რეზონანსი
06.01.2023

მივა თუ არა პოლიციაში გამოკითხვაზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ცემის ფაქტზე ვანო მერაბიშვილი გამოძიებასთან ამ დრომდე არ თანამშრომლობს.

უკვე გამოიკითხა გიორგი შარაშიძე, რომელმაც ფიზიკური ძალადობის ფაქტი დაადასტურა. სწორედ ამის შემდეგ დაიბარეს ის პოლიციის განყოფილებაში.

გია გაჩეჩილაძის (უცნობის) სიძემ საჯაროდ აღიარა, რომ ვაკეში მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ფიზიკურად გაუსწორდა. ახლა ვანო მერაბიშვილზეა დამოკიდებული, როგორ წარიმართება გამოძიება.

გიორგი შარაშიძის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის აგრესიული რეაქცია გამოწვეული იყო მერაბიშვილის მხრიდან ბუტა რობაქიძეზე აგდებული ტონით საუბრით.

„ჯერ მიამსგავსა, შემდეგ დასაზუსტებლად ჰკითხა ვანო ხარ მერაბიშვილიო?! მე ვარ ბუტა რობაქიძის მეგობარი, ხომ გახსოვს ბუტა რობაქიძე. როგორც თვითონ ამბობს, გიორგის აინტერესებდა მისი რეაქცია, რამდენად გამოხატავდა სინანულს, ან რამდენად აგდებულად უპასუხებდა. გამოვიდა, რომ მან უპასუხა აგდებულად და თქვა, რომ რაღა დროს ბუტა რობაქიძეაო.

სწორედ ამან გამოიწვია მისი მდგომარეობიდან გამოსვლა და ხელის მოქნევა. სულ 2-3 ხელის მოქნევა იყო და შემდეგ წიხლის მოქნევა. თუ ადამიანს არც ერთი ის ხარისხის დაზიანება არ აღენიშნება, რასაც მუხლები ითვალისწინებს, მაშინ, ასეთ შემთხვევაში, როგორ შეიძლება ბრალის წაყენება.

როდესაც სასამართლო გაიმართება და მოვა ე.წ. დაზარალებულად ცნობილი ვანო მერაბიშვილი და იქ იტყვის, არა ბატონო, იყო რაღაც ინციდენტი, შეხლა-შემოხლა, თუნდაც ხელის მოქნევა, მაგრამ მე არ მაქვს არანაირი დაზიანება და არც ფიზიკური ტკივილი განმიცდია, რა თქმა უნდა, მოსამართლე ვალდებული იქნება გამამართლებელი განაჩენი გამოიტანოს. რა პოზიციას დაიკავებს ვანო მერაბიშვილი, იმაზეა დამოკიდებული, როგორ გაგრძელდება ეს საქმე, ან გაგრძელდება თუ არა", - აცხადებს გელა ნიკოლაიშვილი.

ცნობისთვის, გია გაჩეჩილაძის (უცნობი) სიძე, გიორგი შარაშიძე ადასტურებს, რომ მასსა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ვანო მერაბიშვილს შორის დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცველებმა ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. საგამოძიებო უწყებაში უკვე გამოიკითხა შარაშიძე, თავად მერაბიშვილი კი საგამოძიებო ორგანოში ჯერჯერობით არ გამოცხადებულა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×