რეზონანსი
20.10.2022

ევროპულ ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს უსაფრთხოების, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის წარმატებით განხორციელებისთვის, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის" ფორმატში უსმენენ.

საგარეო საქმეთა მინისტრმა, „მინისტრის საათის" ფორმატის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას ვრცლად ისაუბრა საქართველოსა და ევროპის ქვეყნებს შორის ორმხრივ თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე.

მისი განცხადებით, მიმდინარე წელს საქართველოს ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობა აქტიური დინამიკით იყო გამორჩეული - გაიცვალა არაერთი უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტი, ასევე გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციები ისეთ ქვეყნებთან როგორიცაა ავსტრია, ბელგია, ირლანდია, ლიეტუვა, ნიდერლანდები, რუმინეთი, სლოვაკეთი, ფინეთი, ჩეხეთი, უკრაინა, რაც, მინისტრის შეფასებით, რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მინისტრის თქმით, ევროპის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების მიზნით, აქტიურად იქნა გამოყენებული მრავალმხრივი ფორუმებიც, რომლის ფარგლებშიც შედგა საგარეო უწყების ხელმძღვანელის ორმხრივი შეხვედრები არაერთ ევროპელ კოლეგასთან. ქვეყნის პირველმა დიპლომატმა საქართველო-გერმანიის ურთიერთობებზე საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბერლინში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ფედერალური კანცლერის მიერ საქართველოს ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე გამოხატული დახმარების მზაობა, რაც დარჩიაშვილის თქმით, გერმანიის პოლიტიკური მხარდაჭერის უმნიშვნელოვანესი გზავნილი იყო. ასევე აღინიშნა ბუნდესთაგის 28 აპრილის რეზოლუცია, რომელიც საქართველოს ევროპულ გზაზე მხარდაჭერას ადასტურებს.

ილია დარჩიაშვილის განცხადებით, 2022 წლის პერიოდში ასევე გრძელდებოდა აქტიური ურთიერთობების დინამიკა საფრანგეთთან. აღინიშნა კონტინენტური ევროპის საკითხებში საფრანგეთის პრეზიდენტის დიპლომატიურ მრჩეველთან და სამხრეთ კავკასიაში საფრანგეთის სპეციალურ წარმომადგენელთან საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც გაჟღერდა მკაფიო გზავნილები საფრანგეთის მხრიდან საქართველოს უპირობო მხარდაჭერის თაობაზე, ამასთან ხაზი გაესვა მადრიდში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილისა და ემანუელ მაკრონის შეხვედრის მნიშვნელობას. ევროპის ქვეყნებთან სტრატეგიული თანამშრომლობის ფორმატებზე საუბრისას, მინისტრმა აღნიშნა ქართულ-გერმანულ-ფრანგული სამკუთხედის ფარგლებში, თბილისში გამართული სამმხრივი კონსულტაციების მორიგი რაუნდის მნიშვნელობა გერმანიის დიდი შვიდეულის თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსისა და საფრანგეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის გათვალისწინებით. ასევე ყურადღება გამახვილდა გაერთიანებულ სამეფოსთან უორდროპის სტრატეგიული დიალოგის და საფრანგეთთან "დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის" გააქტიურების მნიშვნელობაზე. სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა აღნიშნა საქართველო-იტალიის მაღალი დონის დიალოგის დაფუძნების მნიშვნელობაც, რომლის გადაწყვეტილებაც იტალიელ კოლეგასთან შეხვედრის დროს იქნა მიღებული.

მინისტრმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა გააქტიურებული ურთიერთობები ავსტრიულ მხარესთან. ამ კონტექსტში აღინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი ავსტრიის რესპუბლიკაში. საქართველო- ირლანდიის ურთიერთობებზე საუბრისას, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ ირლანდიასთან მზარდი თანამშრომლობისა და საქართველოს მხარდაჭერის კონსოლიდაციის კიდევ ერთი დადასტურება იყო ქვეყნის სენატის მიერ მიღებული მორიგი რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს ევროკავშირს, მიანიჭოს საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს,რომ 2022 წელს გააქტიურდა თანამშრომლობა ნორდიკული რეგიონის ქვეყნებთანაც. ამ კონტექსტში აღინიშნა თბილისში დანიისა და ნორვეგიის საელჩოების გახსნის მნიშვნელობა. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება ასევე გაამახვილა აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებთან, ვიშეგრადისა და და ბალტიის ქვეყნებთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების შემდგომ განმტკიცებაზე. აღინიშნა მიმდინარე წელს პოლონეთის პრემიერ-მინისტრის და საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში, ისევე როგორც პრემიერ-მინისტრის ვიზიტი პოლონეთში, უკრაინის დონორთა კონფერენციაში მონაწილეობის ფარგლებში.

მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ წელს მნიშვნელოვნად გააქტიურდა დიალოგი და მაღალი დონის კონტაქტები ჩეხეთთან, რომელიც წელს ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა. ამ კუთხით ხაზი გაესვა 2022 წელს საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტებს ჩეხეთის რესპუბლიკაში. მინისტრის თქმით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა შავი ზღვის რეგიონმა არა მხოლოდ მისი უსაფრთხოების, არამედ სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალის სრულად ათვისების თვალსაზრისით. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა რუმინეთთან ორმხრივი ურთიერთობების მზარდ დინამიკას და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს ბუქარესტში, რომლის ფარგლებშიც საქართველოსა და რუმინეთს შორის გაფორმდა სტრატეგიული პარტნიორობის დამფუძნებელი დეკლარაცია. ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესისა და საერთო გამოწვევების გათვალისწინებით, 2022 წელს გააქტიურდა თანამშრომლობა ბალკანეთის ქვეყნებთანაც, მათ შორის მინისტრის მოადგილეების ვიზიტების გააქტიურების და ამ ქვეყნებთან რეგულარული დიალოგის წარმართვის თვალსაზრისით.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×