რეზონანსი
16.03.2023

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი აცხადებს, რომ საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიების რუსული ჯარისგან გათავისუფლება უკრაინის საქმე არ არის.

„ეს ქართველებმა უნდა გააკეთონ, ეს მოლდოველებმა უნდა გააკეთონ, თუ მათ მიაჩნიათ, რომ ეს ტერიტორია უშუალოდ მათ ეკუთვნით", - განაცხადა დანილოვმა „რადიო თავისუფლების" უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში.

მას მიაჩნია, რომ ქვეყნები, სადაც რუსეთის ფედერაციას გავლენა აქვს, ვერ განვითარდებიან.

„ამის მაგალითია მოლდოვა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ ამ ტერიტორიას ექნება განვითარების პერსპექტივა, სანამ არ გათავისუფლდება რუსი ოკუპანტისაგან. საქართველოს მაგალითი. 2008 წელს, როდესაც ეს ტერორისტები შევიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, მოახდინეს საქართველოს ნაწილის ოკუპაცია - იგივე სიტუაციაა. ტერიტორია აბსოლუტურად განადგურებულია, არ ვითარდება და არ იქნება განვითარების პერსპექტივა, რადგან არავინ ჩადებს ფულს ისეთ ტერიტორიებში, სადაც ტერიტორიული საკითხი არ არის გარკვეული", - განაცხადა დანილოვმა.

ამასთან მან „უცნაური" უწოდა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების შესახებ მომავალ სამშვიდობო შეთანხმებაში უნდა იყოს საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანის შესახებ პუნქტი.

„მაშინ თქვით, რომ ეს არ არის ჩვენი ტერიტორია, მაგრამ თქვით ეს საჯაროდ, უთხარით მთელ მსოფლიოს. ეს ბიზანტიური სტილი, რომელიც პოლიტიკაში გარკვეულ დრომდე არსებობდა, წარსულს უნდა ჩაბარდეს", - აღნიშნა დანილოვმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×