რეზონანსი
27.09.2022

მგონია, რომ ჩვენ ყველანი ერთად მოვესწრებით იმ დღეს, როდესაც სოხუმში ერთად ვიზეიმებთ საქართველოს გამთლიანებას. შეუძლებელია უკვალოდ ჩაიაროს იმ ათასობით ადამიანის გმირობამ, ვინც თავი დადო ჩვენი სამშობლოსთვის ბრძოლაში. ვიმედოვნებ, რომ ყველანი ერთად მეტს გავაკეთებთ იმისათვის, რომ აფხაზეთი იყოს არა მარტო ჩვენი თაობის, თქვენი თაობის, არამედ ჩვენი მომდევნო თაობის მთავარი საფიქრალი და მთავარი სატკივარი, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან იოსელიანმა სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ ღონისძიებაზე.

როგორც ლევან იოსელიანმა განაცხადა, ყველანი ერთად ისეთი ქვეყნას ააშენებენ, რომლის შემადგენლობაში თავის ადგილს დაიმკვიდრებს აფხაზეთიც და სამაჩაბლოც.

„მთავარი, რაზეც მინდა ყურადღება გავამახვილო და რაც ჩემმა კოლეგებმაც თქვეს და სრულიად ვიზიარებ - ჩვენ აფხაზეთი გვინდა იმდენად, რამდენადაც გვინდა აფხაზი ხალხი, ამ ხალხთან თანაცხოვრება. ჩვენ აღარ უნდა დავუშვათ, არც ჩემმა თაობამ, არც ჩემმა მომდევნო თაობამ შეცდომა, რომელიც ერთხელ უკვე დავუშვით და დავუპირისპირდით ერთმანეთს იარაღით და ოცდაათი წელი გავიდა და ამ ჭრილობების მოშუშება დღემდე ძალიან რთულია. ყველაზე მთავარი, რომელიც ჩემი აზრით ყველამ, განსაკუთრებით ჩვენმა შვილებმა უნდა იცოდნენ, არის ის, რომ საკუთარ ძმას იარაღით არ უნდა დაუპირისპირდნენ, იმიტომ რომ მერე ამის გადალახვა, ამის პატიება ძალიან რთულია", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, რომ 27 სექტემბერს ქართველებთან ერთად, რომლებიც სოხუმში იბრძოდნენ, აფხაზებიც დაეცნენ. „დაეცნენ იმიტომ, რომ ამ ბრძოლაში ჩვენმა საერთო მტერმა გაიმარჯვა. ამ ბრძოლაში გაიმარჯვა იმ სახელმწიფომ, რომელიც დღემდე დაკავებულია ჩვენი ქვეყნის ანექსიით და დანაწევრებით. ეს არის მოცემულობა, რომელსაც ესე მყისიერად ვერ შევცვლით, მაგრამ ამას აუცილებლად შევცვლით, თუ აფხაზეთის მიმართ სიყვარულს და იმ ადამიანების გმირობის მაგალითს გადავცემთ ჩვენს შვილებს", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ლევან იოსელიანის თქმით, სამწუხაროდ ახალგაზრდა თაობა დღეს ნაკლებად იცნობს აფხაზეთს და შესაბამისად, ქვეყანაში შესაცვლელია პოლიტიკა ამ მიმართულებით.

„ჩვენდა სამწუხაროდ ჩვენი შვილების თაობაში ძალიან ცოტამ თუ იცის ვინ იყო ჟიული შარტავა, ვინ იყო მამია ალასანია, გურამ გაბისკირია და უამრავი სხვა გმირი, რომელიც მონაწილეობდა და თავი დადო საკუთარი ქვეყნისათვის. სამწუხაროდ, სკოლებში არ ისწავლება ის საარაკო საგმირო მაგალითები, რომელიც ხდებოდა კამანში, შრომაში, გუმისთასთან, სადაც მართლაც შიშველი ხელებით უხდებოდათ ჩვენს მებრძოლებს გამკლავებოდნენ პირდაპირი მნიშვნელობით რუსულ აგრესიას, იმიტომ რომ მაშინაც რუსეთი იყო ის, რომელიც ძირითადად ებრძოდა საქართველოს. გულსატკენია, რომ მოდის თაობა, რომლისთვისაც აფხაზეთი არ არის ისეთი ნაცნობი როგორც, რა თქმა უნდა, ჩვენთვის. დღევანდელი განათლების სისტემისთვის ეს ჩემდა სამწუხაროდ არ არის პრიორიტეტი. სკოლებში არ ხდება ამ საგმირო მაგალითების სწავლება, ამ სულისკვეთების გაღვივება ბავშვებში, რომლებმაც ეს უნდა გადაიბარონ. ეს სიყვარული უნდა გადაიბარონ იმიტომ, რომ ჩვენ აფხაზეთს მაშინ დავკარგავთ, თუ დავკარგავთ მისდამი ხსოვნას. თაობები მიდიან და ახალი თაობა მოდის, მათ უნდა ახსოვდეთ, რომ ეს არის საქართველო, რომელიც მათ უნდა დაიბრუნონ, თუ, რა თქმა უნდა, მანამდე ჩვენ ეს ვერ შევძელით", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×