რეზონანსი
26.03.2023

პარტია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა" გააკეთებს ყველაფერს, რათა არა მხოლოდ ახალგაზრდულ ორგანიზაციებში, არამედ სხვადასხვა პარტიასა და მუნიციპალურ ორგანიზაციაში ახალგაზრდები თანამდებობის პირებად დაინიშნონ.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის იდეა მეტი ახალგაზრდისთვის გზის გახსნა იყო და „ნაციონალური მოძრაობა" ამ გზად გააგრძელებს.

„თქვენ გარეშე წარმოუდგენელია, რომ ჩვენი ქვეყანა უფრო ძლიერი, დემოკრატიული, თავისუფალი და წარმატებული იყოს. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომელსაც მე მომავალში ვხედავ არა მხოლოდ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, არამედ პოლიტიკაში. თქვენ აქტიურები უნდა იყოთ. ადგილობრივი თვითმმართველობისა და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში უნდა ჩაერთოთ. კონკრეტულ პოლიტიკურ თანამდებობებზე უნდა იყოთ. როცა მეც ასეთ შეკრებებზე დავდიოდი, ვერ წარმოვიდგენდი, რომ მომავალში ყველაზე ევროპული პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ვიქნებოდი.

მე მინდა მოგცეთ პირობა, რომ გავაკეთებ ყველაფერს, რათა პოლიტიკაში რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა იყოს, ჭკვიანი, პატრიოტი და მებრძოლი ახალგაზრდები.

ბევრს, ალბათ, მუხლები უკანკალებს, როცა გხედავთ. მე მინდა მათ ვუთხრა, რომ სწორად უკანკალებთ მუხლები, რადგან მომავალი თქვენია. „ნაციონალური მოძრაობა" გააკეთებს ყველაფერს, რათა არა მხოლოდ ახალგაზრდულ ორგანიზაციებში, არამედ სხვადასხვა პარტიასა და მუნიციპალურ ორგანიზაციაში თანამდებობის პირები იყოთ.

მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს, პროპაგანდა არ მოგერიოთ! ეს არის რუსული პროპაგანდა, რომელიც ჩვენ შორის ბარიერების გაჩენას ემსახურება. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც იმის მესამედი მაინც გაუკეთებია, რაც „ნაციონალური მოძრაობის" დამფუძნებელ მიხეილ სააკაშვილს და ზოგს მისი სახელის გაგონებისაც ეშინია. პრეზიდენტ სააკაშვილის იდეა მეტი ახალგაზრდისთვის გზის გახსნა იყო და დიახ, „ნაციონალური მოძრაობა" ამას გააგრძელებს", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×