რეზონანსი
25.01.2023

პოლიციამ თაღლითობის ბრალდებით 48 წლის ქალი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ლია ვაჩაძე აბიტურიენტების ოჯახებს ატყუებდა, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში ერთ-ერთი ფაკულტეტის დეკანი იყო და შეეძლო, ეროვნული გამოცდების გვერდის ავლით, უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვა. ის რეგიონებში მცხოვრებ სტუდენტებს თბილისში ბინით უზრუნველყოფასაც ჰპირდებოდა.

საქმეში პროკურატურა მას შემდეგ ჩაერთო, რაც დაზარალებულებმა აღმოაჩინეს, რომ მსგავსი ვინაობით ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთოდ არავინ მუშაობდა. "კურიერთან" საუბრისას დაზარალებულები ჰყვებიან, რომ მეტი დამაჯერებლობისთვის, ლია ვაჩაძე აბიტურიენტებს ონლაინგაკვეთილებსაც უტარებდა.

თავად ბრალდებულს ჩვენება ჯერ არ მიუცია, თუმცა გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზადაა. როგორც ადვოკატი "კურიერთან" ამბობს, დაკავებული შოკურ მდგომარეობაშია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაკითხვის საშუალებას არ იძლევა. ბრალდებულის ინტერესების დამცველი არ უარყოფს, რომ გამოძიების მასალებში საუბარია, დაახლოებით, 120 ათასი ლარის თაღლითურად დაუფლებაზე. სავარაუდო დანაშაული 2019 წლიდან 2022 წლამდე პერიოდს მოიცავს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თაღლითობაში ბრალდებულ ქალს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. თვითმარქვია დეკანის წინააღმდეგ პროკურატურაში უკვე 10 საჩივარი დევს, თუმცა გამოძიება დაზარალებულთა წრის გაფართოებას არ გამორიცხავს.

თაღლითობაში ბრალდებული ახლა პენიტენციურ დაწესებულებაშია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას ციხეში, მინიმუმ, ექვსი წლის გატარება მოუწევს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×