თქვაა, რომ მასთან არ იყო და არც არსად წასვლას არ აპირებდა. ვიცოდით, რომ ბიჭი ავად იყო, ამიტომაც სახლში შევედით და ეს უბედურება დაგვხვდა. საწოლში იყო მკვდარი. სხვაგან ერთი წვეთი სისხლი არ იყო, მხოლოდ საწოლთან“,-ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“. 

ბრალდებული დანაშაულის ადგილიდან გაიქცა, თუმცა, ის სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. დაკავებულს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენეს.    

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×