რეზონანსი
09.04.2024

ემოციური დღეა. ყველას გვახსოვს ეს დღე, როგორც გარდამტეხი დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რასაც შემდგომ მოყვა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და რისთვისაც ქართველმა ხალხმა საკმაოდ ძვირი ფასი გადაიხადა ადამიანების სიცოცხლის სახით, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „დღის ქრონიკაში" 9 აპრილთან დაკავშირებით განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილმა სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება შეაფასა და მას ისტორიული უწოდა.

„დღევანდელ დღეს სტრასბურგის გადაწყვეტილება ნამდვილად ისტორიულია. ესეც იმ ბრძოლის გაგრძელებაა, რომელიც 35 წლის წინ დაიწყო და რომელ ბრძოლასაც ჩვენი თანამოქალაქეები შეეწირნენ. ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლას ისევ ვაგრძელებთ და ჩვენი სახელმწიფოს დიდი გამარჯვებაა, როდესაც დღეს ვისაუბროთ არა მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით, არა მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციებში განცხადებების ან რეზოლუციების მიღებით, დღეს უკვე სასამართლოს გზით საქართველო უკვე გამარჯვებულია. როდესაც სასამართლოს წესით დღეს უკვე დაგმობილია რუსეთის მავნე ქმედებები, ეს არის საქართველოსა და იმ ადამიანების დიდი გამარჯვება, ვინც ამ პროცესშია ჩართული", - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2024 წლის 9 აპრილს გამოიტანა გადაწყვეტილება მეოთხე სახელმწიფოთაშორის საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV)", რომელიც ეხება 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ, ადმინისტრაციული საზღვრების „ბორდერიზაციას".

პალატის დღევანდელ გადაწყვეტილებაში, საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV)" (საჩივარი №39611/18) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შემდეგი მუხლების დარღვევას: მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება), მე-3 ( არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა), მე-5 §1 მუხლი (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) და მე-8 მუხლი (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება), 1-ლი ოქმის 1 (საკუთრების დაცვა) და მე-2 (განათლების უფლება) მუხლები და მე-4 ოქმის მეორე მუხლი (მიმოსვლის თავისუფლება).

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×