რეზონანსი
18.02.2023

გიორგი გახარია იყო პოლიტიკური ფიგურა და მას საკმაოდ დიდი გავლენა ჰქონდა პარტიაზე, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეას" თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა განაცხადა, რითაც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პარტია „საქართველოსთვის" დამფუძნებლის, გიორგი გახარიას განცხადება შეაფასა.

როგორც თინა ხიდაშელი აღნიშნავს, გიორგი გახარიას გუშინდელი განცხადება და მისი ასეთი პოზიციონირება მისასალმებელია.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი გიორგი გახარიას საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნას გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს აპირებდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა.

„ბიძინა ივანიშვილის მის დაწინაურებას ცდილობდა. მაშინ მან ამ შედეგს ვერ მიაღწია. როდესაც გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრი გახდა, იყო მცდელობა, რომ გიორგი გახარია საგარეო საქმეთა მინისტრი გამხდარიყო, მაგრამ საბედნიეროდ, ეს მაშინ არ მოხდა. ამიტომ მე არ მახსოვს, რომ ის ვინმეს დასავლური ღირებულებების ერთგულებაში არწმუნებდა. იმ მომენტში არ იყო ის ვითარება, როდესაც ან ვინმეს ასეთი ტიპის დარწმუნება დასჭირდებოდა, განსაკუთრებით გახარიასგან, ან მას რაიმე ისეთი პოლიტიკური წონა ჰქონდა, რომ ეს შესაძლებელი გამხდარიყო. როგორც ჩანს, ის შემდეგ პერიოდზე საუბრობს, როდესაც დიახ, ის გახდა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა, ის იყო გუნდის ლიდერი. მართლა იყო გუნდის ლიდერი. გახარია არ ყოფილა ფორმალური პრემიერი, როგორც დღევანდელი პრემიერი გვყავს ასეთი მარიონეტი. ის იყო თავისთავად პოლიტიკური ფიგურა და მას საკმაოდ დიდი გავლენა ჰქონდა პარტიაზე. სამწუხაროდ, სწორედ მისი დამსახურებაა იმ კაცის შემობრუნება ქართულ პოლიტიკაში, რომელიც სწორედ იმ ნაბიჯებს დგამს და იმ კატასტროფისკენ მიგვაქანებს, რასაც ევროპისგან დისტანცირება და რუსულ სამყაროსთან ჩახუტება ჰქვია," - განაცხადა თინა ხიდაშელმა გადაცემა „360 გრადუსში" და დასძინა, რომ გიორგი გახარია ძალიან პრაგმატული და რაციონალური ადამიანია და კარგად ხედავს, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანი ევროპაა.

გიორგი გახარიამ პრემიერის პოსტიდან გადადგომიდან ორ წელი შეაფასა და განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების" ძალაუფლების გაძლიერებას მანაც შეუწყო ხელი. მისი თქმით, ეს არის მისი შეცდომა და ვალი ქართველი ხალხის წინაშე და რაც არ უნდა მოხდეს, ამ ვალს დააბრუნებს. ამასთან, როგორც გახარიამ აღნიშნა, დღეს არ არის თავის მართლების დრო, არამედ მოქმედების დროა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×