რეზონანსი
15.07.2022

მიმაჩნია, რომ რიგგარეშე სესიის მოწვევა არის გამართლებული, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე განკარგულებას უკვე მოაწერა ხელი.

„მინდოდა, ყველასთვის მეცნობებინა, რომ ხელი მოვაწერე განკარგულებას, რომელიც ნიშნავს სესიის მოწვევას. მინდა, საზოგადოებისთვის გასაგები იყოს, რატომ მოვაწერე ხელი. ჯერ ერთი, მინდა, ისიც იყოს ნათელი, რომ არც ბულინგისა და არც ზეწოლის შედეგად არ ვაწერ ხელს. მგონი, ეს ყველამ უკვე კარგად იცის. მოვაწერე ხელი იმიტომ, რომ მიმაჩნია, დღეს ქვეყნის წინაშე ყველაზე დიდი გამოწვევა არის ის 12 რეკომენდაცია, რომელიც მივიღეთ ევროკომისიისგან. ჩვენ ეს უნდა შევასრულოთ ექვს თვეში, თუ შვიდ თვეში, მაგრამ ეს არის ჩვენი დღევანდელი ყველაზე დიდი გამოწვევა. ამდენად, მიმაჩნია, რომ სესიის მოწვევა არის გამართლებული. შესვენება არ არის ახლა გამართლებული, ასევე გამართლებულია კომიტეტები და კომისიები.

მე მოვუწოდებ ყველას, ოპოზიციასაც და ხელისუფლებას, უმრავლესობას, რომ სრულად მიიღონ მონაწილეობა ყველაფერში. ჩვენ ყველა ძალისხმევა უნდა მოვიხმაროთ, რათა ის კანონები, რაც მისაღებია, მივიღოთ დროულად და ყველა ის საკითხი, პირველ რიგში, დეპოლარიზაციის საკითხი, ერთად ყოფნით, დიალოგით და პარლამენტში ყოფნით გადაწყვეტილი იყოს. ეს არის ამ ქვეყნის ერთადერთი პერსპექტივა. ის ევროპული პერსპექტივა, რომელიც მივიღეთ და არავის აქვს უფლება, ამ პერსპექტივიდან, ამ გზიდან გადაგვიყვანოს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×