რეზონანსი
19.04.2024

ოპოზიციონერმა დეპუტატმა, არმაზ ახვლედიანმა პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს პოლიციელების მიერ „მოქალაქეების" დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის ცემის ფაქტზე საკუთარი პოზიციის გამოხატვა სთხოვა, რაზეც შალვა პაპუაშვილმა უპასუხა, რომ საკითხზე სპეციალური საგამოძიებო სამსახური მოკვლევას ატარებს და რომ ის პარლამენტის თავმჯდომარეა და არა მოსამართლე.

არმაზ ახვლედიანმა შალვა პაპუაშვილს ასევე მოუწოდა, აეხსნა, თუ რატომ არის „საქართველოს პარლამენტი ჩაკეტილი".

„გაოგნებული ვარ ამ სისასტიკით, ვერაგობით და ბატონო თავმჯდომარევ, გთხოვთ, რომ გამოხატოთ თქვენი პოზიცია პარლამენტის წევრის ასე საჯაროდ აბუჩად აგდების და სასტიკად ცემის გამო. აგრეთვე, მოგიწოდებთ ბატონო თავმჯდომარევ, აგვიხსნათ დეპუტატებს, რატომ არის საქართველოს პარლამენტი ჩაკეტილი? რატომ არის, რომ ვერ შემოდიან მოქალაქეები კვლავაც და რატომ არის, რომ ჩვენ, დეპუტატებსაც არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ჩვეულებრივი გზით ვიაროთ? დერეფნებში რატომაა არა ერთი კარი ჩაკეტილი? აგვიხსენით, რა რეჟიმია ასეთი დაუსრულებელი," - მიმართა ახვლედიანმა პაპუაშვილს.

პასუხად, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ შეზღუდვები უსაფრთხოების დაცვის გამო დაწესდა, რაც მისივე შეფასებით, სწორი გადაწყვეტილება იყო.

„რაც შეეხება უსაფრთხოების რეჟიმს, ეს გამოწვეულია იმით, რომ სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილი გამოირჩევა რადიკალიზმით, მათ შორის, წინა დღეებში, ოპოზიციისა და NGO-ების მიერ ორგანიზებული აქციებზე ვნახეთ, რომ ყოველ ჯერზე ხდებოდა აგრესიის გამოვლენა, მათ შორის, პოლიციელების წინააღმდეგ. ასევე, სხვადასხვა საგნების სროლა. ჩვენ გვაქვს შარშან მარტიდან ცუდი გამოცდილება, რომ ოპოზიცია, რომელიც არგუმენტით ვერ ჭრის, ცდილობს, რომ ძალით გაჭრას, ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენი თანამშრომლების, პარლამენტის წევრების დაცვის, უსაფრთხოების დაცვის და სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით არის ხოლმე ასეთი რეჟიმი დაწესებული. მე მგონი, ამ დღეებმაც აჩვენა, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო. რაც უფრო მეტად მშვიდი იქნებით თქვენ, მით უფრო ნაკლები უსაფრთხოების წესები იქნება საჭირო, რაც უფრო აგრესიულები იქნებით და ლაპარაკის ნაცვლად ძალადობისკენ გაიხედავთ, მეტად იქნება უსაფრთხოება [დაცული]. ეს ჩემი ვალდებულებაა.

რაც შეეხება მეორე საკითხს, იცით, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო სამსახური აკეთებს მოკვლევას. ასე რომ, ეს მათი კომპეტენციაა. დიახ, სწორედ აღნიშნეთ ბატონო არმაზ, მე პარლამენტის თავმჯდომარე ვარ და არა მოსამართლე," - მიმართა პაპუაშვილმა ახვლედიანს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×