რეზონანსი
29.09.2023

ნავთობპროდუქტების იმპორტი შეიძლება სხვა ნებისმიერი ქვეყნიდან განხორციელდეს - უსაფრთხოების მიმართულებით პრობლემა არ არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა კვლევის შედეგებს, რომ საქართველო რუსეთზე ეკონომიკურად კიდევ უფრო დამოკიდებული ხდება და „6 თვეში რუსეთიდან ყველაზე მეტად ნავთობპროდუქტების იმპორტი გაიზარდა".

როგორც მინისტრმა განმარტა, ბენზინი და დიზელი არ არის ის პროდუქტები, რომ მათი სხვა ბაზრებზე გადართვა პრობლემას წარმოადგენდეს იმ შემთხვევაში, თუ ფასი მისაღები არ იქნება.

„იმპორტის ზრდა დამოკიდებულია იმ ეკონომიკურ რიცხვებზე, რაც ბიზნესისთვის მისაღებია. აქამდე ბიზნესს შემოჰქონდა ნავთობპროდუქტები საქართველოსთვის, რადგან მათთვის ფასი ბევრად უფრო მისაღები იყო, შესაბამისად, მისი უფრო დაბალ ფასში რეალიზაცია ხდებოდა. რაც შეეხება [რუსეთზე] დამოკიდებულების ნაწილს, ბენზინი და დიზელი არ არის ის პროდუქტი, რომ რაიმე პრობლემას წარმოადგენდეს ამ პროდუქტის სხვა ბაზრებზე გადართვა იმ შემთხვევაში, თუ ფასები არ იქნება მისაღები. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რუსეთის ფასები უფრო მაღალია, ვიდრე სხვა ქვეყნებში. ბუნებრივია, ბიზნესი ირჩევს იმ ბაზარს, საიდანაც უფრო იაფადაა შესაძლებელი აღნიშნული პროდუქტების შემოტანა. ამიტომ, უსაფრთხოების კუთხით, საწვავი არაა ის პროდუქტი, რომლის დეფიციტიც შეიძლება შეიქმნას. მისი იმპორტი შეიძლება ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან განხორციელდეს, შესაბამისი ფასით. ამ ნაწილში უსაფრთხოების მიმართულებით პრობლემა არ არსებობს. რომ იყოს ისეთი პროდუქტები, რომლის სხვა ბაზარზე მოძებნაც შეუძლებელია ან რომლის იმპორტიც დიდ ძალისხმევას საჭიროებს, შეიძლება ფიქრი იმაზე, რამდენად უსაფრთხოა ამა თუ იმ ბაზარზე დამოკიდებულება. ამ ნაწილში პრობლემას ვერ ვხედავთ, ახლაც ვხედავთ რა სიტუაცია - როდესაც ფასები გაიზარდა, სხვადასხვა ქვეყნიდან შემოდის",- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" შეფასებით, საქართველო რუსეთზე ეკონომიკურად კიდევ უფრო დამოკიდებული ხდება. უფრო კონკრეტულად, ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, იანვარ-ივნისში საქართველომ რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით და საქონლის ექსპორტით 2 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2022 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელზე 1.6-ჯერ მეტია.

„2023 წლის 6 თვეში რუსეთიდან ყველაზე მეტად ნავთობპროდუქტების იმპორტი გაიზარდა - 75%-ით. რუსეთ-უკრაინის ომამდელ პერიოდთან შედარებით, ნავთობპროდუქტების იმპორტი 5-ჯერ არის გაზრდილი 2023 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან გაზის იმპორტი 119%-ით გაიზარდა. რუსული გაზის წილმა საქართველოს შიდა მოხმარებაში 24% შეადგინა, როცა 2022 წლის იანვარ-ივნისში 11.6% იყო",- ნათქვამია ანგარიშში

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×