რეზონანსი
15.11.2023

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა დეპუტატ ფრიდონ ინჯიას საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც არაელექტრონული - ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობის მქონე მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის შესაძლებლობა ექნებათ. კანონპროექტს მხარი 77-მა დეპუტატმა დაუჭიტა 7 კი წინააღმდეგი იყო. 

კენჭისყრის წინ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ კოლეგებს ფრიდონ ინჯიას კანონპროექტზე შემდგომი კონსულტაციები და ალტერნატიული ინიციატივების წარმოდგენა შესთავაზა.

“ოპოზიციის წევრებს, ვინც საკითხს კითხვის ნიშნით უდგებით, გთავაზობთ: - მომავალი პლენარული სხდომების კვირამდე არის ორი კვირა, გთხოვთ საკითხის ალტერნატიური გადაჭრის გზები წარმოადგინოთ. თუ არა ის, რაც ფრიდონ ინჯიამ წარმოადგინა, როგორ უზრუნველყოფთ საკითხის გადაჭრას - ვიმსჯელოთ და ამის მიხედვით გადავწყვიტოთ, საბოლოოდ როგორი ფორმულირებით დავუჭიროთ საკითხს მხარი“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მოქმედი კანონის გათვალისწინებით, პარლამენტის 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ იმ პირებს ექნებათ, რომელთაც ელექტრონული პირადობის მოწმობები და საქართველოს მოქალაქის პასპორტი გააჩნიათ.

როგორც ინჯიას მიერ წარდგენილი კანონის პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, საქართველოს მოქალაქე, რომელსაც არაელექტრონული პირადობის მოწმობა აქვს, კონსტიტუციით გათვალისწინებული საარჩევნო უფლებით ვერ ისარგებლებს, რითაც საქართველოს მოქალაქეობის მქონე ათიათასობით პირს შეეზღუდება კონსტიტუციური უფლება, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და თავიანთი პოზიცია დააფიქსირონ.

“არჩევნები არის ერთგვარი ინსტიტუციური მექანიზმი, რომელსაც მოქმედებაში მოჰყავს დემოკრატია. იმისათვის, რომ შედგეს “ხალხის მმართველობა“, ხალხმა უნდა მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკაში, ამის საუკეთესო გზა არჩევნებია“, - ვკითხულობთ პროექტის განმარტებით ბარათში.

შესაბამისად, პარლამენტში განსახილველად წარდგენილი პროექტის მიხედვით, არჩევნებში ხმის მიცემა და სხვა სათანადო პროცედურების განხორციელება შესაძლებელი იქნება, აგრეთვე საქართველოს მოქალაქის არაელექტრონული - ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობით.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×