რეზონანსი
01.12.2022

საკანთან ფსიქოლოგიური შეუგუებლობის გამო არ შეიძლება ადამიანები თავისუფლდებოდნენ - ტოქსიკოლოგიური კვლევა საქართველოში ჩატარებადია, სააკაშვილმა მასზე უარი თქვა, - ასე ეხმიანება ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ჟურნალისტებთან ცენტრ "ემპათიას" დასკვნას.

სარჯველაძე აცხადებს, რომ 10 დიაგნოზი და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა საკმარისი არ არის სააკაშვილის უცხოეთში გადასაყვანად.

"ფილოსოფიურადაც შეგვიძლია შევხედოთ ამ საკითხს, არსებობს საკმარისი და აუცილებელი წინაპირობა დასკვნის გაკეთებისთვის. დასკვნის სახით მოთხოვნაა წამოყენებული, რომ გადაიყვანონ უცხოეთში, მაგრამ კმარა კი ამისთვის იმის თქმა, რომ ათი დიაგნოზი აქვს დასმული, ან ის, რომ მძიმეა ჯანმრთელობის მდგომარეობა? ვფიქრობ, ეს საკმარისი არ არის. ამ ხნის განმავლობაში ყველასთვის გასაგები გახდა, რომ აუცილებელია ითქვას, რა დიაგნოზია და უნდა დასაბუთდეს, რომ ამ დიაგნოზის მკურნალობის შესაძლებლობა საქართველოში არ არის. ამ შემთხვევაშიც, ფორმალურად რა როგორ დალაგდება კიდევ სხვა საკითხია, მაგრამ ვერავინ ამბობს, რომ ეს არის დიაგნოზი, რომლის მკურნალობაც შეუძლებელია საქართველოში,"- განაცხადა სარჯველაძემ.

რაც შეეხება ტოქსიკოლოგიური კვლევის საჭიროებას, რომელზეც დასკვნაში წერია, რომ ამის გარეშე მოსალოდნელია კომა და სიკვდილი, სარჯველაძე აცხადებს, რომ ტოქსიკოლოგიური კვლევის ჩატარება საქართველოში შესაძლებელია.

"გახსოვთ, ხომ სააკაშვილმა რომ ტოქსიკოლოგიურ კვლევაზე უარი განაცხადა? რატომ თვლით, რომ საქართველოში შეუძლებელია ტოქსიკოლოგიური კვლევის ჩატარება? დასკვნაში ეს წერია? არ არის ეს ასე. ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოში ტოქსიკოლოგიური კვლევა ჩატარებადია,"- განაცხადა სარჯველაძემ.

კითხვაზე, თუკი მკურნალობა საქართველოში შესაძლებელია, მაშინ რატომ უარესდება ყოველდღიურად მისი მდგომარეობა, სარჯველაძე აცხადებს, რომ ეს პატიმრობასთან შეუგუებლობის გამო ხდება, თუმცა, ამ მიზეზით პატიმრები არ თავისუფლდებიან.

"არის ეს ახსნილი და სხვათაშორის მისივე ექსპერტების მიერ, ვინც მის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავენ, ამბობენ, რომ ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს - საკანთან შეუგუებლობა, მაგრამ ამის გამო, არც ერთ ცივილიზაციაში პატიმრები არ თავისუფლდებიან, ფსიქოლოგიური შეუგუებლობის გამო არ შეიძლება ადამიანები თავისუფლდებოდნენ საკნიდან,"- განაცხადა სარჯველაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×