რეზონანსი
07.07.2023

ნიკა მელიასთან და ნებისმიერ ადამიანთან მზად ვართ სათანამშრომლოდ, ვისაც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ უნდა ბრძოლა და იბრძოლებს - თუ ნიკას აქვს იმის შესაძლებლობა და შესწევს უნარი, რომ პირობითად, რაიმე ახალი გუნდი ჩამოაყალიბოს, ძალიანაც კარგი, ვითანამშრომლებთ მასთან, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში" განაცხადა.

როგორც ხაბეიშვილი აღნიშნავს, ადამიანის გვარს და სახელს მნიშვნელობა არ აქვს და მისთვის ყველა ადამიანი მნიშვნელოვანია, ვინც „ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ იბრძოლებს.

კითხვაზე, უცდია თუ არა პარტიის ყოფილ თავმჯდომარესთან ურთიერთობის დალაგება, ხაბეიშვილი პასუხობს, რომ მისი საქმიანობა არაა, ვინმესთან კულუარული შეხვედრები ჰქონდეს.

„არ არის ეს ჩემი საქმიანობა, რომ ვინმესთან რაღაცა კულუარული შეხვედრები მქონდეს. ნიკა მელიასთან და ნებისმიერ ადამიანთან მზად ვართ სათანამშრომლოდ, ვისაც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ უნდა ბრძოლა და იბრძოლებს. თუ ნიკას აქვს იმის შესაძლებლობა და შესწევს უნარი, რომ პირობითად, რაიმე ახალი გუნდი ჩამოაყალიბოს, ძალიანაც კარგი, ვითანამშრომლებთ მასთან. მან თავად გადაწყვიტა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში" ვეღარ ხედავს მის თავს. ამის იძულება არავის გაუკეთებია. არ ვიცი, ალბათ, მერე საუბარიც შეიძლება სხვადასხვა მაგიდაზეც მოვხვდეთ, იმიტომ რომ ჩვენთვის მიუღებელი ადამიანები არ არსებობს ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლაში", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

რაც შეეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხთან ნიკა მელიას განცხადებას, როგორც ხაბეიშვილი აღნიშნავს, პარტიაში ჩატარებული არჩევნების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობისთვის" მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება პრიორიტეტულია.

„დიახ, „ნაციონალური მოძრაობისთვის", უკანასკნელი თვეებია, რაც არჩევნების შედეგი დადგა, მიშა სააკაშვილის გათავისუფლება არის პრიორიტეტული. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს აქტივობები, იგივე სხვადასხვა ქალაქში, დედაქალაქში, სხვადასხვა რაიონში. 4 თვეა, რაც პარტიის თავმჯდომარე ვარ. გადათვალეთ რამდენი დღე შეიძლება იყოს, 57-ზე მეტი აქტივობა ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას", მათ შორის, მიშა სააკაშვილის თავისუფლების მოთხოვნით. იქნებოდა ეს კანცელარიასთან, პარლამენტთან, იუსტიციის სახლთან... კი, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეს თემა იყოს პრიორიტეტული. მეორე - მე მოვედი იმით, რომ უფრო აქტიური იქნებოდა „ნაციონალური მოძრაობა". თქვენ შეგიძლიათ გადახედოთ ეთერებს, სადაც მე ვამბობდი, რომ ვინმეს დააბრალო ახლა მიშა სააკაშვილის პატიმრობა ოპოზიციაში, ეს იქნება ძალიან ცუდი საქმე. ის რომ უფრო მეტი აქტიურობა შეეძლო „ნაციონალურ მოძრაობას" ამას ვამბობდი და აგერ ფაქტი სახეზეა, ყოველ დღიურ რეჟიმში „ნაციონალური მოძრაობა" აქტიურობს", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ფიქრობს, რომ ნიკა მელიას ახალი პარტიის შექმნის რესურსი რომ ჰქონდა, ალბათ, აქამდე გააკეთებდა.

„კონკრეტული ადამიანები თავად იღებენ თავიანთ პოლიტიკურ ცხოვრებაზე გადაწყვეტილებას. ვერ ხედავს „ნაციონალურ მოძრაობაში" საკუთარ თავს და ფიქრობს, რომ ამ თვეების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის" კრიტიკით უნდა დაკავდეს? ეს მისი კონსტიტუციური უფლებაა. ოღონდ ის თუ ახალ გუნდს გააკეთებს პირობითად... თუ აქვს ამის რესურსი... რომ ჰქონოდა [რესურსი] ალბათ, აქამდე იზამდა", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×