რეზონანსი
16.07.2022

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველოში აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი დიალოგის დაწყება რეგიონის მშვიდობასა და უსაფრთხოებას ეხება.

როგორც ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ჯერჯერობით უცნობია რა ფორმატში გაგრძელდება დიალოგი და მოჰყვება თუ არა დღევანდელ შეხვედრას სხვა შეხვედრებიც.

ამასთან, დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი კონკრეტული ხელშესახები შედეგების მომტანი იქნება.

„დღეს განსაკუთრებული დღეა საქართველოში. თბილისი მასპინძლობს ჩვენ ორ მეზობელ ქვეყანას შორის დაწყებულ დიალოგს. პროცესს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, რადგან ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით შევეცდებით უზრუნველვყოთ ჩვენი რეგიონის მშვიდობა და უსაფრთხოება. განსაკუთრებული მადლობა მინდა გამოვხატო ნდობისთვის ჩვენი მეგობრებისადმი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული დიალოგი საქართველოში, თბილისში მიმდინარეობს. თბილისი იყო ყოველთვის ის ადგილი, სადაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღებოდა. ასევე მინდა განსაკუთრებული ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ შარშან დაწყებული დიალოგის ხელშეწყობის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებს შორის, რომელიც კონკრეტული ხელშესახები შედეგებით დასრულდა, ამ პროცესის ლოგიკური გაგრძელებაა დღევანდელი დღე, როდესაც ჩვენი მეზობლები ჩამოვიდნენ საქართველოში და დაიწყეს დიალოგი იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებში გააჩნიათ. ფორმატის გაგრძელებასთან დაკავშირებით დღეს ვერაფერს გეტყვით.

მთავარია და მნიშვნელოვანი ის, რომ დღეს მოხერხდა ჩვენი მეზობელი და ჩვენი კოლეგა საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი დიალოგის დაწყება. დარწმუნებული ვარ ეს პროცესი კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებს მოიტანს. თუკი იქნება პროცესის გაგრძელების საჭიროება, საქართველოს ხელისუფლება როგორც მანამდე, აუცილებლად შეუწყობს ხელს ამ პროცესის გაგრძელებას", - განაცხადა დარჩიაშვილმა და დასძინა, რომ „ეს ვიზიტი საქართველოში იქნება კონკრეტული ხელშესახები შედეგების მომტანი და განამტკიცებს მშვიდობას და სტაბილურობას ჩვენს რეგიონში".

ცნობისთვის, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები თბილისში იმყოფებიან. დელეგაციებს აზერბაიჯანის მხრიდან საგარეო უწყების ხელმძღვანელი ჯეიჰუნ ბაირამოვი, ხოლო სომხეთის მხრიდან ასევე საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი ხელმძღვანელობს. ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრები უკვე გამართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×