რეზონანსი
20.01.2023

შუაღამისას ამ ადამიანმა თავისი სახლიდან მოიზიდა ეს ათი ადამიანი და ფაქტობრივად გაანადგურა. საგანგებო მდგომარეობებისთვისაც არა ვართ მომზადებული, - ამის შესახებ გენერალმა გიორგი სურმავამ „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში" საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიაზე საუბრისას განაცხადა.

გიორგი სურმავას თქმით, მსგავსი ვითარებებისთვის საზოგადოების მოუმზადებლობაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ადამიანები თავის გადარჩენის ნაცვლად სხვადასხვა მიზეზებით დანაშაულის ადგილისკენ მიდიოდნენ.

„აღმოჩნდა, რომ ჩვენ, საზოგადოება მზად არ ვართ ამისთვის. შუაღამისას, პატარა ქალაქში, საგარეჯოში, ხუთს კლავს და ხუთს აზიანებს. არა მგონია სნაიპერი ყოფილიყო, ჩვეულებრივი იარაღია კალაშნიკოვი, მანძილები იყო დაახლოებით 50-100 მეტრი. ეს ხომ არ შევარდა სადაც ხალხი იყო, ხალხი თვითონ წამოეგო ასე გამოვიდა, მესმის ზოგი გადასარჩენად მიდიოდა. თან გარდაცვლილი გმირებიც არ არის საჭირო, ჯობია გმირობა არ ჩავიდინოთ და ცოცხლები დავრჩეთ. არ ვაკნინებ იმ ადამიანებს, ვინ დასახმარებლად მივიდა, მაგრამ ფაქტია, რომ შუაღამისას ამ ადამიანმა თავისი სახლიდან მოიზიდა ეს ათი ადამიანი და ფაქტობრივად გაანადგურა სახლიდან გაუსვლელად. ზოგი ცნობისმოყვარეა, ზოგი გარბოდა პირდაპირ სროლის დირექტრისაზე და არა გვერდებზე, მომზადებული არ ვართ, საგანგებო მდგომარეობებისთვისაც არა ვართ მომზადებული", - განაცხადა გიორგი სურმავამ.

გიორგი სურმავას თქმით, არ ეთანხმება გავრცელებული აზრს, რომ შესაძლოა, დამნაშავეს პოსტკონფლიქტური სინდრომი სჭირდეს.

„რატომღაც ხდება აქცენტირება იმაზე, რომ ეს არის პოსტკონფლიქტური სინდრომის შედეგი, მაგრამ მე ასე არ მგონია. მისია გაიარა 30 ათასზე მეტმა ადამიანმა საქართველოდან, ომში და საომარ მოქმედებებში კიდევ უფრო მეტმა ჯარისკაცმა და რეზერვისტმა მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ასეთი შემთხვევა არ გვქონია. მერე მეორე, შეუძლებელია, რომ ამხელა არსენალი ჯარიდან შეუმჩნევლად გამოიტანო, რადგან ჯარისკაცის დაკარგვაზე მეტი პასუხისმგებლობა ოფიცერს იარაღის დაკარგვაზე ეკისრება, ამიტომ შეუძლებელია, ძალიან დაბალია ამის ალბათობაც. ის ვერსია შესაძლებელია განაწყენებული ხომ არ იყო, მაგრამ რაზე უნდა ყოფილიყო განაწყენებული? ოფიცერი არ იყო, დაუმთავრდა კონტრაქტი და წავიდა", - განაცხადა გიორგი სურმავამ.

ცნობისთვის, საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელი, 4 კი იმ კორპუსის მცხოვრებია, სადაც ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი გახსნა.

ამასთან, გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმე გასროლა 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა. განახორციელა.

მათივე ცნობით, აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×