რეზონანსი
24.02.2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ერთი წლის განმავლობაში რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე ომის პერიოდში ქართული ოპოზიციის ქმედებებს აფასებს და აცხადებს, რომ მათი ქმედებები ანტისახელმწიფოებრივი იყო.

„აბსოლუტურად დესტრუქციული ქმედება იყო და არის რადიკალური, ექსტრემისტული ოპოზიციის მხრიდან. ჩვენ ვნახეთ ომის დაწყების დღიდან მათი ანტისახელმწიფოებრივი, ანტეროვნული, ანტიქართული ქმედება. მათი ინტერესები, სამწუხაროდ, არ ყოფილა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების გატარება. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ქართველი ხალხი ბრძენია. ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის და ხელისუფლების მიერ გატარებულ კურსს, რომელიც უკავშირდება ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობიანობის დამყარებას. მშვიდობის გარეშე, ჩემო მეგობრებო, არ იარსებებს არაფერი. ჩვენი მთავარი საზრუნავი იყო, არის და იქნება მშვიდობის შენარჩუნება, რომელიც არის განვითარების წინაპირობა. ყველა გონიერი მმართველი ყველაფერს გააკეთებს, რომ თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი სირთულე, განსაცდელი, რომელიც ხალხს შეუქმნის პრობლემებს. ერთ-ერთი მთავარი განსაცდელი შეიძლება იყოს ომი, რომელსაც მოაქვს ნგრევა და უბედურება", - აცხადებს ღარიბაშვილი.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ომის განმავლობაში უკრაინამ ძალიან იზარალა.

„ომის განმავლობაში უკრაინამ დაკარგა 20% ტერიტორიების, ათიათასობით ადამიანი გარდაიცვალა და შეუფასებელი ფინანსური ზარალი მიადგა. ამიტომ გვმართებს ქვეყნის მართვა ემოციების გარეშე. უნდა გავაგრძელოთ წინსვლა. ეს არის ჩემი მთავარი გზავნილი. რა თქმა უნდა, ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენთვის უსიამოვნო ფაქტებიც დაფიქსირდა. ბევრ უსამართლობას ჰქონდა ადგილი. მცდელობა იყო ძალიან ბევრი, რომ ე.წ. მეორე ფრონტი გახსნილიყო და გადმოტანილიყო საქართველოშიც. მაგრამ რა თქმა უნდა სწორედ ჩვენი ხელისუფლების გონივრული და ეროვნული პოლიტიკის დამსახურებაა, რომ მეორე ფრონტი და პროვოკაციები თავიდან ავიცილეთ და ყოველთვის დავიცავთ ჩვენი ქვეყნის პოზიციებს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×