ელზა პაპოშვილი
15.09.2022

ქუთაისის სასამართლომ მეგობრისა და ბიზნეს პარტნიორის მკვლელობაში ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დაცვის მხარე განაჩენს აპროტესტებს და აცხადებს, საქმეში ერთადერთი მტკიცებულება ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებაა, რომელიც მან, მათი თქმით, გამოძიებას ფიზიკური ძალადობის შედეგად მისცა.

2018 წლის 14 მაისს ვანის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონის სანაპიროზე ლითონის კასრში მამაკაცის დამწვარი ცხედარი იპოვეს. ბიოლოგიური ექსპერტიზით დადგინდა, რომ მოკლული ბიზნესმენი ნიკოლოზ ქუმსიაშვილი იყო. გამოძიება წელიწადნახევარს გაგრძელდა და საბოლოოდ ძალოვნებმა მეგობარი, ბიზნესმენი ალექსანდრე ტოგონიძე მეგობრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, ტოგონიძემ ხაშურის მუნიციპალიტეტში ფინანსური დავის გამო კუთვნილი არარეგისტრირებული სანადირო თოფით თავისი ბიზნეს პარტნიორი ნიკოლოზ ქუმსიაშვილი მოკლა, ცხედარი ლითონის კასრში მოათავსა და ცეცხლი წაუკიდა. ნაწილობრივ დამწვარი ცხედარი ბრალდებულმა საკუთარი ავტომობილით ვანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ჩაიტანა და კასრიანად მდინარე რიონში გადააგდო.

დაკავებული ალექსანდრე ტოგონიძე წარსულში გამოძალვისთვის არის ნასამართლევი. ბრალდებულმა პოლიციაში დაკითხვისას დანაშაული აღიარა, მაგრამ საქმეში ადვოკატების ჩართვის შემდეგ სასამართლოზე განაცხადა, რომ აღიარებითი ჩვენება ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად ჩამოართვეს.

მეორე ინსტანციის სასამართლომ ბრალდების ვერსია სრულად გაიზიარა. მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა. ოჯახის წევრები ალექსანდრე ტოგონიძის უდანაშაულობაში დარწმუნებული არიან და სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.

დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ საქმეში ერთადერთი მტკიცებულება ტოგონიძის აღიარებითი ჩვენებაა, რომელიც, მათი თქმით, მსჯავრდებულმა გამოძიებას ფიზიკური ძალადობის შედეგად მისცა. სასამართლო პროცესზე ტოგონიძემ დანაშაული არ აღიარა.

ბრალდების მხარე კი აცხადებს, რომ მსჯავრდებულის მიმართ პოლიციელების მხრიდან განხორციელებული ძალადობა არც გამოძიების და არც ექსპერტიზის დასკვნით არ დადასტურდა. 

მეგობრის მკვლელობაში მსჯავრდებული ბიზნესმენის, ალექსანდრე ტოგონიძის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც ტოგონიძის ბრალეულობას დაადასტურებს. მისივე თქმით, გადაწყვეტილება გამოტანილია მხოლოდ და მხოლოდ ბრალდებულის პირველადი ჩვენების საფუძველზე, რომელიც მას იძულებით, ფიზიკური ზემოქმედების შედეგად მიაცემინეს.

„2019 წლის 16 ნოემბერს, დილის 10 საათზე, ალესანდრე ტოგონიძე გადის სახლიდან, მიმდებარე ტერიტორიაზე მას პოლიცია აჩერებს და მიჰყავს ქუთაისის სამხარეო ადმინისტრაციულ შენობაში. იმ დღის განმავლობაში ალექსანდრე ტოგონიძე არავის უნახავს. საღამოს ოჯახმა დაიწყო ძებნა, არ იცოდნენ სად იყო, 112-შიც დარეკეს და თავად საპატრულო პოლიციას სთხოვეს დახმარება დაკარგულის მოძებნაში.

