რეზონანსი
28.05.2020

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ბექა ლილუაშვილმა განმარტა, ვინ შეძლებს იპოთეკური სესხის სუბსიდირებით სარგებლობას.

მისი თქმით, „დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმით, მთავრობა აპირებს არამხოლოდ იპოთეკური სესხის სუბსიდირებას, არამედ ამ მძიმე ვითარებაში, იმ სექტორის მხარდაჭერას, სადაც კრიზისის შედეგებიც ძალიან კარგად გვახსოვს".

ლილუაშვილის განცხადებით, მშენებლობის სექტორში დასაქმებულია 120 ათასი ადამიანი და თითქმის ამდენივე მშენებლობასთან დაკავშირებულ სექტორებში.

„ამიტომ, მთავრობის ამოცანაა, ყველა წარმოდგენილი ღონისძიებით დაეხმაროს პირველ რიგში ამ სექტორში დასაქმებულ ადამიანებს და შეუნარჩუნოს მათ სამუშაო ადგილები. პირველ რიგში ეს არის სესხის პროცენტის სუბსიდირება, რაც გულისხმობს იმას, რომ იმ ადამიანებისთვის, ვინც წლის ბოლომდე აიღებს იპოთეკურ სესხს ბინის შესაძენად, მთავრობა იპოთეკური სესხის პროცენტის ოთხ პროცენტს დაუსუბსიდირებს. მაგალითად, თუ დღეს იპოთეკური სესხი ლარში შეადგენს პირობითად 11 პროცენტს, მსესხებელს საშუალება ექნება, აიღოს სესხი და რეალურად მისი საპროცენტო ტვირთი იქნება შვიდი პროცენტი. ეს სუბსიდია შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც წლის ბოლომდე აიღებენ იპოთეკურ სესხებს და მხოლოდ და მხოლოდ იმ სესხებს, რომლებიც ნაკლებია 200 ათას ლარზე. ამით ჩვენ, რა თქმა უნდა, განვსაზღვრეთ ასევე ის სეგმენტიც, რომელიც მეტ-ნაკლებად დაბალშემოსავლიანია, რადგან 200 ათას ლარამდე სესხი არის საშუალო დონის საცხოვრებელი ბინის ღირებულება.

მეორე ინსტრუმენტია სესხის გარანტია, რაც გულისხმობს იმას, რომ სექტორში კრიზისისას, როგორც წესი, იზრდება პირველადი შენატანების მოცულობა. ეს არის ის შენატანი, რომელსაც მყიდველი ბინის შეძენისას წინასწარ იხდის, ხოლო დანარჩენ თანხაზე სესხს აკეთებს. ეს კრიზისის პერიოდში სექტორის მხრიდან გაყიდვებს ამცირებს, ამიტომ მთავრობამ გადაწყვიტა, გახდეს თითოეული მოქალაქის თანამსესხებელი - ე.წ გარანტორი და განახორციელოს გარანტია მისი სესხის 20%-ის ოდენობით", - განმარტა ბექა ლილუაშვილმა.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×