რეზონანსი
28.12.2023

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ფრანგულ გამოცემა Le Point-ს ინტერვიუ მისცა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება სათაურით- „პუტინს უნდა მთელი უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის დაპყრობა"

"იმ დროს, როცა ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, 56 წლის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ისევ თბილისში, ციხეში იმყოფება. 2021 წელს დაპატიმრებული „ვარდების რევოლუციის" გმირი, დასავლეთთან დაახლოების მგზნებარე მომხრე, საკუთარ თავს პოლიტიკური პროცესის მსხვერპლად მიიჩნევს. 6-წლიანი პატიმრობამისჯილი, გმობს მართლმსაჯულებას, რომელიც ქვეყნის ყველაზე ძლიერი ადამიანის, მილიარდერ და პუტინის მეგობარ ბიძინა ივანიშვილის დავალებებს ასრულებს. მიუხედავად ამისა, მიხეილ სააკაშვილის ახლობლები იმედით აღვსილნი არიან. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც თავადაც გამოდის ქვეყნის ევროინტეგრაციის მომხრედ, თავის ბოლოდროინდელ განცხადებაში ხაზს უსვამს იმას, რომ „არასოდეს მკაფიოდ არ უთქვამს უარი შეიწყალოს" საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი. ეს არის ერთგვარი ღიაობა, რომელიც კონტრასტულია ზურაბიშვილის ადრინდელ ნეგატიურ დამოკიდებულებასთან. საპატიმროს კლინიკა „ვივამედიდან", ფიზიკურად ძალიან დასუსტებული მიხეილ სააკაშვილი, Le Point-ის კითხვებს წერილობით პასუხობს. დაპატიმრებამდე ის კონსულტაციებს უწევდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. ის საუბრობს უკრაინის ომსა და საკუთარი ქვეყნის ევროპულ საკითხზე.

Le Point: რა ვითარებაშია თქვენი ჯანმრთელობა?

მიხეილ სააკაშვილი: ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა პრობლემატურად რჩება. ჩემი მოწამვლის მძაფრმა ფაზამ გადაიარა, თუმცა სიმპტომები დარჩა. ჩემი პატიმრობის დასაწყისში ჩემი ზურგის ტვინი ძალადობის შედეგად დაზიანდა, ეს გადაადგილებისას ტკივილს და სირთულეებს მიქმნიდა.

Le Point: საკვებს როგორ იღებთ?

მიხეილ სააკაშვილი: ჩემი მენიუ ძალიან შეზღუდულია. მე უკვე აღარ შემიძლია მივიღო ის საკვები, რომელსაც ვიღებდი შიმშილობამდე და მოწამვლამდე.

Le Point: ხელისუფლება როგორ გეპყრობათ?

მიხეილ სააკაშვილი: ხელისუფლებამ პარლამენტის წევრებთან სატელეფონო საუბარი და მათი მიღება ამიკრძალა, მიუხედავად იმისა, რომ კანონი მაძლევს ამის უფლებას.

Le Point: ზოგიერთები დასავლეთში უკრაინის ხელისუფლებას მოლაპარაკებებისკენ უბიძგებენ. რამდენად მართლები არიან ისინი? შესაძლებელია ჯერ კიდევ პუტინთან მოლაპარაკება?

მიხეილ სააკაშვილი: პუტინთან მოლაპარაკებები აბსოლუტურად შეუძლებელია. 2008 წელს ჩვენ ვცადეთ. ევროკავშირი რუსეთსა და საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გარანტიას იძლეოდა, რომელიც რუსეთმა რამდენიმე დღეში დაარღვია იმაზე დაყრდნობით, რომ აუცილებელია ახალი რეალობის გათვალისწინება. რუსეთს უნდა მთელი უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის დაპყრობა და შემდეგ ნატო-ს ქვეყნებზე თავდასხმა.

Le Point: თუ გახსოვთ პუტინთან დღევანდელი სიტუაციის აღმწერი საუბარი?

მიხეილ სააკაშვილი: პუტინთან ჩემი ბოლო შეხვედრის დროს მან მითხრა: „თქვენი დასავლელი მეგობრები ბევრ სიკეთეს გპირდებიან, მაგრამ საკუთარ დაპირებებს არ ასრულებენ. მე კარგს არაფერს გპირდები, მაგრამ საკუთარ დაპირებებს ყოველთვის ვასრულებ".

Le Point: თქვენ კარგად იცნობთ ვოლოდიმირ ზელენსკის. თვლით თუ არა, რომ მას საკუთარი სტრატეგიის შეცვლა მართებს?

მიხეილ სააკაშვილი: ზელენსკი გააგრძელებს უკვე დაწყებულ რეფორმებს და შიდა რეპრესიებს სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფების მიმართ, რომლებიც აგრძელებენ არსებობას პარლამენტისა და თვითმმართველობის დონეებზე, რომლებიც ბლოკავენ და აფერხებენ ზელენსკის ზოგიერთ რეფორმებს ომის პირობებშიც კი.