„მეორე დღეს, ოჯახის წევრები იგებენ, რომ ალექსანდრე ტოგონიძე პოლიციას წაუყვანია. ფაქტობრივად, მთელი 24 საათის განმავლობაში, ალექსანდრე ტოგონიძე იმყოფება პოლიციაში მარტო, სადაც მასზე განხორციელდა ფიზიკური ძალადობა, რაც დადასტურებულია ექსპერტიზის მიერ. აღნიშნული ფიზიკური ძალადობის შედეგად, მან არჩადენილი დანაშაული აღიარა. ამის შემდეგ ხდება მისი დაკავება. სხვა მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ მან მეგობარი მოკლა, არ არსებობს“, - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა „რეზონანსთან“.

გამოძიების მასალებსის მიხედვით კი ნიკოლოზ ქუმსიაშვილის გაუჩინარების შემდეგ მისი მეგობარი და ბიზნესპარტნიორი ალექსანდრე ტოგონიძე არაერთხელ გამოიკითხა.  პროკურატურის შეფასებით, აშკარა იყო, რომ ის გამოძიებას შეგნებულად აწვდიდა ცრუ ინფორმაციას, თითქოს ნიკოლოზ ქუმსიაშვილს ფინანსური პრობლემების გამო გადაწყვეტილი ჰქონდა ცხინვალში გადასვლა, იქიდან კი ყალბი პასპორტით რუსეთის ფედერაციაში წასვლა. ის ჩვენებაში ყვებოდა, რომ  მეგობრის თხოვნით, 100 000 ლარი ნაღდი ფული საჩხერის რაიონის ერთ სოფელში გადასცა უცნობ პირს, რომელსაც რატომღაც ვერ აღწერდა. ტოგონიძე ერთ ჩვენებაში მიუთითებდა, რომ ნიკოლოზ ქუმსიაშვილს დაშორდა ქარელის რაიონის გადასახვევთან, ხოლო მეორე ჩვენებაში განმარტავდა, რომ მეგობარი მიიყვანა სოფელ ჩონთოსთან, სადაც დახვდა იგივე პირი, ვისაც ადრე ფული გადასცა.

„რეზონანსს“ მოკლული ნიკოლოზ ქუმსიაშვილის ერთ-ერთი მეგობარი უყვება, რომ ისინი 2006 წელს ერთად იხდიდნენ სასჯელს. გათავისუფლების შემდეგ კი სხვადასხვა სახის ბიზნესს ერთობლივად აწარმოებდნენ. მკვლელობის მოტივად კი ფული სახელდება. მეგობრის ინფორმაციით, მკვლელობის წინა დღეს ნიკოლოზ ქუმსიაშვილმა ბიზნეს გარიგებიდან ხელზე მიიღო ნაღდი ფული 80.000 ლარი. თანხის გადაცემას ესწრებოდა ბრალდებულიც. სწორედ ეს თანხა გახდა მკვლელობის მოტივი.

გარდა ამისა, საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულს გარდაცვლილისგან ნასესხები ჰქონდა 40 000 ლარი და მისი გადახდა არ სურდა. ქუმსიაშვილმა მას ამ  80.000 ლარიდან  25 000 ლარი მას მისცა. გამოძიების მტკიცებით, სწორედ ამ თანხის გამო მოუვიდათ მათ შეკამათება 2018 წლის 11 მაისს, თბილისიდან საჩხერის რაიონისკენ მიმავალ გზაზე და სწორედ მაშინ მოკლა ბრალდებულმა პარტნიორი სანადირო თოფით.

გამოძიების მასალების მიხედვით, ბრალდებულმა გვამი მდინარის ნაპირას გადამალა. მეორე დღეს, ღამით მიიტანა ლითონის კასრი და 10 ლიტრი ბენზინი, გვამი მოათავსა ლითონის კასრში, დაასხა ბენზინი და წაუკიდა ცეცხლი. მომდევნო დღეს, გამთენიისას, კვლავ დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე, კასრი ჩადო თავის ავტომანქანაში, ჩაიტანა ვანის რაიონის სოფელ შუამთაში და ჩააგდო რიონში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×