რეზონანსი
19.03.2024

„ვეტინგთან“ დაკავშირებით არ ვაპირებთ შემდეგ დისკუსიაში შესვლას, რადგან ამასთან დაკავშირებით ჩვენი მხრიდან უკვე ითქვა ყველა არგუმენტი, პასუხი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, „ვეტინგი“ არის ძალიან უხეში ჩარევა სასამართლოს დამოუკიდებლობაში, სასამართლოს დამოუკიდებლობის კონსტიტუციურ გარანტიებში.

„არ ვაპირებთ იმას, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთა თავის დროზე, როცა სასამართლოში წმენდა ჩაატარა და შემდეგ მთლიანად დაიმორჩილა სასამართლო. არ ვაპირებთ, „ვეტინგის“ ქვეშ გავიმეოროთ იგივე. ამან საქართველო ერთხელ უკვე მიიყვანა ძალიან ცუდ შედეგამდე.

სწორი გზაა ის, რომლითაც ახლა მიდის საქართველო. დღეს სასამართლო არის უფრო დამოუკიდებელი, ევროპული, თავისუფალი, სამართლიანი. ეს დაადასტურა ევროსასამართლომაც არაერთი მაღალი ინტერესის მქონე საქმეზე. სასამართლოს კრიტიკოსებს ამ გადაწყვეტილებების შემდეგ ერთხელაც არ მოუხდიათ ბოდიში, დღეს იგივე ხალხი ითხოვს „ვეტინგს“. „ნაცმოძრაობას“ და მათ ლობისტებს სურთ, „ვეტინგის“ საშუალებით დაიბრუნონ სასამართლოში გარკვეული გავლენები, რაც დაუშვებელია. კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმები დღეს საქართველოს აქვს, საქართველო არის დემოკრატიული ევროკავშირის წევრობის კანდიდატი და ჩვენს კანონმდებლობაში არსებობს კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმები. გარე ჩარევა ასეთი უხეში ფორმებით, როგორიც არის „ვეტინგი“ და რომლის ანალოგიც არ არის არცერთ განვითარებულ ქვეყანაში, რა თქმა უნდა დასაბუთებული არაა. ამის საჭიროება არ არსებობს. გადაწყვეტილებები, რომლებიც ქართველმა მოსამართლეებმა მიიღეს, დაადასტურა სტრასბურგმა. კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმები არის კანონმდებლობაში, არსებობს სპეციალური ინსტიტუტები. დამატებითი მექანიზმები, რომლებიც შეფუთულია ახალი სიტყვის ქვეშ, საქართველოს არ სჭირდება. ამან არაფერი კარგი არ მოიტანა წინა ხელისუფლების დროს და გამეორება არ გვჭირდება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ვეტინგის“ თემას დახურულად აცხადებენ: „ე.წ. ვეტინგის თემას დახურულად ვაცხადებთ, ქვეყნის კონსტიტუციასა და დამოუკიდებლობაზე დარტყმას საკუთარი ხელით ნამდვილად არ ვაპირებთ“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×