რეზონანსი
13.07.2022

ქუთაისში მდებარე ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის - „ღია სახლის" ბენეფიციარები და თანამშრომლები დღეს შენობაში მეზობლებმა არ შეუშვეს. ინფორმაციას Batumelebi ავრცელებს.

„რამდენიმე მეზობელთან ერთად ჩვენს ცენტრს - „ღია სახლს" საერთო შესასვლელი ეზო აქვს. დილის ცხრა საათზე იწყება ჩვენი სამუშაო საათები. ცხრას რომ ათი წუთი აკლდა, მოვედით და ჭიშკარი დაკეტილი დაგვხვდა. გარეთ დავრჩით თანამშრომლები, ბენეფიციარი ბავშვებიც და ზრდასრულებიც. ვერც ეზოში შევდიოდით და ვერც შენობაში.

ბევრი ხალხი მოძრაობს ჩვენს ცენტრში და ხშირად აღნიშნავენ მეზობლები, რომ არასასიამოვნოა მათთვის „ასეთი ბავშვების" ყურება. ასე განმარტეს ჩვენთვის ჭიშკრის ჩაკეტვის მიზეზი", - ამბობს „ღია სახლის" თავმჯდომარე ნინო კილაძე დღეს.

როგორც ირკვევა, ცენტრი „ღია სახლი" ფსიქოლოგიურ სერვისებს სთავაზობს შშმ ბავშვებს, ცერებრალური დამბლისა და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს, განვითარების სხვადასხვა ტიპის შეფერხების მქონე ბავშვებს, ზრდასრულებს და ა.შ.

არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გაწეულ მომსახურებაში ბენეფიციარებს თანხის გადახდა არ უწევთ - ცენტრს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო და ქუთაისის მერია აფინანსებს.

ცენტრის თავმჯდომარე ამბობს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის „ღია სახლისთვის", როცა მოსახლეობამ, კერძოდ, მეზობლებმა პრობლემები შეუქმნეს. 4 წლის განმავლობაში ქუთაისში „ღია სახლმა" რამდენიმე შენობა გამოიცვალა, მეზობლები ყველგან უჩიოდნენ ხალხმრავლობას ცენტრში და აპროტესტებდნენ ბავშვების ტირილს.

მისი თქმით, „ღია სახლი" ფსიქოლოგიური დახმარების ერთადერთი ცენტრია ქუთაისში, სადაც ფსიქოლოგიური სერვისების მიღება ერთდროულად შეუძლიათ ზრდასრულებსაც და ბავშვებსაც. ცენტრს 300-ზე მეტი ბენეფიციარი ჰყავს ქუთაისიდან, წყალტუბოდან და ქუთაისთან ახლომდებარე სხვა მუნიციპალიტეტებიდან. ცენტრი ემსახურება ბენეფიციარებს გურიიდან და სამეგრელოდანაც.

ცენტრის თავმჯდომარის თქმით, ინტელექტის შეფასების ინსტრუმენტები იმერეთის რეგიონში მხოლოდ „ღია სახლს" აქვს.

"ბათუმელები"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×