რეზონანსი
29.09.2023

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შესაძლო დესტაბილიზაციისა და არეულობის მოწყობის საქმეზე გამოძიებასთან დაკავშირებით სერბეთის სამი მოქალაქის გამოკითხვა დასრულდა.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, გამოკითხულმა პირებმა სუს-ის შენობა ადვოკატებთან ერთად დატოვეს.

ადვოკატების ინფორმაციით, მათი დაცვის ქვეშ მყოფებს გაუთქმელობის ხელშეკრულობაზე მოაწერინეს ხელი, რის გამოც, ისინი გამოკითხვისა და საქმის დეტალებზე ვერ ისაუბრებენ.

„გამოძიების ფარგლებში გაფრთხილებული ვარ საქმის დეტალების გაუთქმელობაზე. ამ საქმეზე კომენტარის გაკეთება არ შემიძლია, ვგულისხმობ, შინაარსთან დაკავშირებით საუბარს. ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ ეს არის აბსურდული საქმე. რიგ შემთხვევებში ძალიან სასაცილო კითხვები დაისვა და რომ მქონდეს ამის თქმის საშუალება, დარწმუნებული ვარ, საზოგადოება ამას ძალიან ცხადად დაინახავდა", - განაცხადა ერთ-ერთმა ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა.

არსებული ინფორმაციით, სერბეთის სამივე მოქალაქე ორგანიზაცია „კანვასის" წევრები არიან და გამოკითხვაზე მისვლამდე იმყოფებოდნენ თბილისში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში, ტრენინგზე, რომელზეც ესწრებოდა რამდენიმე ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია. როგორც ცნობილია, სემინარის მთავარი თემა იყო „სამოქალაქო აქტივიზმი".

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 18 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ „საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა ჯგუფი საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციას, სამოქალაქო არეულობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა". საქართველოში დესტაბილიზაციის გეგმის ორგანიზატორებად სუს-ი გიორგი ლორთქიფანიძეს, მიხეილ ბატურინსა და მამუკა მამულაშვილს ასახელებს.

„დადასტურებული და გადამოწმებული ინფორმაციით, გიორგი ლორთქიფანიძის მიერ შემუშავებული გეგმის შესასრულებლად გამოყენებული იქნება უკრაინაში მებრძოლი ქართული წარმოშობის საკმაოდ დიდი ჯგუფი და დაინტერესებული მხარის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული ქართველი ახალგაზრდების ნაწილი, რომელთა გადამზადება-წვრთნა მიმდინარეობს პოლონეთი-უკრაინის სახელმწიფო საზღვრის მიმდებარედ. რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი", რომლის ბირთვსაც შეადგენს ორგანიზაცია „ოტპორი". სწორედ ამ ორგანიზაციებმა წარსულში მიიღეს აქტიური მონაწილეობა სერბეთში განვითარებულ რევოლუციურ პროცესებში და, შესაბამისად, რეგულარულად გამოიყენებიან სხვადასხვა ქვეყანაში ახალგაზრდების მომზადებასა და დესტრუქციულ პროცესებში ჩართვის მიზნით.

ხსენებული პირების მიერ განიხილება მოვლენათა განვითარების რამდენიმე სცენარი, რომელიც მოიცავს ეგრეთ წოდებული კარვების ქალაქის მოწყობას, საქართველოში ცენტრალურ გამზირებსა და სტრატეგიულ ობიექტებთან ბარიკადების აღმართვას, სამთავრობო შენობების დაკავება-ბარიკადირებასა და ასევე სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს, რომლებიც შეიცავენ მძიმე პროვოკაციის ელემენტებს. კერძოდ, დადასტურებულად ცნობილია, რომ ორგანიზატორების მიერ განიხილება საქართველოში 2014 წელს უკრაინაში გამართული „ევრომაიდნის" მსგავსი სცენარის განხორციელება", - აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×