ელზა პაპოშვილი
06.06.2022

ანტიდასავლური განცხადებები და დროშის დაწვა - ასევე, ოპოზიციურ პოლიტიკოსებზე თავდასხმა. ევროკავშირის ოფისთან მიმდინარე აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია აქციის 10-მდე მონაწილე, მათ შორის არიან: გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები. აქციის მონაწილეებს ადგილზე ანტიდასავლური შინაარსის პლაკატები ჰქონდათ მიტანილი. მათ ადგილზე ევროკავშირის დროშის დაწვაც სცადეს. ხოლო აქციის მონაწილეებიდან ორი პირი დეპუტატ ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილს თავს დაესხნენ. ერთ-ერთი თავდამსხმელი ირაკლი ხომასურიძეა, რომელსაც საზოგადოება კარგად იცნობს ცნობილი ფრაზით - "ეს ფილმი თუ გავიდა, მე ცოცხალი სახლში არ წავალ", როცა ჰომოფობები ფილმის, "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენებას აპროტესტებდნენ, კინოთეატრში მისულ ადამიანებს კი ემუქრებოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. 

მასთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი პირი.

"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერებს, ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილს თავს რუსთაველის გამზირზე დაესხნენ. ისინი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხეს.  

დეპუტატი ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ თავდამსხმელებს  ჩხუბი და ფიზიკურად გასწორება უნდოდათ. მისი თქმით, ეს იყო პოლიტიკური ნიშნით თავდასხმა და უნდა დაიწყოს გამოძიება, ამ შემთხვევაში მხოლოდ განრიდება მოძალადეების, არ გამოვა.

სამნიძის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე ის და დავით ბერძენიშვილი პრესკონფერენციის ჩატარების შემდეგ გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც 2 პირი დაესხათ თავს. ერთ-ერთს ჯოხიც ჰქონდა: „მე და დათო ბერძენიშვილი მოვდიოდით რუსთაველზე პრესკონფერენციის შემდეგ და რაც მოხდა, არის ცალსახად პოლიტიკური. მე არ მჩვევია ხოლმე არც გაზვიადება და დარწმუნებული თუ არ ვარ, საუბარი. ორი ადამიანი მოვიდა. ერთ-ერთი არის ისეთი, ვინც ხშირად მონაწილეობს ისეთ აქციებში, რომელიც თავდასხმაზეა. მაგალითად  "და ჩვენ ვიცეკვეთ"  რომ იყო ფილმის ჩვენება, იქ იყო დათო მისული და იქ იყო ერთ-ერთი აქტიური, თავს ესხმოდა ადამიანებს. 

ჯერ დაგვიწყეს ლაპარაკი, როცა აგრესიულად დაიწყეს ლაპარაკი პოლიტიკურ შეხედულებებზე, ვეცადეთ გამოვსულიყავით, მაგრამ, არ გამოვიდა. დაიწყეს ადევნება, შეურაცხყოფები, გინება, თქვენ სიწმინდეებს ერჩით, მუქარა, ამ ქვეყანაში მარტო ვერ გაივლით დაცვის გარეშეო, ერთი ჯოხით იყო, მოისროლა და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადმოვიდა დათოსთან, მე შუაში ჩავდექი, მეც მომხვდა, იყო ფიზიკური დაზიანების საფრთხე. მოწოდებული იყვნენ, რომ აუცილებლად ეჩხუბათ. მეც გადავედი შემდეგ წინააღმდეგობაზე, პატრულს დავიძახე და პატრულის საერთოდ არ გვეშინიაო.

ვიხვეწებოდი ვუყვიროდი დაერეკა ვინმეს პატრულში, მე ვაკავებდი და ორივე ხელი დაკავებული მქონდა. მერე ჩემზე პირადად გადმოვიდნენ, ასეთი ქალი ხარ ისეთი ქალი ხარ... მერე მოვახერხე მეორე მხარეს გადამერბინა, მოვიყვანე პატრული, პატრულთანაც გააგრძელეს გინება, მანქანაში არ სხდებოდნენ და იქვე დამემუქრნენ, რახან პატრულს დაუძახე, გადაკიდება აწი ნახე რას ნიშნავსო,"- ამბობს ხათუნა სამნიძე  

დავით ბერძენიშვილი კი ამბობს, რომ ორივე თავდამსხმელის მხრიდან ისმოდა დედის გინება და მასზე საცემლად იწევდნენ. 

„პარლამენტთან დაიწყო საყვედური, შემდეგ იყო „შენ და შენი ძმა ჩვენს წმინდანს როგორ აგინებთო“ ორივეს მხრიდან ისმოდა დედის გინება. იმდენად მოტივირებულები იყვნენ, დაცვის გარეშე ვერ გაივლითო. ერთმა სცადა ფიზიკურად შემხებოდა და ხელი გამომიქნია. განსაკუთრებული აგრესია იყო ხათუნა სამნიძის მიმართ“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.      

ძალადობა, რომელიც ოპოზიციური პარტიის ლიდერებზე, ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილზე განხორციელდა, არის მწვავედ პოლარიზებული გარემოს და პოლიტიკური შეხედულებების გამო ოპონენტების დევნის შედეგი, რაზეც პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, - ამის შესახებ  კი პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აღნიშნული ფაქტი ძალიან დააზიანებს სახელმწიფოს იმიჯს.

„იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირში საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება ხდება, თავდასხმა „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებზე, რომლებიც აქტიურად მუშაობენ და ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველომ ეს სტატუსი მიიღოს, ძალიან დააზიანებს სახელმწიფოს იმიჯსა და დემოკრატიულ პროცესს.

სამართალდამცავმა სტრუქტურებმა ოპერატიულად და ობიექტურად უნდა გამოიძიონ ეს საქმე. კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯონ ის პიროვნებები, ვინც ამ თავდასხმაში მიიღო მონაწილეობა“, - განაცხადა პაატა დავითაიამ.   

არ ვიცი, რომელ სულელს მოუვიდა თავში აზრად, რომ ჩვენს კოლეგებზე თავდასხმა "ქართულმა ოცნებამ" წაახალისა, რაც მოხდა, მიუღებელია, - ასე ეხმიანება ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა "რეპუბლიკური პარტიის" წევრებზე ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილზე თავდასხმას.

მისი თქმით, განსხვავებული აზრის გამო ადამიანებზე თავდასხმა მიუღებელია.

“მინდა გამოვეხმაურო ჩვენს კოლეგებზე თავდასხმის ფაქტს, რაც მიუღებელია. რაც არ უნდა მიუღებელი იყოს მათი განცხადებები მოსახლეობისთვის, უმრავლესობისთვის თუ უმცირესობისთვის, ეს არ არის საფუძველი თავს დაესხა და შეურაცხყოფა მიაყენო. ეს დასაგმობია და არ შეიძლება. მინდა ვთხოვო მოქალაქეებს, მაქსიმალურად თავი შევიკავოთ, რადგან განსხვავებული აზრის პატივისცემა არის სწორედ დემოკრატია და ის ღირებულებები, რასაც ჩვენ მივაღწიეთ, განსხვავებით რეჟიმისგან, რაც 2012 წლამდე იყო", - განაცხადა ზარქუამ.     

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×