რეზონანსი
25.03.2024

რადიკალები თუკი არ დათანხმებიან საკონსტიტუციო ცვლილებებს, ნიშნავს, რომ ხელში ლგბტ დროშას დაიკავებენ, - ამის შესახებ მედიასთან პოლიტიკური პარტია „ხალხის ძალის" აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა, თუ რა შინაარსი და მიზანი აქვს მმართველი გუნდის მიერ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ წამოყენებულ საკანონმდებლო ინიციატივას.

„საზოგადოებას და, მათ შორის, ოპოზიციას შევთავაზეთ, რომ ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები მივიღოთ იმ პრინციპების გათვალისწინებით, რაც, ოჯახის ინსტიტუტთან დაკავშირებით, კონსტიტუციაში გვაქვს ჩაწერილი: რომ ოჯახი შედგება ქალისა და მამაკაცის ერთობისგან. ამ ღირებულების დაცვის გაგრძელება იქნება, მათ შორის, არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის კუთხით, ის, რომ ქვეყანაში ლგბტ პროპაგანდა აიკრძალება.

რადიკალებს ახლა უკვე პირდაპირ მოუწევთ იმის აღიარება, თანახმა არიან თუ არა იმ პრინციპების დაცვასა და გაგრძელებაზე, რომ მაგალითად, ოჯახი მხოლოდ ქალისა და კაცის ერთობაა, თუ როგორც ადრე მოაწერეს ხელი, რომ თურმე კონსტიტუციაში ასევე უნდა ჩაგვეწერა - სხვა პირებსაც, რომელიც არატრადიციული ცხოვრებით ცხოვრობენ, შეეძლოთ ოჯახის შექმნაო, ისევ ამის მომხრე იქნებიან. თუკი არ დათანხმებიან საკონსტიტუციო ცვლილებებს, ნიშნავს, რომ ხელში ლგბტ დროშას დაიკავებენ.

კანონპროექტის ინიციატორებს ერთი თვე ვალდებულება გვაქვს, რომ საქართველოს მასშტაბით ვიაროთ და ამ კონსტიტუციურ პროექტს პროპაგანდა გავუწიოთ, რადგან კონსტიტუციაში რა ცვლილებაც შედის, ეს საზოგადოებას კარგად უნდა ავუხსნათ. საზოგადოების წინაშე ვამბობთ, რომ კანონპროექტი ლგბტ პროპაგანდის აკრძალვასთან დაკავშირებით აუცილებლად დაინიცირდება, რომლის მიღების შესაძლებლობაც უმრავლესობას ოპოზიციის გარეშეც გვაქვს. საკონსტიტუციო პროექტი კი, სადაც უკვე ჩადებულია ოჯახის განმარტება, რომ ის შედგება ქალისა და მამაკაცის ერთობისგან, იმიტომ გვჭირდება, რომ ის კიდევ ერთხელ გამყარდეს და სამომავლოდ, რიგითი ან თუნდაც ორგანული კანონით, ვერავინ შეძლოს კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ დააწესოს ერთნაირსქესიანთა ქორწინება, ან რაიმე საპირისპირო, ვიდრე ოჯახის განმარტებაა. კიდევ ერთხელ დავინახავთ, ოპოზიცია ამაზე უარს იტყვის თუ - არა. მოკლედ, არჩევანია ასეთია: ან ეროვნული დროშა, ან - ლგბტ დროშა; ჯერი ახლა უკვე ოპოზიციაზეა", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×