რეზონანსი
04.08.2022

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის 12 პუნქტზე დიდი ხანია ვლაპარაკობთ და სამუშაო ჯგუფებია შექმნილი, რეალურად არავის უთქვამს, როგორ შეიძლება ამ პუნქტების შესრულება. არ არსებობს რაიმე გზა, როგორ შეიძლება მოვაგვაროთ დეპოლარიზაციის და დეოლიგარქიზაციის საკითხი. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს სამი პუნქტი ამ ყველაზე კრიტიკულ პუნქტებს აგვარებს, - ამის შესახებ „გირჩის" წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ ვინმეს ალტერნატიული და უკეთესი ხედვა აქვს, განხილვა შესაძლებელია.

„დანარჩენი პუნქტების შესრულება ბევრად უფრო მარტივი იქნება, თუ ეს ორი პუნქტი შესრულდა. პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილის საკითხი, თუ ის იქნება გადაყვანილი სხვა ქვეყანაში ეს საბოლოო ჯამში მოახდენს პოლარიზაციას „ნაციონალური მოძრაობიდან" და „ნაციონალური მოძრაობა" შეძლებს, უშუალოდ პოლიტიკური საკითხებით დაკავდეს და ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება სრულფასოვანი გახადოს. ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება მოკლევადიან პერსპექტივაში მოხსნის ოლიგარქიზაციის პრობლემას, რადგან არაფორმალური მმართველობით ჩვენ ევროპაში ვერ შევალთ. ეს ყველაფერი იქნება ამ პრობლემის მოკლევადიანი გადაწყვეტა, ხოლო გრძელვადიანი გადაწყვეტილება არის ბუნებრივი ბარიერი და პროპორციული არჩევნები. როგორც კი ჩატარდება არჩევნები პოლარიზაციის და ოლიგარქიზაციის პრობლემები ბუნებრივად მოიხსნება. ეს ჩვენი გზაა და რა თქმა უნდა მარტივი გზა არ არის. ბევრმა შეიძლება ჩათვალოს, რომ ამ მოცემულობაში არარეალისტურია, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ 12 პუნქტის შესრულება არარეალისტურია. ჩვენ რთულ მდგომარეობაში ვართ და რთული მდგომარეობიდან მარტივი გამოსავალი არ არსებობს. თუ ვინმეს ალტერნატიული და უკეთესი ხედვა აქვს, განვიხილოთ. ჯერჯერობით არანაირი ალტერნატიული პოზიცია არ არის დაფიქსირებული და არც კი ვიცით სხვანაირად, როგორ მოვაგვაროთ ეს რთული პრობლემა", - განაცხადა რაქვიაშვილმა.

ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, „გირჩი" გაემიჯნა უშინაარსო პოლიტიკურ თამაშს.

„ის, რომ ეს განცხადება მმართველ გუნდს და ოპოზიციის ნაწილს არ მოსწონს, ეს ნიშნავს, რომ განცხადება სწორია. ჩვენ ფაქტობრივად გავემიჯნეთ უშინაარსო პოლიტიკურ თამაშს, რომელიც უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს, რომელიც ყველაფერს გულისხმობს გარდა რეალური პრობლემები მოგვარებას და ევროინტეგრაციას. ჩვენ მართლა გვინდა ეს პრობლემები მოვაგვაროთ და გვინდა, რომ ეს 12 პუნქტი შესრულდეს. ვიღაცას შეიძლება, ამის შესრულება არ უნდა და ამიტომ სხვა თემებითაა დაკავებული და სხვა საქმიანობით. ალტერნატიული გზა ამ მომენტისთვის არ არსებობს. მე პირადად საერთოდ არ მაქვს იმედი ჩვენი კოლეგების უმრავლესობის. ბევრი მათგანი საერთოდ არ არის ორიენტირებული ევროინტეგრაციაზე და ერთმანეთთან ჩხუბი უფრო აინტერესებთ ვიდრე რაიმე პრობლემის მოგვარება. ჩვენ პირველ რიგში ჩვენს ამომრჩეველს ველაპარაკებით, რომ მათ დავანახოთ რა არის გამოსავალი. ამ მომენტში ჩვენი განცხადების მთავრი ადრესატი ამომრჩეველია", - განაცხადა რაქვიაშვილმა.

პარლამენტის წევრები ლევან იოსელიანი, იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ალეკო ელისაშვილი, ჰერმან საბო და ალექსანდრე რაქვიაშვილი განცხადებას ავრცელებენ. ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებისა და პოლარიზაციის დასრულების მიზნით, დეპუტატები სამ ნაბიჯს ასახელებენ

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×