ელზა პაპოშვილი
31.07.2020

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ექვსივე არასრულწლოვანი პატიმრობაში დატოვა.  გადაწყვეტილება სასამართლომ რამდენიმესაათიანი სხდომის შემდეგ მიიღო.  მანამდე კი ერთ-ერთი არასრულწლოვნის ადვოკატი ამბობდა, რომ არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდებოდა ზ.ს.–ს რაიმე შემხებლობა შაქარაშვილთან. მისივე თქმით, გამოძიება ჩიხში შეიყვანეს ახვლედიანმა, ქათამაძემ და ბრეგვაძემ, რადგან მათ გამოძებას ყველა რეალური გარემოება დაუმალეს. 

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიხედვით, ექვსი მათგანის საქმე შაქარაშვილის საქმეში ცალკე წარმოებად გამოიყო. მათი წინასასამართლო სხდომა სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებიდან არა უგვიანეს 40 დღეში  უნდა ჩატარდეს.  

პროკურატურამ სავარაუდოდ უახლოეს ხანში ის პირები უნდა დაასახელოს, ვისაც გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 109-ე მუხლით წაუყენებენ ბრალს.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაგეგმილია ახალი დამატებითი ექსპერტიზა, რომელშიც ექიმები უნდა ჩაერთონ. აქვს თუ არა ოჯახს მათი არჩევის უფლება და რა შეიძლება გამოიკვეთოს დამატებითი ექსპერტიზებით - ამაზე  გიორგი შაქარაშვილის ბიძამ მირიან ნიკოლაძე საუბრობს. 

„ექსპერტიზის გამოკვეთილმა ვითარებამ მოითხოვა ის, რომ სხადასხვა პროფილის სპეციალისტი ჩართულიყო საქმეში. ჩვენი მხრიდან ისედაც სამი ექსპერტია ჩართული, მათ შორის არის ნევროლოგიც. რაც შეეხება სამხარაულს, ის ვის შეარჩევს, ამაში ჩვენ არ ვერევით.

ჩემი მოლოდინით, ეს ექსპერტიზა არსებული ვერსიების გასამყარებლად ერთ-ერთი საყრდენი იქნება, ვინაიდან, ის 14 კითხვა, რომელიც ექსპერტიზაშია, ემსახურება იმას, რომ სხვა გარეშე ვერსიები გამოირიცხოს და პასუხებით მივიდეთ იქამდე და დავრწმუნდეთ, რომ ნამდვილად იყო ბავშვის მიმართ ძალადობა და შემდეგ მისი მდინარე არაგვში გადაგდება.

ამიტომ, ეს ექსპერტიზა იქნება საკმარისზე მეტი საფუძველი იმისა, რომ ექვსივე მათგანს წარედგინოს ბრალი," - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.  

ამ შემთხვევაში საუბარია საქმეში ფიგურანტი ერთ-ერთი მანქანის, „ტოიოტა ქამრის“ მგზავრებზე. 

იქნება თუ არა მათ შორის არჩილ გაგნიძე, რომელიც „ტოიოტა ქამრის“ მგზავრია, ამ საკითხზე მისი ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე ამბობს, რომ გამოზიებას გაგნიძის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულებბეი არა აქვს. 

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალის დამძიმების საკითხს გამოვრიცხავ. იმ პირების მიმართ, რომლებიც „ტოიოტა ქამრიში“ ისხდნენ, არ არსებობს მტკიცებულებები, რომ მათ დანაშაული ჩაიდინეს. მე მესმის დაზარალებულების სულისკვეთება, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ უპირობოდ უნდა გავიზიაროთ ის მოცემულობა, რომელსაც ისინი გვთავაზობენ. საზოგადოების ნაწილს, რომელიც ფიქრობს, რომ „ტოიოტა ქამრის“ ავტომობილში მსხდომებმა ჩაიდინეს დანაშაული, პროკურატურამ უკვე პასუხი გასცა. მათ არ ჩაუდენიათ დანაშაული – ასეა საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით. 

გამოძიება ასევე მუშაობს ვერსიაზე, გვამი მერე ხომ არ არის ჩატანილი იმ ტერიტორიაზე. 

„არჩილ გაგნიძე გამოძიებას სთავაზობდა, რომ ჩატარებულიყო მის მიერ საგამოძიებო ორგანში ჩვენების გადამოწმება, პარადოქსია, მაგრამ ჩვენ ამაზე უარი მივიღეთ იმ არგუმენტით, რომ ამ ეტაპზე არ აქვთ სურვილი საგამოძიებო უწყებამ მსგავსი ტიპის საგამოძიებო მოქმედება ჩაატაროს. ეს მაფიქრებინებს, რომ ორმაგ სტანდარტებთან გვაქვს საქმე," - განაცხადა შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის არჩილ გაგნიძის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×