რეზონანსი
28.03.2024

ერთადერთი პარტია არის „ნაცმოძრაობა", რომელსაც აქვს შანსი, რომ საარჩევნო ბარიერი გადალახოს, მაგრამ მაგათი საქმე ისე მიდის, შეიძლება, მანდაც პრობლემები შეექმნათ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, სხვა პარტიები აღიარებენ, რომ საქმე იქამდე მიიყვანეს, ბარიერის გადალახვის შანსიც არ აქვთ.

„წესით, სისხლის სამართლის დამნაშავის განცხადებებზე კომენტარის გაკეთება არ ღირს, მაგრამ სამწუხაროდ, ზოგიერთმა ჩვენმა ევროპელმა პარტნიორმა უხერხულ მდგომარეობაში აქაც ჩაგვაყენა, როცა სააკაშვილი სასჯელისა და სანქციებისგან გვერდის ავლით ევროპაში თავისუფლად გადაადგილდებოდა, ზუსტად იმ კაბინეტებში დაიარებოდა, სადაც დღეს ზურაბ ადეიშვილს ვხედავთ. მას ხელს ართმევდნენ, კონგრესებზე პატიჟებდნენ და ამით აგულიანებდნენ, რომ საქართველოში რადიკალური დღის წესრიგი გაეგრძელებინა. მაშინ, ბევრმა უცხოეთში ქართველი ხალხი გასწირა იმისთვის, რომ სააკაშვილი ჩუმად შემოპარულიყო. რომ არა ჩვენი უსაფრთხოების სამსახურის მოქმედება, რომელმაც სააკაშვილის შემოპარვა დროულად გამოავლინა, დაიჭირა და ზის იქ, სადაც ზის, ვინ იცის, დღეს რა იქნებოდა - ვისი ტყვია გავარდებოდა და ვისი ტანკი დადგებოდა თბილისის ქუჩებში. დღეს, როცა მართლმსაჯულების კეთილსინდისიერებზე გველაპარაკებიან, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ განაჩენები ზუსტად იმ სასამართლომ გამოიტანა, რომლის გადაწყვეტილებებიც სტრასბურგმა რამდენჯერმე მოიწონა. სად არის იმ ხალხის ბოდიშები, ვინც მიხეილ სააკაშვილს ხელს ართმევდა და მას ასეთი საქციელისკენ აგულიანებდა? - რომ არა სუს-ის მოქმედება, ფაქტობრივად, ჩვენ არეულობისკენ გაგვწირეს ისე, რომ შემდგომ არც არავის წუხილი გამოუხატავს და არც ბოდიში მოუხდია. არც არავინ თქვა, რომ არ იცოდნენ სააკაშვილი ამას თუ დააპირებდა", - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, სააკაშვილი დღემდე არის უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, ზოგიერთი უკრაინელი პოლიტიკოსისგან ისმის ქედმაღლური განცხადებები იმის შესახებ, თურმე, სააკაშვილი უნდა გადავცეთ.

„დღემდე ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე კრიმინალ სააკაშვილს იწვევენ და ახსენებენ. სადმე თუ კეთილსინდისიერების პრობლემაა, სწორედ ამ ჯგუფებშია, როცა კრიმინალ სააკაშვილს ხელს ართმევდნენ და მეგობარს უწოდებდნენ. ეს არის პრობლემა.

რაც შეეხება პატარა პარტიებს და მათ რეიტინგს, ყველა კვლევიდან ჩანს, რომ „ქართული ოცნება" დამაჯერებლად გაიმარჯვებს და დიდი შანსია, რომ კონსტიტუციური უმრავლესობა გვქონდეს. ერთადერთი პარტია „ნაცმოძრაობაა", რომელსაც აქვს შანსი, რომ საარჩევნო ბარიერი გადალახოს, მაგრამ მაგათი საქმე ისე მიდის, რომ შეიძლება, მანდაც პრობლემები შეექმნათ. სხვა პარტიები კი აღიარებენ, რომ საქმე იქამდე მიიყვანეს, რომ ბარიერის გადალახვის შანსიც არ აქვთ", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×