რეზონანსი
30.07.2023

როინ შავაძემ ძალიან დიდი ძალისხმევა გასწია იმისთვის, რომ დაჭრილი ჯარისკაცები გადაერჩინა და გამოეყვანა ბრძოლის ველიდან და ღალატის დაბრალება მისთვის არის სამარცხვინო საქციელი, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა ოღონდ თავიანთი დანაშაულები გაამართლონ, ყველაფერზე წამსვლელები არიან.

„როინ შავაძის საზარელი მკვლელობის მეორე დღიდან, მის მეუღლეზე, ციცინო შავაძეზე დაიწყო მუქარა - თუ არ გაჩუმდები, სახალხო დამცველთან მიხვალ, გამოძიებას მოითხოვ, მაშინ გავავრცელებთ ხმას და დავაბრალებთ, რომ შენი ქმარი იყო მოღალატე და შენს შვილებს მოუწევთ მოღალატე მამის სახელისა და იარლიყის ტარება მთელი ცხოვრების განმავლობაში.

ბუნებრივია, ციცინო შავაძე არ გაჩერდა, თუმცა ისეთი მუქარები იყო, რომ ჩვენ სახალხო დამცველის წარმომადგენლები და მისი ადვოკატი იძულებულები ვიყავით, მორიგეობა დაგვეწესებინა მის სახლში და თვეების განმავლობაში ხან მისი ადვოკატი რჩებოდა, ხან სახალხო დამცვლის წარმომადგენლები რჩებოდნენ, რომ დაგვეცვა ეს ოჯახი ზეწოლისა და მუქარებისგან, რომელიც მათ მიმართ იყო. ეს იყო უმძიმესი დანაშაული სახელმწიფოს მხრიდან. თუმცა, კიდევ დიდი უბედურებაა, როდესაც დღეს მოქმედი თუ ყოფილი „ნაცები" ცდილობენ მათი დანაშაულების გამართლებას. ამის მკაფიო დადასტურება იყო ის განცხადება, რომელიც დავით დარჩიაშვილმა გამოაქვეყნა და რომელსაც ძალიან ბევრი მოწონება ჰქონდა „ნაცების" მხრიდან, თითქოს, როინ შავაძე მოღალატე იყო და მოღალატეს სწორედ ასე უნდა მოექცეს ადამიანი. სამწუხაროა, რომ 15 წლის შემდეგაც ამ იარლიყის გაცოცხლებას ცდილობენ.

ჯერ ერთი, როინ შავაძე რომ მოღალატე იყო არ დასტურდება არანაირად, პირიქით მას ჰქონდა მიღებული ორდენები სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის. არსებობს ცნობები - მან ძალიან ბევრი ძალისხმევა გასწია იმისთვის, რომ დაჭრილი ჯარისკაცები გადაერჩინა და გამოეყვანა ბრძოლის ველიდან და ღალატის დაბრალება მისთვის არის სამარცხვინო საქციელი.

მეორე, სწორედ ამ განცხადებიდან და მისი მოწონებებიდან ჩანს „ნაცმოძრაობის" სახე. მათთვის ადამიანების უფლებები, წამების აკრძალვა, სიცოცხლის უფლება, სამართლიანი სასამართლოს უფლება - ეს არაფერს არ ნიშნავს. ისინი რჩებიან, ისევ იქ სადაც იყვნენ, რომ ადამიანები აწამონ, ციხეები უნდათ გაავსონ, გაუპატიურონ და აწამონ, უკანონოდ უნდა დახვრიტონ ქუჩაში ის ადამიანები, ვინც არ მოსწონთ და ასეთი ტიპის „მართლმსაჯულება" აღასრულონ. ამით უნდათ, ისევ ხელისუფლებაში მოსვლა. არ იცვლებიან ეს ადამიანები, ეს კიდევ ერთხელ უნდა გავახსენოთ ჩვენს საზოგადოებას.

ძალიან ცუდია, რომ ჩვენი დასავლელი მეგობრები ამას არ და ვერ ხედავენ იმიტომ, რომ არ უნდათ ამის დანახვა. თუმცა, ხალხმა ყველაფერს მისცა შეფასება.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ როინ შავაძესთან დაკავშირებით, მართალია ძალიან გვიან, მაგრამ მართლმსაჯულება აღსრულდა. ბოლომდე ვერა იმიტომ, რომ დამკვეთები არ არიან დასჯილები. ვინ არიან დამკვეთები? - ბუნებრივია, მსგავსი საქმეები მთელი ვერტიკალის გარეშე ვერ ხდებოდა - მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ახალაია, ადეიშვილი, მათ გარეშე, ასეთი საქმეები არ წყდებოდა. სწორედ ესენი არიან დამკვეთები და ადრე თუ გვიან მივა საქმე ამ დამკვეთებამდეც.

„ნაცმოძრაობა" ეს იყო რეჟიმი, რომელშიც ცხოვრობდა საქართველო მთელი 9 წლის განმავლობაში, რომელიც არ უნდა დაბრუნდეს და არც დაბრუნდება", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

დავით დარჩიაშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა: „შავაძის დაღუპვის ამბის ერთი ვერსიაა, რომ 2008 წელს მოკლეს; მეორეა, რომ ქართველთა პოზიციები გასცა, ოღონდ სტრასბურგს ამას ვერ აუხსნი, ყორღანაშვილსაც დაიცავდა".

თბილისის საქალაქო სასამართლომ 29 ივლისს სერჟანტ როინ შავაძის საქმეზე დაკავებულ 10-ვე ბრალდებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ამ საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სიცოცხლის უფლების როგორც პროცედურული, ასევე არსებითი ნაწილის დარღვევა დაადგინა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობისა და სამსახურებრივი უფლება-მოსილების გადამეტების ბრალდებით, სისხლის სამართლებრივი დევნა 10 პირის მიმართ 28 ივლისს დაიწყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×