რეზონანსი
28.03.2024

სტრასბურგის გადაწყვეტილება მრავლისმეტყველია და ბევრ რამეს უსვამს ხაზს. მე მგონი უმთავრესია, რომ გაცხადდა - თავიდან ბოლომდე ინსინუაცია და სიყალბე იყო მთელი ის შავი პიარი, წარმოებული მოსამართლე ჩხიკვაძისა და ზოგადად სასამართლო სისტემისა და საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, - ამის შესახებ, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ცაგარეიშვილმა „დღის ქრონიკაში" ნიკა გვარამიას საქმეზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამ შავ პიარს წარმართავდნენ დაინტერესებული პირები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ და კონკრეტულად ამ საქმესთან დაკავშირებით წლების განმავლობაში მიმდინარეობდა საზოგადოებაში იმ აზრის ჩამოყალიბების მცდელობა, თითქოს გვარამია პოლიტიკური პატიმარია, ლაშა ჩხიკვაძე და მთლიანად სასამართლო ხელისუფლება კი პოლიტიკურ გავლენებს არის დაქვემდებარებული. ცაგარეიშვილს მიაჩნია, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ ეს ყველაფერი გააქარწყლა.

„ნიშანდობლივია, რომ ვერცერთ კონკრეტულ საქმეზე, რომელიც წაღებული იყო ჩვენი სასამართლოებიდან სტრასბურგში, „ნაციონალურმა მოძრაობამ", მისმა ზოგიერთმა ლიდერმა თუ სხვადასხვა განშტოებამ, წარმატებას ვერ მიაღწიეს. ყველა საქმე წააგეს ამ კრიმინალებმა სტრასბურგში და მომავალშიც ასე გაგრძელდება, იმიტომ რომ ის დანაშაულები, რომლებსაც ეს ადამიანები სჩადიოდნენ, არის მხილებული საქართველოს პროკურატურის მიერ, არის მტკიცებულებებით დახუნძლული, შესაბამისი წესით წარმართული საქართველოს სასამართლოებში და გამამტყუნებელი განაჩენებია მათ უმრავლესობასთან დაკავშირებით გამოტანილი. ისეთი განაჩენებია, რომლებსაც წყალი არ გაუვა. ამის მიუხედავად, ისინი ცდილობენ სხვადასხვა მექანიზმის გამოყენებით, განსაკუთრებით ლობისტური კამპანიების, განსაკუთრებით გარე გულშემატკივრების, განსაკუთრებით გარეთ შექმნილი საზოგადოებრივი აზრის ფორმირების მოშველიებით, ქვეყნის შიგნით ჩამოაყალიბონ ისეთი სურათი, თითქოს სასამართლო სისტემა წყალწაღებულია, თითქოს სასამართლო სისტემა დაქვემდებარებულია ზეგავლენას ხელისუფლების მხრიდან.

ბოლო კვლევა, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, ცხადყოფს იმას, რომ საქართველო ამ მიმართულებითაც მოწინავეა. არავითარი ზეწოლა ხელისუფლების მხრიდან სასამართლოზე არ ხორციელდება", - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×