Le Point: როგორ უნდა მოხდეს საქართველოს მოსახლეობის ევროპულ მისწრაფებებსა და საქართველოს მთავრობის პრორუსულ პოზიციებს შორის გარღვევა?

მიხეილ სააკაშვილი: დახმარების გაწევა მხოლოდ მიზანმიმართულ სანქციებს შეუძლიათ. არჩევნების გრძელვადიანი დაკვირვება, რეფორმების მომზადებაში დახმარება და საჯარო განცხადებები, რომლებიც ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას წაახალისებს. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, რომელიც რუს ოლიგარქს ეკუთვნის, რომელიც ქვეყნის ყველა ინსტიტუტს აკონტროლებს. სიტუაცია გაცილებით მძიმეა, ვიდრე სლოვაკეთში მეჩიარეს (ვლადიმერ მეჩიარ, სლოვაკეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი 1990-1998 წლებში. რედ.). ევროკავშირისთვის დიდი შეცდომა იქნებოდა ურთიერთობების ძველებურად გაგრძელება იმ რეჟიმთან, რომელსაც ქართველი ხალხის უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ და პუტინის სასიხარულოდ ციხეში ოპოზიციის ლიდერი ჰყავს გამოკეტილი. იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში არსებობენ სხვა პოლიტპატიმრები, რომელთა შესახებ არავინ არ იცის, საქართველოში არ არსებობს ადგილი, სადაც რეალური მართლმსაჯულება აღესრულება. ოლიგარქი დარწმუნებულია, რომ მისი მთავრობა მუდმივად დარჩება და არანაირ ვითარებაში არ დათმობს ძალაუფლებას. ევროპამ უნდა უზრუნველყოს, რომ მე არ შევიდე ისტორიაში როგორც უკანასკნელი ლიდერი, რომელმაც მშვიდობიანად დათმო ძალაუფლება.

Le Point: როგორ რეაგირებთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეწყალების თაობაზე მზაობის ნიშნებზე?

მიხეილ სააკაშვილი: საკუთარი ხელმოწერით მას შეუძლია შვილებს დაუბრუნოს მამა და საქართველოში პოლიტიკური ბალანსი აღადგინოს. მისი განცხადებები სახელმწიფო მოღვაწის საკადრისია. მე ვუწონებ მას სახელმწიფოებრივ სიბრძნეს, რომელიც მან ევროპის საკითხში გამოამჟღავნა. ჩემთვის ძალიან ძნელია ჩემს ოჯახსა და შვილებთან განშორება. ჩემი ქალიშვილი ალისა ფიქრობს, რომ მე არ მივდივარ სახლში იმ მიზეზით, რომ სულ დაკავებული ვარ სამსახურში. ჩემი ვაჟიშვილი ნიკოლოზისთვის, მოზარდისთვის და შესაბამისად, ძალიან მძიმე ასაკში მყოფისთვის, ჩემი პატიმრობა ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური დატვირთვაა.

77 წლის დედაჩემი ყოველდღე მოდის ციხის საავადმყოფოში და ჩემთვის საკვები მოაქვს. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რამდენად მძიმეა ეს?

ბოლოს, რაც მკლავს, არის ის, რომ მე ვიცი, რომ წარდგენილ ბრალდებებში სრულიად უდანაშაულო ვარ და საქართველოში სამართლიან სასამართლოს ვერ მივაღწიე. ფაქტია ის, რომ საზოგადოებრივი გამოკითხვები აჩვენებენ, რომ მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ჩემი გათავისუფლება სურს.

Le Point: როგორ ანალიზს აძლევთ იმ სირთულეებს, რომლებსაც უკრაინის კონტრშეტევა შეეჯახა?

მიხეილ სააკაშვილი: განაღმვის რესურსები, რომლებსაც ფლობს უკრაინა, არასაკმარისია. რუსეთის უპირატესობა ჰაერში, უკრაინის მხარეს ჯარისკაცების არასაკმარისი რაოდენობა, შეიარაღების დაგვიანებულმა და არასრულმა მიწოდებამ გაართულა ოპერაცია.

Le Point: რუსეთი ომს იგებს?

მიხეილ სააკაშვილი: ნამდვილად არა. არ არსებობს შემთხვევა, როცა მსხვილი ქვეყანა, რომელიც უშედეგოდ ატარებდა თავდასხმით ომს, შეძლო წლების განმავლობაში ეწარმოებინა სამხედრო მოქმედებები და საბოლოოდ მოეპოვებინა გამარჯვება. რუსეთი გაიჭედა და კოლაფსისთვის არის განწირული.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×