რეზონანსი
09.10.2022

ბიძინა ივანიშვილის დიდმა ფულმა ძალიან ბევრი ადამიანი ჩაითრია ცდუნებების მორევში - ფული და კომფორტი,- ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის" ლიდერმა ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის" გადაცემა „პოლიტ ქალაქში" განაცხადა, სადაც „ქართული ოცნებიდან" გასულ დეპუტატებზე ისაუბრა.

როგორც ბესელია აღნიშნავს, სოზარ სუბარის პრინციპულობა მისთვის იქ დამთავრდა, როდესაც იმ თემაზე დახუჭა თვალი, რომელიც ფუნდამენტური საკითხი იყო.

„ყველაზე დიდი კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც სასამართლო რეფორმის მეოთხე ეტაპი დავიწყე. ეს პროცესი რომ შეაჩერა ჩემმა ყოფილმა პარტიამ, მაშინ გამოჩნდა, ვინ რა ღირებულებას იცავდა. მაშინ მახსოვს სოზარის კომენტარი, მან გაამართლა წინა რეჟიმის მოსამართლეების უვადოდ არჩევა. მისი კომენტარები უკვე იყო შეგუება იმ სისტემასთან, რა სისტემაც ჩემმა ყოფილმა პარტიამ გადმოიბარა. სოზარის პრინციპულობა ჩემთვის იქ დამთავრდა, როდესაც იმ თემაზე დახუჭა თვალი, რომელიც ფუნდამენტური საკითხი იყო. ადამიანის გამოცდა ხდება კრიტიკული ეტაპის დროს. მისი უკან დახევა იყო მისთვის ალბათ, ტრაგიკული მომენტი.

ძალიან ცუდი რამ მოხდა, რაც სოზარ სუბარის შემთხვევას და სხვასაც ეხება ვისზეც შეიძლება გული დამწყვეტოდა, როგორც თანამებრძოლსა და კოლეგაზე. ივანიშვილის დიდმა ფულმა ძალიან ბევრი ადამიანი ჩაითრია ცდუნებების მორევში - ფული და კომფორტი...",- აღნიშნავს ეკა ბესელია.

მან ოპოზიციურ სპექტრზეც ისაუბრა.

როგორც ეკა ბესელია განმარტავს, ცოტაა ისეთი, ვინც არ გაიყიდა და თავის პრინციპებს მიყვება. მისივე თქმით, მომავალი არჩევნებისთვის ნამდვილად იქნება ახალი ალტერნატივა.

„ ჩვენ, ვინც ვერ გვიყიდა ვერც ბიძინა ივანიშვილმა და მიხეილ სააკაშვილმა და ვერავინ (ასეთი, სამწუხაროდ ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი არ დარჩა), არ გვაქვს ის ფინანსური რესურსი, რომ მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესი შევქმნათ. ამას სჭირდება ძალების გაერთიანება. ცოტაა ისეთი, ვინც არ გაიყიდა და ამ პროცესში თავის პრინციპებს მიყვება, მათ შორის ოპოზიციიდან. მომავალი არჩევნებისთვის ნამდვილად იქნება ახალი ალტერნატივა, ვინ და როდის ნუ მკითხავთ. ვიცი, რომ იქნება. ალტერნატივები იქნება საჭირო და გაჩნდება", - აღნიშნავს ბესელია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×