რეზონანსი
02.08.2023

ევროკავშირის ანგარიში 2022 წლის ანგარიშია, რომელიც ამბობს, რომ კანონი ფურცელზე კარგია, მაგრამ მისი აღსრულების პრობლემაა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა, რითაც საქართველოს შესახებ ევროკავშირის ანგარიში შეაფასა.

როგორც ბუჩუკურმა „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში" განაცხადა, 2022 წელს ის მიმართულებები, რაც ამ ანგარიშმა სუსტად მიიჩნია, 2023 წელს კიდევ უფრო გაუარესდა.

„საქართველოში ბევრი კანონი კარგად წერია, მაგრამ კანონებში და ფურცელზე რაც წერია, მისი აღსრულება, რომ არ ხდება, ეს არის პრობლემა. ეს არის 2022 წლის ანგარიში და 2023 წელს, ხელისუფლებამ რა გააკეთა? ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიერ სანქცირებული მოსამართლე, ლევან მურუსიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უფრო გააძლიერა.

2022 წელს, ის მიმართულებები, რაც ამ ანგარიშმა სუსტად მიიჩნია, კიდევ უფრო გაუარესდა 2023 წელს", - განაცხადა ბუჩუკურმა.

ბუჩუკურმა, ასევე შეაფასა „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება -„როცა შემოდის რუსეთიდან ადამიანი, დასდევს ჟურნალისტი და კითხვას უსვამს ამ თემაზე, უკვე პროვოკაციაა. სერბეთში რომ ჩავიდნენ, მაგალითად ფრანგი, გერმანელი და ამერიკელი ტურისტები, მათ რომ გაეკიდოს ჟურნალისტი და კითხოს კოსოვოსთან დაკავშირებით, ნახევარზე მეტი გეტყვით, რომ კოსოვო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და არ არის სერბეთის ნაწილი".

ბუჩუკურის თქმით, კობახიძის აღნიშნული განცხადება „მავნებლობაა" და ამ პოზიციონირებას საზოგადოება თვითონ დაარქმევს სახელს.

„ირაკლი კობახიძე, არც გაუნათლებელი და არც უჭკუოა, შესაბამისად, მან ძალიან კარგად იცის, ეს რამხელა მავნებლობაა. კობახიძეს, როგორც ჩანს არ ახსოვს და თავიდან ამოუვარდა, რომ კოსოვო საქართველოს მხრიდან აღიარებული არ არის. სხვათა შორის, ბატონო ირაკლი, როდესაც პარალელებს ავლებ, საქართველოს შემთხვევაში აფხაზეთში, ქართველების ეთნიკური წმენდა მოხდა. კოსოვოში იყო პირიქით, ალბანელების ეთნიკური წმენდა. ამ პოზიციონირებას საზოგადოება თვითონ დაარქმევს სახელს", - განაცხადა ბუჩუკურმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×