რეზონანსი
18.02.2023

ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, პირველადი სასურსათო პროდუქტების სადისტრიბუციო კომპანიებისა და ქსელური მარკეტების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. 

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს სასურსათო სამომხმარებლო ბაზარზე არსებული ვითარება. აღინიშნა, რომ ბოლო პერიოდში ლარის კურსის გამყარებისა და პირველადი მოთხოვნილების იმპორტულ სურსათზე ფასების შემცირების მიუხედავად, მარკეტებში მათი ღირებულება თითქმის უცვლელია, რაც განსაკუთრებით უარყოფითად მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად სოციალურად დაუცველ ჯგუფებზე აისახება. მათ შორის, აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ ინფლაციაში ყველაზე დიდი წვლილი სწორედ სურსათზე მოდის.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, მთავრობის ეკონომიკურ გუნდს დაევალა სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც იმუშავებს როგორც დისტრიბუტორებთან, ასევე ქსელური მარკეტების ხელმძღვანელებთან, რათა გონივრულ ვადებში მოხდეს გამოსავლის ძიება შექმნილი ვითარებიდან.

შეხვედრაზე ითქვა, რომ მომხმარებელმა პირველადი დანიშნულების სასურსათო პროდუქტები ხელმისაწვდომ ფასად კონკურენტულ პირობებში უნდა მიიღოს. ამასთან, ეკონომიკის სამინისტრო მოამზადებს კანონპროექტს საცალო ვაჭრობის შესახებ, რომელშიც აისახება შესაბამისი ევროდირექტივის მოთხოვნები. კანონპროექტის განხილვის პროცესში ბიზნესი აქტიურად ჩაერთვება.

შეხვედრამ დისკუსიის რეჟიმში ჩაიარა. სამუშაო შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მომზადდება კონკრეტული სამოქმედო გეგმა ცალკეული დასახელების პირველადი მოთხოვნილების სასურსათო პროდუქტებთან მიმართებაში, რომელთა მიმართაც მოხდება შეთანხმება მთავრობას, დისტრიბუტორებსა და მარკეტებს შორის. ბიზნესთან კონსულტაციის პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან კონკურენციის ეროვნული სააგენტო და შემოსავლების სამსახური.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×