ხატია ბერიძე
28.09.2021

ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტთა უმრავლესობა ოქტომბრის ბოლოს კორონავირუსის ეპიდემიის მეხუთე ტალღას გარდაუვლად მიიჩნევს და აცხადებს, რომ რამდენიმე კონკრეტული მიზეზის გამო ქვეყანაში ეპიდსიტუაცია მკვეთრად გაუარესდება. ისინი „რეზონანსთან" საუბრისას ეპიდემიის სხვადასხვა სცენარებს განიხილავენ და ერთ-ერთი ნეგატიური სცენარით, ოქტომბრის ბოლოს ინფიცირების ყოველდღიურ შემთხვევათა რიცხვი შეიძლება ისევ 5 000-მდე ავიდეს, გარდაცვლილთა ყოველდღიური რაოდენობა კი 100-ს გადაცდეს.

ალერგოლოგ-იმუნოლოგი და პედიატრი გიორგი კამკამიძე აცხადებს, რომ ეპიდემიის მეხუთე ტალღის მასშტაბებზე სამი მთავარი ფაქტორი მოახდენს ნეგატიურ გავლენას - ზამთრის ტურისტული სეზონი, სასწავლო პროცესის აუდიტორიებსა და საკლასო ოთახებში განახლება და ვაქცინაციის დაბალი ტემპი.

„ყველაზე მეტად რაც შეშფოთებას იწვევს, ეს არის ვაქცინაციის დაბალი ტემპი და ასაკობრივი განაწილება. ახალგაზრდა ასაკში, 50 წლის ქვემოთ, ვაქცინაციის 50%-ზე მეტი დაფარვა გვაქვს, მაშინ როდესაც 75 წელს ზემოთ მოსახლეობაში, რომელიც ყველაზე მეტად არის მოწყვადი და სადაც ყველაზე მაღალი სიკვდილიანობაა, ეს მაჩვენებელი 6%-ზე ნაკლებია. ეს ჩვენს ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის განხორციელების თვალსაზრისით სისტემური პრობლემაა", - განაცხადა გიორგი კამკამიძემ „კვირის" პრესკლუბში.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე კი, თუკი ვაქცინაციის ტემპი არ გაიზარდა, მეხუთე ტალღისას ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების შემთხვევები ზრდას პროგნოზირებს.

„ჩვენი ქვეყნისთვის დღეში 1500-2000 ინფიცირებული მაღალი ნიშნულია, 20-დან 30-მდე გარდაცვლილიც მაღალი ნიშნულია. თუ ჩვენ ვახერხებთ მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციას, ვახერხებთ ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვის შემცირებასაც. თუ ამ მიზანს ვერ მივაღწიეთ, მაშინ უნდა შევეგუოთ იმას, რომ საქართველოში კიდევ დიდხანს იქნება ჰოსპიტალიზაციის დიდი პროცენტი, გარდაცვალების შემთხვევებიც, რაც მართლაც ძალიან მძიმე დასკვნაა.

„მარტივი არჩევანი გვაქვს - ან ვიკეთებთ ვაქცინას და გადავრჩებით, ან არ ვიკეთებთ ვაქცინას და მაშინ უნდა შევეგუოთ, რომ ეს ციფრები კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იქნება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მძიმე ტვირთი", - განაცხადა ჩხაიძემ.

მისი ვარაუდით, წლის ბოლომდე მოსახლეობის უმრავლესობის ვაქცინაციის გეგმა ვერ განხორციელდება.

„პანდემიის კონტროლი ნიშნავს, რომ 60%-იანი ვაქცინაციის მოცვის პირობებში ვირუსის გავრცელება, ინფიცირების მაჩვენებელი, ლეტალობის მაჩვენებელი მინიმალურია. 80%-ის შემთხვევაში პანდემია აღარ არის ქვეყანაში, როგორც პრობლემა სამედიცინო, სოციალური და სხვა თვალსაზრისით. ამიტომ, პირველი ზღურბლი გვაქვს გადასალახი.

„პირველიც ვერ გადავლახეთ, აქ 80%-ზე საუბარი არ არის. ეს ძალიან სერიოზული მიზანია. სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ 80%-იანი მოცვა წლის ბოლომდე სრული ფანტასტიკაა. 60%-ის იმედი გვქონდა", - განაცხადა ჩხაიძემ.

ჩხაიძის განცხადებით 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის დაშვებასთან დაკავშირებით იმუნიზაციის საბჭო, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში შეიკრიბება და აღნიშნულ თემაზე იმსჯელებს.

ეპიდემიოლოგი და ჯანდაცვის ექსპერტი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან" საუბრისას ასევე აღნიშნავს, რომ ვაქცინაციის ამჟამინდელი დაბალი ტემპი გავლენას იქონიებს ახალ ტალღაზე.

„ასე თუ გაგრძელდება ვაქცინაცია, მეხუთე ტალღა ჩვენს ქვეყანაში აუცილებლად იქნება. ნაკლები ვაქცინირებული ნიშნავს მეტ ინფიცირებულს და აუცრელებისთვის მეტად მძიმე ფორმას. ვაქცინაციის ეს ტემპი, რომელიც მკვეთრად დავარდა, გავლენას აუცილებლად იქონიებს მეხუთე ტალღის სირთულეზე", - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

მისივე თქმით, ვაქცინაციის გააქტიურებისთვის სახელმწიფომ კონკრეტულ ზომებს უნდა მიმართოს.

„მოსახლეობას, რომელსაც არ ესმის ვაქცინის მნიშვნელობა, არ ესმით, რომ ვაქცინა იცავს ადამიანს სიკვდილისგან და მათი აუცრელობის შედეგი მეტი გარდაცვლილი და მეტი ინფიცირებულია. ამ დროს სახელმწიფომ კონკრეტული ზომები უნდა მიიღოს, უფრო მკაცრი და მოსახლეობის ყველა წევრს მოუწოდოს აცრის გასაკეთებლად, რათა შევძლოთ მეხუთე ტალღის კონტროლი", - განაცხადა „რეზონანთან" საუბრისას ხმალაძემ

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე აკაკი ზოიძე მეხუთე ტალღასთან დაკავშირებით სავარაუდო პროგნოზსს აკეთებს და ამბობს, რომ მეხუთე ტალღასთან გასამკლავებლად ვაქცინა და პირბადე ერთადერთი გზაა მძიმე შედეგების თავიდან ასაცილებლად.

„მეხუთე ტალღას, რომ გადავურჩეთ ამ თვის განმავლობაში დაახლოებით 8000 ახალი აცრაა საჭირო. თუ ვაქცინაციის ტემპი კვლავ დაბალი იქნება მაშინ პირბადის ტარების წესების გამკაცრება გახდება საჭირო მთელი ქვეყნის მასშტაბით", - განაცხადა „რეზონანსთან" აკაკი ზოიძემ.

მისივე თქმით, მეხუთე ტალღა სავარაუდოდ ერთი თვის შემდეგ ოქტომბრის ბოლოს დაიწყება და ამ ერთი თვის განმავლობაში თუ მოსახლეობა კვლავ არ აიცრება დღევანდელი ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი გასამმაგდება.

„დღევანდელი გარდაცვლილთა რაოდენობა კვლავ იმ მაღალი ინფიცირების შედეგია, როცა ქვეყანაში ყოველდღიური ახალი შემთხვევა 5 000-ს აღწევდა.

ამ ერთი თვის განმავლობაში თუ ვერ შევძლებთ ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებას და პირბადის სწორად გამოყენებას, შეიძლება დღევანდელი ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გასამმაგდეს, რაც ძალიან მძიმე შედეგი იქნება", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×