რეზონანსი
31.01.2023

„ნაციონალური მოძრაობის" შიდაპარტიულ არჩევნებში ჩვენ ვნახეთ წარსული მმართველობის დაბრუნების მეთოდები. პარტია „ლელო", მათთან თანამშრომლობის რესურსს ვეღარ ხედავს, - ამის შესახებ პარლამენტში, „ლელოს" დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

როგორც მან „პალიტრანიუსის" გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში" აღნიშნა, არა მხოლოდ სახელები და გვარები, არამედ თავად მმართველობის შინაარსი უნდა შეიცვალოს იმისთვის, რომ ოპოზიციამ „ქართულ ოცნებასთან" უთანასწორო ბრძოლაში გაიმარჯვოს.

„ბოლო წლების გამავლობაში „ნაციონალური მოძრაობდა" ამჟღავნებდა სურვილს, რომ გახსნილი და უფრო მეტად მომავალზე ორიენტირებული ყოფილიყო. მიუხედავად ამისა, მას შემდეგ, როგორც წარიმართა თავმჯდომარეობის არჩევნები და როგორც დასრულდა, ჩვენ, პარტია „ლელო", მათთან თანამშრომლობის რესურსს ვეღარ ვხედავთ.

დღეს უამრავი იურისტი და უფლებადამცველი გეტყვით, რომ რადგან საქართველოში სასამართლო არ არის დამოუკიდებელი და სახელმწიფო დემოკრატიულ პრინციპებზე დაყრდნობით არ ფუნქციონირებს, ფაქტობრივად, იურისტები ვერ ასრულებენ პროფესიულ მოვალეობას. ამის გამო, ჩემთვის პოლიტიკა ჩემი ხედვებისა და ღირებულებების განხორციელებისთვის, აუცილებელი პლატფორმაა. კოალიცია პარტიებს შორის იყო ინსტრუმენტი, იმისთვის, რომ ეს ხედვები განგვეხორციელებინა. კოალიციაში ყოფნა მარტივი არასოდეს არ არის, მაგრამ ზოგჯერ, როგორც სწორი სისტემური გამოსავალი, ისე ისახება. „ნაციონალური მოძრაობის" შიდაპარტიულ არჩევნებში ჩვენ ვნახეთ წარსული მმართველობის დაბრუნების მეთოდები. თუ მე კოალიცია საკუთარი ხედვების განხორციელებაში ხელს შემიშლის, მაშინ უბრალოდ გაერთიანება საკმარისი არ არის. უფრო მეტის ამბიცია გვაქვს მეც და „ლელოსაც". ჩვენ ვთვლით, რომ სახელები და გვარები კი არა, შინაარსი უნდა შევცვალოთ, ეს იქნება რეალური გამოსავალი.

დღეს, როდესაც ოპოზიცია უთანასწორო ბრძოლაშია „ქართულ ოცნებასთან", მას მხოლოდ უკიდურესად ძლიერი დისციპლინითა და ეთიკით შეიძლება მოუგოს, ამიტომ ჯერ უნდა გაძლიერდე, როგორც პარტია და „ლელო" ამ პროცესშია", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ასევე, გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში" მან ისაუბრა გელათის მონასტრის რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

როგორც ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, გელათი „ქართული ოცნებისთვის" საცდელ პოლიგონად იქცა.

მისივე თქმით, არაერთ დასკვნაში წერია, რომ გელათის შემთხვევა არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია რესტავრაციას, ძეგლი დააზიანოს.

„მე არ მგონია, რომ არსებობს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად, არ აღელვებს ის, რაც დღეს გელათში ხდება. გელათს ვკარგავთ და თუ ასე გაგრძელდება, დანაკარგი, რომელსაც მივიღებთ, გაცილებით მასშტაბური იქნება. ეს მეცნიერების დასკვნაა. გელათი „ქართული ოცნებისთვის" საცდელ პოლიგონად იქცა. შეუძლებელია, ეს დაზიანებები ისე შეფასდეს, როგორც შეცდომა, ეს მიზანმიმართული ქმედებაა. რა თქმა უნდა, სარეაბილიტაციო სამუშაოებზე სახელმწიფოს მიერ ტენდერით შერჩეული კომპანიები მუშაობენ. კომპანიის კვალიფიციურობის შემოწმება და მისი საქმიანობის კონტროლი უშუალოდ კულტურის სამინისტროსა და მინისტრის პასუხისმგებლობაა. არაერთ დასკვნაში წერია, რომ გელათის შემთხვევა არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია რესტავრაციას, ძეგლი დააზიანოს.

კითხვას, რატომ უნდა მონდომებოდა ვინმეს გელათის მიზანმიმართულად დაზიანება, კითხვითვე ვუპასუხებ: როდესაც ხელის გულზე გიდევს დასკვნა, რომ რასაც აკეთებ დანაშაულია, მაგრამ სპეციალისტებს არ უსმენ და მალავ დოკუმენტაციას, რა მოტივაცია გაქვს? რა არის მოტივაცია იმისა, რომ არ მოუსმინო მეცნიერებს და თვითნებურად დაიწყო ძეგლის რეაბილიტაცია?", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×